„რიყის პარკის“ დაზიანებული მოაჯირი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავდა, მერიამ სანახევროდ შეაკეთა

2 hours ago 2

რიყის პარკის ცენტრში, რამდენიმე თვის წინ დაზიანებული შუშის მოაჯირი, რომელიც საავტომობილო გვირაბის თავზე გადადის და უკიდურესად სახიფათოა ფეხით მოსიარულეთათვის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ შეაკეთა, რაც რადიო თავისუფლებამ დაზიანებული მოაჯირის ფოტო და ვიდეო გაავრცელა.

მოაჯირი მხოლოდ სანახევროდაა შეკეთებული - რკინის ცხაურითაა შედუღებული სივრცე, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

რაც შეეხება წვრილად დამსხვრეულ შუშის მოაჯირს, ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტს არ შეუცვლია.

წვრილად დამსხვრეული შუშის მოაჯირი

წვრილად დამსხვრეული შუშის მოაჯირი

თბილისის მერიას დაზიანებული მოაჯირის ფოტოები რადიო თავისუფლებამ 31 იანვარს მიაწოდა, რაზეც მათ გვიპასუხეს:

„თბილისის რეკრეაციულ სივრცეებში მუდმივად ტარდება მონიტორინგი, ხდება პრობლემების აღწერა, რადგან ხშირია ვანდალიზმის შემთხვევები, ინფრასტრუქტურის დაზიანება.

რიყის პარკშიც იგივე პრობლემებია, რაც, რასაკვირველია, ცნობილია გარემოს დაცვის სამსახურისთვის. ყოველდღიურად ხდება დაზიანებების აღდგენა და ხარვეზების გამოსწორება“.

25 იანვარს, „რიყის პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე „რიყის დოქებში“, რომელიც კერძო პირს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს ეკუთვნის, 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ის წყლითა და მიწით სავსე სივრცეში ჩავარდა.

იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ სტატიის მომზადებისას, „რიყის პარკის“ მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქემ გვითხრა, რომ „რიყის დოქები“ არ იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის შეიცავდა საფრთხეს და გვანახა თვეების წინ დაზიანებული შუშის მოაჯირი, საიდან გადავარდნასაც მისი 2 წლის შვილი გადაურჩა.

სრულად წაკითხვა