აშშ-ში ბრალი წაუყენეს ფირმა Smartmatic-ს, რომლის ტექნოლოგიებითაც ჩატარდა არჩევნები საქართველოში

3 hours ago 4

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „ფილიპინების ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადახდილი“ ერთი მილიონი აშშ დოლარის ქრთამის საქმეზე ბრალი წაუყენეს საერთაშორისო საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია „სმარტმატიკს“.

ეს კომპანია ემსახურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას - მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფდა ცესკოს ელექტრონული აპარატებითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

ბრალდება იმავე საქმეს ეხება, რის გამოც 2024 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა ამავე კომპანიის სამ აღმასრულებელ პირს ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

ამჯერად, ხუთშაბათს, 2025 წლის 16 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინეს უშუალოდ კომპანია „სმარტმატიკსაც“, - ასევე, „სმარტმატიკ გრუპსა“ და მათს „დედობილ“ კომპანია „SGO Corporation Limited“-ს.

  • იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - სახელად როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, - კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა.
  • ბრალდების თანახმადვე, ქრთამი აიღო ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის (COMELEC-ის) ყოფილმა თავმჯდომარემ ხუან ანდრეს დონატო ბაუტისტამ. ბაუტისტა 2015-17 წლებში იყო ამ თანამდებობაზე.

გამოძიების ვერსიით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმა ქრთამი გადაიხადეს იმაში, რომ ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციას მათ კომპანიასთან გაეფორმებინა მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომლითაც ქვეყანა ხმის მიცემის აპარატებს შეისყიდდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს; ასევე, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები, რათა თანხის გადარიცხვები გაემართლებინათ.

შემდეგ, ბრალდების თანახმადვე, თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით გაათეთრეს ფული; სქემას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და 2018 წლამდე გრძელდებოდა.

შარშან კომპანია „სმარტმატიკი“ ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი არ არის უშუალოდ კომპანიის ბრალეულობაზე. ამჟამად ვითარება შეიცვალა.

  • 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა.
  • კომპანიის წარმომადგენლებისათვის ბრალის წარდგენის შემდეგ რადიო თავისუფლებას ცესკოში განუცხადეს:
  • „საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანი ვერ იქნება კონკრეტულ ქვეყანასა და კონკრეტულ პერსონალიებს შორის წარმოშობილი დავა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“.
  • „მთავარია, რომ ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმ კუთხით თანამშრომლობაზე, რა კუთხითაც ჩვენ გვაქვს „სმარტმატიკთან“, [ბრალდება] ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“.
  • „დავას არ აქვს კავშირი ტექნოლოგიებთან. ჩვენ მათ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ჩვენთვის არსებითი ის არის, რამდენად გამართულად მუშაობს ეს ტექნოლოგიები. და ისინი გამართულად მუშაობს“;
  • „გარდა ამისა, ჩვენი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყველა ნაბიჯზე არის შესაძლებლობა, რომ აუდიტირება მოხდეს ქაღალდის კვალით“, - აცხადებდნენ ცესკოში.
სრულად წაკითხვა