აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში ფეხბურთის კლუბების, „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩის წინ და მის შემდეგ ინციდენტების პროვოცირების მცდელობის ბრალდებით 19 გულშემატკივარი დააკავა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა Haqqin.az-ის ცნობით, სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მატჩის შემდეგ დაკავებულების მიმართ სამართალდამცველები შესაბამის ზომებს ატარებენ. კონკრეტულად რა ქმედებებს ედავებიან დაკავებულებს, სააგენტოების მასალებში მითითებული არ არის.
„ყარაბაღსა“ და „ნეფთჩის“ შორის შეხვედრა 17 ოქტომბერს, ბაქოში, თოფიქ ბაჰრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, იუწყება Media.az.
როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, 2024 წლის მარტში „ნეფთჩის“ ოთხმა გულშემატკივარმა კლუბის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკური საშუალებები ისროლა. ამ ფორმით ისინი გუნდის „ყარაბაღთან“ მარცხს აპროტესტებდნენ. ორი გულშემატკივარი 30 დღით დააპატიმრეს, ორს კი ჯარიმა დააკისრეს.
გამოცემის ცნობით, კლუბის დიდი ხნის გულშემატკივრებმა მომხდარი დაგმეს, თუმცა გუნდის თამაშიც გააკრიტიკეს.
netgazeti