ბალდის კანიონის ინვესტორი მოქალაქის ცემისთვის სასამართლომ დააჯარიმა

1 month ago 6

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ცოტნე თვარაძის მიმართ ძალადობის საქმეზე. სასამართლოს მიერ 4 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, გიორგი მერკვილძეს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მის წინააღმდეგ საქმე განიხილებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

თავად გიორგი მერკვლაძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს.

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ინფორმაციით, ინციდენტი რაშიც ინვესტორი სასამართლომ გაამტყუნა, 2023 წლის 10 ოქტომბერს მოხდა მარტვილში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისში, სადაც კანონზე მშენებლობის თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობდა.

მოძრაობის წევრმა ცოტნე თვარაძემ, რომლის მიმართ ძალადობის გამოც ინვესტორს ჯარიმა დაეკისრა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი მერკვილაძე სოფელ ბალდის მცხოვრებლებს, ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირდაპირდა.

„როცა შეხვედრაზე შევედით ზაზა გაგუამ [მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი] გვითხრა, რომ ეს შეხვედრა იყო დახურული და ჩვენ იქ არ გველოდნენ, რაზეც კარგიო, ვუპასუხეთ და უკან მოვბრუნდით. კარში როცა გავდიოდით ამ ინვესტორმა, გიორგი მერკვილძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ჯერ მიმართა ზაზა გაგუას, რომ - წიხლით უნდა გაყაროო ესენიო. შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ხელით შეგვეხო. ჩვენ არ ავყევით ამ დაპირისპირებაში და პოლიცია გამოვიძახეთ“, - თქვა ცოტნე თვარაძემ.

„კანიონი 350-ის“ დირექტორი კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ „მიკერძოებული“ გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ ცოტნე თვარაძის ჩვენების საფუძველზე. გიორგი მერკვილაძე უარყოფს ვინმეს ცემას. ამბობს, რომ ინციდენტი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად დაიგეგმა კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეების მიერ.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მოსამართლემ სხდომაზეც განაცხადა, რომ მე გადაწყვეტილებას ვიღებო მხოლოდ ცოტნე თვარაძის სიტყვებითო. მართალია ექსპერტიზით არ მტკიცდებაო, რომ მან ტკივილი განიცადაო, მაგრამ ჩვენ გვეუბნება, რომ ტკივილი განიცადაო. ანუ, ფაქტობრივად განაჩენი გამოიტანეს იმ სიტყვების გამო, რომ მან [ცოტნე თვარაძემ] ტკივილი განიცადა იმის გამო, რომ ოთახიდან გავაგდე. ის ოთახში შემოიჭრა და თვითნებურად იღებდა და რამდენი კანონი დაარღვია თავად მან, ეგ არავინ იცის. ეს იყო მიკერძოებული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ“, - განაცხადა გიორგი მერკვილაძემ.

მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება სენაკის რაიონულ სასამართლოში ასევე ძალადობის მუხლით, თუმცა ამჯერად საუბარია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე.

როგორც ცოტნე თვარაძე ირწმუნება, 2023 წლის ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში გიორგი მერკვილაძემ მისივე კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად ორგანიზებულად იძალადა, ბალდის კანიონზე მშენებლობის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეზე, თაზო რუხაიაზე. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მხარეები მიმდინარე თვეში მოელიან.

გიორგი მერკვილაძე ძალადობის ფაქტს ამ ნაწილშიც უარყოფს. მეტიც, მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრებს პროვოკაციასა და მისი თანამშრომლების მიმართ ძალადობაში თავად ადანაშაულებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების თაობაზე სოფლის მცხოვრებლების ნაწილსა და კომპანია „კანიონ 350-ის“ წარმომადგენლებს შორის დავა 2023 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრების თქმით, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მალულად 40 წლიანი იჯარით 2022 წელს გადასცა. 2023 წლის აპრილში კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. მოსახლეობის ნაწილი ამ მშენებლობის წინააღმდეგია. თვლიან, რომ სახელმწიფოსთან „კორუფციული გარიგებით“ გასხვისებული ტერიტორიაზე ველური ბუნება განადგურდება, მოხდება მისი „ჩაბეტონება“ და ადგილობრივებს მშობლიური კანიონით სარგებლობა აეკრძალებათ. კანიონზე მშენებლობის თაობაზე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ განაცხადა, რომ „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. მისი თქმით, ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე კანონის დაცვით გაიცა იჯარით. ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს. როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა არა 40, არამედ 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.

2023 წლის ოქტომბრიდან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კანიონის მიმდებარედ კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ - არ აძლევენ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების უფლებას. ამის გამო ინვესტორმა შეაჩერა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც „კანიონ 350-ის“ დირექტორი ირწმუნება, ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. გიორგი მერკვილაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ბალდის კანიონზე ინფრასტრუქტურა პროექტის მიხედვით მოეწყობა.

„დაველოდები სასამართლო პროცესების დასრულებას და რა თქმა უნდა მშენებლობა გაგრძელდება“, - თქვა მერკვილაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

თავის მხრივ დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ მშენებლობის მოწინააღმდეგეები. ამბობენ, რომ მშობლიური სოფლის კანიონის დამახინჯების უფლება არავის მისცემენ. ამასთან, იმედოვნებენ, რომ სასამართლო გიორგი მერკვილაძის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ საქმეზე გაცილებით მკაცრ განაჩენს გამოიტანს და პატიმრობას შეუფარდებს.

სრულად წაკითხვა