აშშ სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

7 hours ago 4

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 21 აგვისტოს სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაუყოვნებლივ აჩერებს კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სახის სამუშაო ვიზის გაცემას.

„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. მზარდი რაოდენობა უცხოელი მძღოლებისა, რომლებიც მისაბმელიან დიდ სატვირთო მანქანებს მართავენ აშშ-ის გზებზე, საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის სატვირთო მანქანების ამერიკელი მძღოლების საარსებო წყაროს“, – წერს რუბიო.

Effective immediately we are pausing all issuance of worker visas for commercial truck drivers.

The increasing number of foreign drivers operating large tractor-trailer trucks on U.S. roads is endangering American lives and undercutting the livelihoods of American truckers.

— Secretary Marco Rubio (@SecRubio) August 21, 2025

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, კომერციული სატვირთო ავტომობილების მძღოლები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ბრძანება ძალაში 25 ივნისს შევიდა.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ წინა კვირაში განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო ფლორიდის შტატის გზატკეცილზე 12 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი ინდოეთის მოქალაქე იყო, რომელმაც ინგლისური არ იცოდა. ფედერალური ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იგი აშშ-ში არალეგალური გზით შევიდა.

ფლორიდის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, საგზაო შემთხვევაში ბრალდებულ მძღოლს, 28 წლის ჰარჯინდერ სინგჰს, კალიფორნიაში კომერციული მართვის მოწმობა ჰქონდა. ფედერალური რეგულაციები  ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირისთვის კომერციული მართვის მოწმობის აღებას კრძალავს.

კალიფორნიის შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სინგჰს შეზღუდული ვადით „არარეზიდენტის“ კომერციული მართვის მოწმობა 2024 წლის ივლისში მისცეს.  კალიფორნიის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა CNN-ს უთხრა, რომ ლიცენზიის დამტკიცებისას „ფედერალურმა მთავრობამ დაადასტურა ბატონი სინგჰის შეერთებულ შტატებში კანონიერი ყოფნა“.

სინგჰისთვის კალიფორნიის კომერციული მართვის მოწმობის განხილვისა და მინიჭებისას, სატრანსპორტო დეპარტამენტმა დაიცვა ყველა ფედერალური და სახელმწიფო კანონი“, – ნათქვამია კალიფორნიის სატრანსპორტო დეპარტამენტის  განცხადებაში.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა