სადიგოვის მდგომარეობა კრიტიკულია – ცოლი

2 hours ago 2

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

”აფგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ის წუხელ დილამდე უგონო მდგომარეობაში იყო, ჩაერივნენ ექიმები. როდემდე გაუძლებს ეს ადამიანი ასეთ სიტუაციას?!
სად არის კანონი, კანონის უზენაესობა?! რატომ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს სახელმწიფომ უდანაშაულო ადამიანს,” – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე.

მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

სევინჩ სადიგოვა პასუხისმგებლობას ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასრულებს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ დაკვეთას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელია”, – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 31 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის კიდევ 3 თვით გაგრძელება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა.

აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სრულად წაკითხვა