ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-თან გაფორმდება. ამის შესახებ მთავრობის 4 სექტემბრის განკარგულებიდან გახდა ცნობილი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება მოიწონა.
მთავრობამ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკთან 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში გააფორმა, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 48 თვეა განსაზღვრული.
ბათუმი-სარფის პროექტი 11.3-კილომეტრიანი ორზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი მთავარი ნაწილი 7.6-კილომეტრიანი გვირაბი იქნება, რომელიც ახალსოფლის ტერიტორიიდან სარფამდე გაივლის. ასევე დაგეგმილია სამი ხიდის, მათ შორის 1.47-კილომეტრიანი ვიადუკისა და 500-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს შეუერთდება და თურქეთის საზღვრამდე მივა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ China Railway Tunnel Group თბილისის შემოვლითი მაგისტრალის წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთსაც ააშენებს. კონტრაქტის ღირებულება 499.15 მილიონი ლარია, სამუშაოების დასრულების ვადა კი 36 თვე.
China Railway Tunnel Group საქართველოში უკვე მუშაობს ქვეშეთი-კობისა და სტეფანწმინდა-გველეთის პროექტებზე. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში კომპანიამ 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიყვანა, ხოლო სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთზე ორი გვირაბისა და ორი ხიდის მშენებლობაა გათვალისწინებული.
radiotavisupleba ახალი ამბები