სახელმწიფო სტრუქტურებმა დაადასტურეს მანამდე მშობლების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობა, რომ თბილისის ზოგიერთ საბავშვო ბაღში ბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ.
თბილისის ოც საბავშვო ბაღში სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისის ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს - „ამ ეტაპზე არსებული" ეს მონაცემები 18 სექტემბერს დილით გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები:
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია”.
კონკრეტული პროდუქტი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
- გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შვიდ საჯარო ბაღში „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით" შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი მუშაობას განაგრძობს.
სააგენტოს თანახმად, „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება".
რადიო თავისუფლება დამატებით დეტალებს არკვევს. ინფორმაცია განახლდება.
radiotavisupleba ახალი ამბები