ბაკურიანში, ამირანის პარკში კაცს, რომელსაც ხელში 5 თვის შვილი ეჭირა, ციგით მოსრიალე ქალი დაეჯახა. ინფორმაციას sknews ავრცელებს.
დაშავებული თავდაპირველად ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ დაშავებულს მულტიპროფილური გამოკვლევები სჭირდებოდა, რის გამოც იგი კლინიკაში შეყვანიდან მალევე თბილისში გადაიყვანეს.
ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ, ბაკურიანში დამსვენებლების დიდი რაოდენობა შეიმჩნევა. მოქალაქეების ნაწილი კურორტზე შექმნილი პრობლემების გამო უკმაყოფილოა. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასრიალო ტრასებზე კონტროლის სიმცირის გამო, ხშირია მოქალაქეების დაზიანების შემთხვევები, პრობლემები იქმნება საავტომობილო გზებზეც.
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, „სამხრეთის კარიბჭე“ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ეკატერინე ორჯონიკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, კურორტი აქტიურად მასპინძლობს დამსვენებლებს, თუმცა ამას ახლავს პრობლემებიც.
„ტურისტული სეზონი მიმდინარეობს კარგად იმ კუთხით, რომ უამრავი დამსვენებელია, თოვლი არ არის, მაგრამ ტრასები არის კარგად გათოვლიანებული. ამის ფონზე არის გამოწვევები და პრობლემები. ყველაზე დიდი პრობლემა იყო საცობები. 1-5 იანვარს იყო პიკი, ახლა შედარებით ნაკლებად. წელს იმაზე ბევრჯერ მეტი დამსვენებელი და ავტომობილი მოვიდა, ვიდრე იტევს ბაკურიანი. ამ ყოველივეს დაერთო პრობლემები. გართულდა ნარჩენების გატანა საცობებში. დღისით შეუძლებელი იყო ნარჩენების გატანა 12 ტონიანი ტექნიკით და ამის გამო ნაგავმზიდები გამოგვყავდა ღამის 12-დან დილის 5 საათამდე“,-აცხადებს იგი.
სოციალურ ქსელში დამსვენებლების წუხილზე იგი ამბობს, რომ ტრასების ნაწილი კერძო საკუთრებაა და თავად მეპატრონეებმა უნდა მოახდინონ მათი კონტროლი. რაც შეეხება მოქალაქეების დაშავების შემთხვევებს, ეკატერინე ორჯონიკიძე განმარტავს, რომ ზამთრის კურორტზე ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა საჭიროა მულტიპროფილური კლინიკა დაშავებულების სამკურნალოდ, რაც ამ ეტაპზე ბაკურიანში არ არსებობს.
„ზოგადად, ტრასებზე მუშაობს სკი-პატრული. იმაში ვერავის დავეთანხმები, რომ სათხილამურო ტრასაზე ვინმე ციგით სრიალებს, გამორიცხულია, რადგან ფიზიკურადაც ვერ წამოვა. მაგალითად, 25-იანებში, გამოყოფილია ზონებად ბავშვებისთვის, ვინც თხილამურებზე დგომას სწავლობენ და ცალკე საციგაო ტრასა. კერძო ტრასებია ესენი, თუმცა ვისურვებდი, რომ გამყოფი ბადეები და ნიშნულები იყოს. ეს თავად კერძო პირებმა უნდა დაარეგულირონ. დავინტერესდები ამ საკითხით.
სათხილამურო კურორტზე მოტეხილობები და სხვა ტრავმები გარდაუვალია. არსებული კლინიკა მეტ-ნაკლებად აღჭურვილია, ვიცი, რომ შარშან დამონტაჟდა ახალი რენტგენის აპარატიც. ჰყავთ ტრავმატოლოგებიც. ზოგადად, სეზონზე იმატებენ როგორც სასწრაფო მანქანებს, ისე ბრიგადებს და ექიმებს. არის პედიატრიც, ტრავმატოლოგიც და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტიც. თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ბაკურიანში ფართო პროფილის კლინიკა იყოს. ასევე საჭიროა მეტი რეანიმობილი და ასევე ვერტმფრენიც, რადგან ნებისმიერ სხვა ევროპულ სათხილამურო კურორტზე რამდენიმე ვერტმფრენი დგას, რომ თუკი არის რთული სიტუაცია, უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა“, – აცხადებს ის.