ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი უცვლელი დარჩება.
- მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას
- არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც
როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან არაა დაგეგმილი გალაკონცერტი.
მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მეტრო 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, 03:00 საათამდე იმუშავებს. 6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
პოლიციამ დააკავა 500-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 44 სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი რომელიმე სამართალდამცავის დაკავების შესახებ.
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.