აშშ-ში მეცნიერებმა ნაწლავის კიბო დაამარცხეს ქირურგიული ჩარევისა და ქიმიოთერაპიის გარეშე

15 hours ago 2

როგორც სოლიდური გამოცემები იუწყებიან, პრეპარატ დოსტარლიმაბის კლინიკური კვლევები აშშ-ში მაქსიმალური წარმატებით დასრულდა: მისი მეშვეობით კლინიკური კვლევის მონაწილე ყველა პაციენტი ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის გარეშე განიკურნა მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოსგან.

უფრო მეტიც, პრეპარატი არ იწვევს გვერდით მოვლენებს და უზრუნველყოფს სტაბილურ რემისიას. FDA-მ (აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო) დაამტკიცა 100%-იანი ეფექტიანობის ინოვაციური პრეპარატი, რომელიც უკვე იყიდება.

დოსტარლიმაბის მაღალეფექტიანობის შესახებ ამერიკელმა ექიმებმა 2022 წელს განაცხადეს

წამლის მაღალ ეფექტიანობაზე ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ მეცნიერებმა პირველად 2022 წელს განაცხადეს. მანამდე მას ენდომეტრიუმის კიბოს იმუნოთერაპიისას იყენებდნენ. New England Journal of Medicine-ში, Memorial Sloan Kettering-ის კიბოს ცენტრის ექიმებმა ნიუ-იორკში გააზიარეს 12 პაციენტის კვლევის შედეგები, რომლებმაც დოსტარლიმაბის მიღების შემდეგ კიბოს დამარცხება შეძლეს. ექსპერიმენტის მონაწილეებში დაავადება სრულ რემისიაში გადავიდა, ამ მედიკამენტის წყალობით მათ არ დასჭირდათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა და არც ნაწლავის დაავადებული სეგმენტების ქირურგიული გზით მოცილება.

2024 წელს კლინიკურ კვლევაში 42 პაციენტი ჩაერთო და ყველა მათგანის მკურნალობა ასევე დადებითი შედეგით დასრულდა.

„არცერთ მათგანს (პაციენტს, რომელიც ახალ წამალს იღებს – რედაქტორის შენიშვნა) დაავადების ნიშნები არ აღენიშნება. გვერდითი მოვლენები საკმაოდ რბილი იყო და მათ კარგად გადაიტანეს“, – თქვა გასტროენტეროლოგმა ანდრეა ჩერჩეკმა შედეგების კომენტირებისას.

ეს სიახლე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახდა ყველა მთავარ გამოცემაში. მიღებული შედეგების მიუხედავად, მკვლევართა ნაწილის აზრით, ნაადრევია იმის თქმა, რომ კოლორექტული კიბო „დამარცხდა“, რადგან დოსტარლიმაბის კლინიკურ კვლევებში მონაწილე ყველა პაციენტს ჰქონდა სიმსივნე სპეციფიკური მუტაციებით MMRd ან MSI, რომლებიც კოლორექტული კიბოთი დაავადებული პაციენტების არაუმეტეს 10%-ში გვხვდება, ასეთი მუტაციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ ქიმიო და სხივური თერაპია ნაკლებად ეფექტიანია, შესაბამისად, სიმსივნის მოშორება, როგორც წესი,  ქირურგიული გზით ხდება. უცნობია, როგორ უმკლავდება პრეპარატი დოსტარლიმაბი მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში არსებულ სხვა სახის დაავადებებს. ამასთან, როგორც გამოცემა New Atlas-ი წერს, კვლევის შედეგებში არ არის მითითებული კვლევის მონაწილეთა სქესი, რასა, ასაკი და სხვა მნიშვნელოვანო მონაცემები და 12 და 42 პაციენტისგან შემდგარი ჯგუფების მაგალითი ასევე არასაკმარისად არის მიჩნეული პრეპარატის 100%-იანი ეფექტიანობის დასამტკიცებლად, თუმცა ფაქტია, რომ ამ მედიკამენტს FDA-მ  უკვე უწოდა გარღვევა კიბოს თერაპიულ მკურნალობაში და მწვანე შუქი მისცა.

ცნობისათვის, პრეპარატი Jemperli-ს სავაჭრო სახელწოდებით  იყიდება.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა