ბალტიის ქვეყნებმა მოსკოვთან გააპროტესტეს ახალი ბრალდებები

4 hours ago 8

ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საქმეების დროებითი რწმუნებულები 10 ივლისს მივიდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ერთობლივი დემარშის დროს უარყვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებები - თითქოს ბალტიის სახელმწიფოები თავიანთ საჰაერო სივრცეებს უთმობდნენ უკრაინის მხრიდან რუსეთზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ამ სამ ქვეყანას არასდროს გაუცია მსგავსი ნებართვა. "მიუხედავად ბალტიის სახელმწიფოების ოფიციალური პოზიციისა - რომელიც არაერთხელ ითქვა სხვადასხვა დონეზე - რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას და სიტუაციის ესლაკაციას" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. "ბალტიის ქვეყნების სივრცეში დრონების შეფრენა არის შედეგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი აგრესიული ომისა" - ვკითხულობთ პრეს-რელიზში.

დროებითმა რწმუნებულებმა უარყვეს სხვა განცხადებებიც, რომლებითაც ბოლო დღეებში გამოდიოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კერძოდ, მიმდინარე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბალტიის ქვეყნები ემზადებიან რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი დეპორტაციისთვის.

გალუზინის 4 ივლისის განცხადებით, მოსკოვს თითქოს მოეპოვება მტკიცებულება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინას საჰაერო დერეფნებს უთმობდნენ დრონების გადაფრენისთვის, რუსეთში მდებარე ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. მანამდე მსგავსი განცხადებებით რუსეთის სხვა წარმომადგენლები გამოდიოდნენ. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ საკუთრივ ბალტიის ქვეყნების ტერიტორიდან არ ხდება დრონების გაშვება - თუმცა ასეთი ვერსიით გამოდიოდა არაერთი რუსი კომენტატორი.

ბოლო ხანებში ბალტიის ქვეყნების, ყველაზე ხშირად ლატვიის საჰაერო სივრცეში არაერთხელ შეფრინდა დრონები რუსეთის მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ისინი ჩამოვარდა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის გარეშე. ყველა დრონი, რომელთა ტიპის დადგენა მოხერხდა, იყო უკრაინული - სამხედრო უწყებები აცხადებდნენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ან კურსიდან უხვევდნენ, ან მათ ტრაქეტორიას განზრახ ცვლიდა რუსეთის სისტემები.

სრულად წაკითხვა