ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ სანქციები დაუწესონ "მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში". ამის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, რომლის თანახმად, ბალტიის სახელმწიფოები ეროვნულ დონეებზე დააწესებენ სანქციებს:
„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“.
იმავე პოსტში მარგუს ცაჰკნა დებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივი განცხადების ბმულს. 1 დეკემბრის განცხადებით, ისინი გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ:
"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - განაცხადა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ.