შტურმია ჩემზე, როგორ თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ საშინელებაზე საჯაროდ ვსაუბრობ, ეს ძალადობა ოფიციალურად გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს! არ გიშველით შტურმი, შტორმი კი აუცილებლად გელით! ვერც გაგვაჩერებთ და ვერც გაგვაჩუმებთ, როგორც თავის დროზე სააკაშვილის ბოროტმა რეჟიმმა ვერ გაგვაჩუმა.
ნაციონალური ოცნებისა და კობახიძის პირად პარტაქტივს არ გიშველით ამ სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი კამპანიის ორგანიზება! თქვენი სისტემა იმდენადაა გახრწნილი, რომ არც პატიმრის მდგომარეობა გადარდებთ, არც გამოძიებაზე სვამთ კითხვას: ეს 9 თვე რას აკეთებდნენ? არც დანაშაულში ეჭვმიტანილი ციხის თანამშრომლების უფლებამოსილების შეჩერება გსურთ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება… იმდენად დაბრმავდით და დაყრუვდით, რომ იმასაც არ იაზრებთ, როგორ ან რატომ ილაპარაკებს 36 წლის პატიმარი მის მიმართ ჩადენილ საშინელებაზე საჯაროდ, თუ ეს საშინელება არ მომხდარა?! ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასი აქტია, თქვე უ-სინდისოებო?!
რა უზნეობა არ იკადრეთ კობახიძის პიარ- “სპეციალისტებმა” ამ დღეებში…
დავითაძე კრიმინალიო, მერე მშობლებს და ოჯახს გადაწვდით, წლების მანძილზე თქვენი პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერები რომ იყვნენ… ან კრიმინალი რა შუაშია ან მშობელი და ან მეზობელი… ახალგაზრდა კაცი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ხმამაღლა ლაპარაკობს და ანუ რას გვეუბნებით: თუ პატიმარი კრიმინალია, თუ პატიმრის დედამ გაიღიმა და მამამ წვერი გაიპარსა, ეს პატიმარი ბადრაგებმა ნარზე უნდა წაკუზონ და რეზინის ხელთათმანებით უნდა დახვდნენ დეესკალაციის ოთახში? მერე ცხოველებივით 9 კაცი ერთ პატიმარს უნდა გაადააჯდეს და ეს ჩხრეკად უნდა გაასაღოთ?! გეუბნებით: გრცხვენოდეთ!
არც მალხაზ არქანიასი სჯეროდა თქვენნაირ ბრმა სექტას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა აწამა და რომელმაც ციხიდან წერილი გამოგვიგზავნა. მაშინაც გვლანძღავდნენ და ტყუილში გვდებდნენ ბრალს, მერე გაირკვა, რომ არქანია მართლა სასტიკად აწამეს, სასტიკად!
გამოძიება რომ დავითაძის სიმართლეს დაადასტურებს, მაშინ რას დაწერთ? რა შტურმს ააგორებთ? რა დავალებას მოგცემენ?
ინაშვილი შეიცვალაო, სრულ ავადმყოფებს რომ აწერინებთ, ინაშვილი არ შეცვლილა, თქვენ- ჩემი ძველი ნაცნობები, ყოფილი თანამებრძოლები, თუ შორიდან რომ გიცნობდით, ის ხალხი მოერგეთ ნაციონალურ ოცნებას, ყველაფერში ამართლებთ ხელისუფლებას, ყველაფერში ეთანხმებით, პოლიტიკურ სექტანტებად იქეცით, მართლა. თქვენნაირი ხალხი სახიფათოა საზოგადოებისათვის, ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ყველა თქვენი კომენტარი უნდა გამოვაქვეყნო, რომ ხალხმა კიდევ უფრო კარგად დაინახოს კობახიძის მმართველობის ბოროტი სახე, თორემ თქვენ სახე არა გაქვთ.
ამას წინათ ბერა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, ბერა წერდა, რომ მის მიმართ უკიდეგანო ცილისწამების გამო, გადაწყვიტა სამართლებრივად იმოქმედოს და თავისი სიმართლე და ღირსება დაიცვას. ბერას ვეუბნები, რომ თუ კი ვინმე ლახავს განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების ღირსებას, ეს კობახიძე და მისი ტროლ- ბოტების ქარხანაა და არც ჩვენ ვაპირებთ, რომ საკუთარ ღირსებაზე შეხების უფლება მივცეთ ვინმეს. ღირსება აქვს პატიმარსაც, ჟურნალისტსაც, პოლიტიკოსსაც, მწერალსაც და მშენებელსაც, ყველას! ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დადუმებულებმა, მოკუნტულებმა, თავდახრილებმა და შეურაცხყოფილებმა ვიცხოვროთ.
რასაც საჭიროდ ვთვლით და როგორც საჭიროდ ვთვლით, ისე ვახმოვანებთ და კობახიძის პარტაქტივის ტროლ-ბოტ “შტურმავიკები” ვერ შეგვაფეხებენ! მე ისეთი ცხოვრება გავიარე, დიდიხანია აღარაფრის მეშინია…
საერთაშიროსო alia.ge