აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი მკაცრი საიმიგრაციო გადაწყვეტილება გამოაცხადა: მისი თქმით, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება „განუსაზღვრელი ვადით“ შეჩერდება. ტრამპის განცხადება მის სოციალურ პლატფორმაზე – Truth Social-ზე გამოქვეყნდა, რასაც მალევე მოჰყვა ოფიციალური უწყებების განმარტებები.
ტრამპის თქმით, სისტემის „გადატვირთვა“ და „უსაფრთხოების რისკები“ ადმინისტრაციას აძლევს საფუძველს, დროებით შეწყვიტოს იმ ქვეყნებიდან იმიგრანტების მიღება, რომლებიც, მისი ფორმულირებით, „მესამე მსოფლიოს ჯგუფში“ შედიან.
თავად ტრამპი ჯერ არ ასახელებს კონკრეტული ქვეყნების სიას, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს არის ის „დაბალი განვითარების, არამშვიდობიანი და ეკონომიკურად დაუცველი ქვეყნები“, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები Least Developed Countries-ს (LDCs) უწოდებენ.
რა შეიცვლება პრაქტიკაში?
1. მიგრაციის შეჩერება კონკრეტული ქვეყნებიდან
Reuters-ის ინფორმაციით, ადმინისტრაცია გეგმავს იმ ქვეყნების სიის შექმნას, საიდანაც მიგრაცია გარკვეული სახით შეიზღუდება ან მთლიანად გაუქმდება. ტრამპმა განმარტა, რომ ეს შეჩერება იმოქმედებს მანამ, „სანამ სისტემა არასანდო განაცხადებისგან არ გაიწმინდება“.
2. მწვანე ბარათების (Green Card) მიმდინარე საქმეების გადახედვა
Al Jazeera წერს, რომ გახანგრძლივდება უკვე შეტანილი ათასობით განაცხადის შესწავლა – განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბაიდენის დროს მიღებული პროგრამებით ცდილობდა აშშ-ში საცხოვრებლად ჩასვლას.
3. ლტოლვილთა და თავშესაფრის საქმეების დროებითი დაყოვნება
TIME-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ თავშესაფრის (asylum) მოთხოვნების განხილვაც შეაჩერა ვაშინგტონში ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის შემდეგ. ეს შემთხვევა ადმინისტრაციამ „უსაფრთხოების სისტემურ პრობლემას“ დაუკავშირა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 26 ნოემბერს, თავდაცვის და უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში ვაშინგტონის ცენტრში მორიგეობისას, ეროვნული გვარდიის წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 20-წლის სარა ბეკსტრომი გარდაიცვალა, მეორე – ენდრიუ ვულვი – მძიმედ დაშავდა.
დააკავეს თავდამსხმელი, 29 წლის ავღანელი რაჰმანული ლაკანვალი, რომელიც აშშ-ში Operation 2021 წელს ჩავიდა Allies Welcome პროგრამის ფარგლებში და ცოტა ხანში „აზილოს“ სტატუსიც მიიღო.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს asylum-ის პროცედურების და საზღვრის დაცვის პოლიტიკის სისუსტეებს, ამიტომ მიიღეს მეტ-ნაკლებად მკაცრი ზომები – მათ შორის, თავშესაფრის მინიჭების ფაქტობრივი შეჩერება და კონკრეტული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების საგანგებო მოკვლევა/შეფასება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ერთმა შემთხვევამ ადმინისტრაციას საიმიგრაციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებისკენ უბიძგა.
„ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო. ისინი ბაიდენის დახმარებით შემოვიდნენ. ის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ყველაზე უარესი გააკეთა ის, რომ მილიონობით ყველაზე ცუდ ადამიანს უშვებდა ჩვენს ქვეყანაში. შეხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცათ, ჩვენ ამისთვის დიდ ფასს ვიხდით. მათ შორის, ეროვნული გვარდიის ორი შესანიშნავი თანამშრომლის ბოლოდროინდელი მკვლელობისთვის, ამ ცხოველისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ უნდა მიეცათ“, – განაცხადა ტრამპმა.
რა საკანონმდებლო საფუძველზე ხორციელდება შეზღუდვები
ტრამპი ეყრდნობა Immigration and Nationality Act-ის 212(f) მუხლს, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, შეზღუდოს ნებისმიერი ჯგუფის შესვლა ქვეყანაში, თუ ეს „აშშ-ის ინტერესებს ემუქრება“.
ამ მუხლზე დაყრდნობით ტრამპის ადმინისტრაციამ 2017-2020 წლებში არაერთი შეზღუდვა უკვე გამოიყენა („მოგზაურობის აკრძალვა“, სირიისა და ერაყის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვა და სხვა).
იურისტები აღნიშნავენ, რომ 212(f) მუხლი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა მისმა გამოყენება „განუსაზღვრელი ვადით“ შესაძლოა კონსტიტუციური დავები გამოიწვიოს.
კრიტიკა და შეშფოთება
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები
ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის შედეგად:
- ათასობით ოჯახი შეიძლება გაყოფის საფრთხის წინაშე დადგეს;
- დოკუმენტების შესწავლა დადგენელ პერიოდს გასცდება;
- ეს ცვლილებები ყველაზე მძაფრად შეეხებათ თავშესაფრის მაძიებლებს და დაბალშემოსავლიან მიგრანტებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან.
რისკები და შესაძლო შედეგები
- აშშ-ის საკონსულოები და საელჩოები მსოფლიოს მასშტაბით უკვე ელიან განაცხადების მნიშვნელოვან ნაწილზე პასუხის დაყოვნებას.
- საზღვარზე მიგრაციის ნაკადის შემცირება, სავარაუდოდ, დროებითი იქნება, რადგან სპეციალისტების შეფასებით, მსგავს შეზღუდვებს „ალტერნატიული გზების“ გაჩენა მოჰყვება.
- შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სფეროში, შესაძლოა მყისიერად შეიქმნას.
***
ტრამპი ასრულებს საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებას – „საიმიგრაციო სისტემის ნულოვანი რისკის პოლიტიკას“ – და უსაფრთხოების არგუმენტით კვლავ აგრძელებს იმიგრაციის მკვეთრ შეზღუდვას, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ გამოწვევებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ნანა ძნელაძე

25 minutes ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·