ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა - ივანიშვილი ჩვენებას დისტანციურად აძლევს

3 hours ago 2

5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ჩვენების მიცემის წინ სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა - ივანიშვილის ჩვენება საჯარო არ იქნება „კომერციული საიდუმლოს დაცვის“ მოტივით. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად ერთვება სასამართლოს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს დილას დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა, რასაც დაცვის მხარე - გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი - ეწინააღმდეგებოდა.

დაცვის მხარის პოზიციით, ეს შუამდგომლობა „ზოგადი ფრაზებით“ იყო დასაბუთებული და არ იყო დაკონკრეტებული „კომერციული საიდუმლოების მოტივით“ სხდომის დახურვის მოთხოვნა, რამეთუ მთლიანი საქმის არაერთი დეტალი უკვე საჯაროდ განიხილეს სასამართლოზე.

  • საქმე, რის ფარგლებშიც ივანიშვილი იკითხება, მისი ინიციატივით არის შეტანილი პროკურატურაში - იგი ყოფილ მარჯვენა ხელს, გიორგი ბაჩიაშვილს „კრიპტოვალუტების მითვისებას“ ედავება, რასაც ბაჩიაშვილი უარყოფს.
  • გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო.
  • გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა.
  • მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ამბობს, რომ ივანიშვილისგან თანხა სესხად მიიღო და ახლა ყოფილი დამსაქმებელი პოლიტიკური შეხედულებების ცვლილების გამო დევნის.

გიორგი ბაჩიაშვილი ჯერ კიდევ წინა პერიოდში - საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას, - ეუბნებოდა მოსამართლეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდებოდა, რაც, მისი შეფასებით, მოსამართლის უპატივცემულობა იქნებოდა.

„უსაფრთხოება ვერ განხორციელდება“

წინა სასამართლოს სხდომაზე, რომელიც 3 თებერვალს გაიმართა, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ ივანიშვილი დისტანციურად ჩაერთვებოდა სასამართლოს. შუამდგომლობა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა ივანიშილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადების შემდეგ.

მიზეზად პროკურორმა სადრაძემ და ადვოკატმა წიქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაასახელეს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება, თუმცა ბაჩიაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ შუამდგომლობაში ივანიშვილის ასაკიც მიუთითეს.

„საჯარო გამოსვლები როდესაც იყო სარჩევნო კამპანიისას, [ივანიშვილისთვის] გამოიყენებოდა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები“, - უთხრა წიქვაძემ ჟურნალისტებს.

ივანიშვილი საარჩევნო შეხვედრებზე დაჯავშნილი შუშის კონსტრუქციით გადაადგილდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრისას.

„სასამართლო, თავისი არსით, არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც ტარდება უამრავი პროცესი, დადის უამრავი ხალხი. ცხადია, ჩვენი ერთი პროცესის გამო სხვა პროცესები ვერ გადაიდება. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ეს უსაფრთხოიების დაცვა აქ ვერ განხორციელდება“, - განაცხადა 3 თებერვალს ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ.

„დაზარალებულს არ ეშინია, ცხადია, გიორგი ბაჩიაშვილისთვის თვალებში ჩახედვის“, - თქვა მან ჟურნალისტების პასუხად.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კი განაცხადა: „პრაქტიკაში არაერთი საქმე ყოფილა, როდესაც მომხდარა დისტანციურად ჩართვა. ეს არის დადგენილი პრაქტიკა, ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე ხდება“.

მოგვიანებით გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა თქვა, რომ პროკურორმა შუამდგომლობაში, უსაფრთხოების საკითხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა დაასახელა.

სასამართლო სხდომა დაიხურა 29 იანვარსაც, როდესაც გამოიკითხნენ „ბანკი ქართუს“ წარმომადგენლები.

დავის არსი

გამოძიების ვერსიით, - რაც მეტწილად ბიძინა ივანიშვილის ჩვენებას ეყრდნობა, - გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და „ინვესტორის“ [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.

ივანიშვილის ვერსიით, - რასაც პროკურატურაც იზიარებს, - ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა - 5 მლნ აშშ დოლარი - „ინვესტიცია“ იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.

გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი საპირისპირო სურათს ხატავენ.

დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, - რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, - ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.

ადვოკატის თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და [მაინინგ კომპანია] Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.

„მთავაზობდა, გლოპ-ზე წერილები მექვეყნებინა“

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მის სანდოობაში ეჭვი მას შემდეგ შეიტანა, რაც უარი უთხრა „ანტიდასავლურ ნარატივში, პროპაგანდასა და საქციელებში“ მონაწილეობაზე.

ბაჩიაშვილმა იქვე ახსენა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიის განვითარება დაიწყო.

„სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას [„გლოპ-ზე“ წერილებს], ჩემთან იყო შემოთავაზებული, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც, ცხადია, უარი ვუთხარი, რადგან მის საქმეებში არანაირი „გლოპი„ და არანაირი გარე ძალის კვალი არ ემჩნეოდა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა მედიასთან 23 იანვარს.

„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი“, - განაცხადა მან.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, - რომელიც ბაჩიაშვილმა ახსენა, 2023-24 წლების წერილებში ავითარებდა „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიას და ამბობდა, რომ „ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც თავის დროზე პატრის ლესკადრონი“, - ივანიშვილის ბანკირი, რომელმაც მას ფული მოჰპარა და ვის გამოც დაიწყო დავა „კრედიტ სუისთან“.

სრულად წაკითხვა