12
ტრამპის ადმინისტრაციამ 9 ოქტომბერს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა. აქამდე ვაშინგტონი სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებსა და პროკურორებს ასანქცირებდა, ახალი გადაწყვეტილება კი, მთელ ინსტიტუტს ეხება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სასამართლო სცდება საკუთარ უფლებამოსილებას და საფრთხეს უქმნის ამერიკის სუვერენიტეტს.
“ან ICC შეწყვეტს თავის მუქარებს, ან ჩვენ დავასრულებთ ICC-ს”, – განაცხადა მან.
სანქციების შედეგად იბლოკება სასამართლოს ის აქტივები, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია. ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს სასამართლოსთან ფინანსური და სხვა ტიპის ოპერაციები ეზღუდებათ. თუმცა ვაშინგტონმა 180-დღიანი დროებითი ნებართვა გასცა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ გარკვეულ ოპერაციებზე. ცალკე გამონაკლისები მოქმედებს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ტელეკომუნიკაციებზე, საპენსიო გადახდებსა და დაკავებულებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე.
ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს პოლიტიკურ მიკერძოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. 18 აგვისტოს რუბიომ ICC “კორუმპირებულ და უკიდურესად პოლიტიზებულ” ინსტიტუტად მოიხსენია. ვაშინგტონის მთავარი პრეტენზია იმ ქვეყნების მოქალაქეების სამართლებრივ დევნას უკავშირდება, რომლებიც სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის წევრები არ არიან.
კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2024 წელს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემა გახდა. სასამართლო მათ ღაზაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას ედავება. ICC-ს ასევე გამოძიებული აქვს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები.
აშშ და ისრაელი რომის სტატუტის წევრები არ არიან და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ. ICC-ის პოზიციით კი, მისი უფლებამოსილება შეიძლება გავრცელდეს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე, მიუხედავად ბრალდებულის მოქალაქეობისა.
საერთაშიროსო alia.ge