Associated Press-ის ინფორმაციით, ყველა შტატში ათასზე მეტი აქცია გაიმართა. ერთ-ერთი ანტისამთავრობო გამოსვლა მოეწყო ფლორიდაში, გოლფის იმ კლუბიდან არც ისე შორს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი იმყოფებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ტრამპის რეზიდენციასთან 400-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ორგანიზატორები, რომლებიც ძირითადად დემოკრატებს უჭერენ მხარს, აცხადებენ, რომ ძალაუფლების უზურპაციას ეწინააღმდეგებიან. მონაწილეები უკმაყოფილონი არიან საჯარო მოხელეების გათავისუფლებით, დეპარტამენტების დახურვით, დეპორტაციებით, მედიცინის დაფინანსების შემცირებით, ასევე ახალი ტარიფების შემოღებით.
საპროტესტო აქციების პარალელურად ტრამპმა ამერიკელებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და სავაჭრო ომის ფონზე რთული ცვლილებების შესახებ გააფრთხილა.
"ჩინეთი გაცილებით მეტად დაზარალდა, ვიდრე აშშ-ი. ის და მრავალი სხვა ქვეყანა ცუდად გვეპყრობოდნენ. ჩვენ მდუმარედ და უმწეოდ ვიტანდით დარტყმებს, რაც აღარ განმეორდება. გამაგრდით, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ვარდნა მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლითაც 10 და 50%-იანი სატარიფო განაკვეთები დაუწესა უცხო სახელმწიფოებს. მათ შორის საქართველოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 43%-მდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.