„სარკე“, რუსუდან ადვაძე
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელსაც მდუმარების აღთქმა ჰქონდა დადებული და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანებთან მხოლოდ ჟესტებითა და წერილებით საუბრებოდა, 19 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ერისკაცობაში ნარიმან მაქარაშვილი, რომელსაც მრევლი მეფედ მოიხსენიებდა, ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და 3 წლის განმავლობაში მცხეთაში, ამჟამად წმინდანად შერაცხული ბერის, გაბრიელ სალოსის, მორჩილებაში იყო.
საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა.
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”, „გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა, განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”, _ ნათქვამი იყო განცხადებაში.
მას შემდეგ ბერმა მარტო ცხოვრება და უჩვეულო ცხოვრების წესი აირჩია, ლაპარაკი შეწყვიტა და წლების განმავლობაში ბინიდან, რომელიც დაქირავებული ჰქონდა, არ გამოსულა…
მის მრევლს ბერის სასწაულმოქმედი ძალის სწამდა. ყვებიან, რომ ის მათ გამოჯანმრთელებასა და სხვა პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდა.
ხშირად ვრცელდებოდა ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც მამა ნიკოლოზი მრევლს ფულს ურიგებდა. ადამიანები დღე-ღამის განმავლობაში მის ფანჯრებთან იდგნენ და გალობდნენ…
მამა ნიკოლოზი მის მიერ დაქირავებულ ბინაში ნახეს გარდაცვლილი. სამართალდამცავებმა ბინის კარი შეამტვრიეს… როგორც ამბობენ, ბერი 9 აპრილიდან 19 აპრილამდე არავის უნახავს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინგა ბოლოთაურის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს და ისმის, რომ დადუმებულ ბერთან, რომელიც დღეების განმავლობაში არ ჩანდა, ექიმი მივიდა, მაგრამ იქ მყოფმა პირებმა გააგდეს და უთხრეს, რომ ნარიმანს ექიმი და წამალი არ სჭირდებოდა, ის თავად იყო ღმერთი და თავს თვითონვე აღიდგენდა…
ინგა ბოლოთაური, რომელიც იურისტი გახლავთ და მდუმარე ბერის მრევლი 13 წლის წინ გახდა, მის ცხოვრებაზე გვიყვება:
_ 2012 წელს შევიტყვე ბერი ნიკოლოზის შესახებ ჩემი კოლეგისგან, რომელიც ჩემს ოფისში მუშაობდა ლესელიძეზე, ადვოკატები ვართ საერთო სპეციალიზაციით. მამაო პირველად 2013 წლის გაზაფხულზე ვნახე. საოცარი მოწიწება გამიჩნდა მის მიმართ, ერთგვარი სიმკაცრე და ამასთანავე უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა.
საკმარისი იყო, ერთხელ გენახა ბერი ნიკოლოზი, რომ აღარასოდეს მოისურვებდით მასთან განშორებას. არ ვიცი, როგორ, მაგრამ თუნდაც ყველაფრისგან დაცლილი მამაოს საცხოვრებელ სახლს რომ ვუახლოვდებოდი, ვჯანსაღდებოდი. იმ დროს გამრეკელის ქუჩაზე, N34-ში ცხოვრობდა. ძალიან ბევრი საოცრება ხდებოდა მის წიაღში, დაუჯერებელი ამბები. რომ მოგიყვეთ, არც დაიჯერებთ, მით უმეტეს, მკითხველი.
__ რას გულისხმობთ სასწაულებში, იქნებ რამდენიმე შემთხვევა მოყვეთ.
_ მასთან მისული ბევრი ადამიანი განიკურნა. ავადმყოფები იკურნებოდნენ, მომაკვდავები ცოცხლობდნენ… ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგითხრობთ. ჩემს მეგობართან ვიმყოფებოდი მის კერძო საბავშვო ბაღში, მოვიდა ბავშვის მშობელი და რატომღაც გადაწყვიტა, ჩვენთან ესაუბრა. მოგვითხრო, როგორ დაეხმარა მის უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ნათესავს ბერი ნიკოლოზი, რომელსაც ყბა მოაჭრეს სიმსივნის გამო და ექიმები გახარებულები იყვნენ, ენა გადაურჩაო. პაციენტის ოჯახის წევრები ბერ ნიკოლოზთან მისულან შემწეობის სათხოვნელად და შეისმინა მამაომ, ილოცა მისთვის და ღმერთიც შეეწია, პაციენტი აბსოლუტურად განიკურნა.
სხვა შემთხვევაც შემიძლია გითხრათ, რომელიც ჩემი თანდასწრებით მოხდა: ჩემი მეგობრის დისშვილი მენინგიტისგან განკურნა. უამრავია კურნების ფაქტი, ბავშვმა მამაოსთან ენა ამოიდგა და მისი პირველი სიტყვა იყო „ბაბუ”.
__ ბათუმში დაბადებულა და გაზრდილა. რა იცით მისი იმდროინდელი ცხოვრების შესახებ?
_ მისი თანაკლასელები იხსენებდნენ, რომ ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ხუთოსანი, ურთიერთობებში ცოცხალი და ყველასათვის საყვარელი და თბილი. ტყუილს ვერ ათქმევინებდი თურმე, ამიტომაც მასწავლებლებს როდესაც სიმართლის დადგენა დასჭირდებოდათ, მას ეკითხებოდნენ და ისიც პასუხობდა. მერე განიცდიდა ამას, ტიროდა და ჩვენ ვამშვიდებდითო. სიმართლის განსაკუთრებული სიყვარული, როგორც ჩანს, მისი მთავარი თვისება გახლდათ იმ ბათუმური ბავშვობიდან მოყოლებული.
__ მამა გაბრიელისა და მის ურთიერთობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
_ მამა გაბრიელთან, როგორც იმდროინდელი წმინდა ბერის მრევლმა ქალბატონმა გვითხრა, ყოველთვის თავდახრილი იყო, მორჩილი და თითქოსდა დასაწყლებული რაღაცნაირად. ერთხელ თურმე ეს ქალბატონი შეეკითხა მამა გაბრიელს, რატომ გამოიყურება ნიკოლოზი ყოველთვის ასეო. ეს ქალი იხსენებს, მაშინვე ალაპარაკდა მთელი კელია, საგნებმაც კი თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყესო: მაგიდის უკან ხეა, ხის უკან _ ტყე და ასე შემდეგ. ამით, როგორც ჩვენ ვხვდებით, ბერმა გაბრიელმა იმ ქალბატონს უჩვენა, რა უნიკალურ და სხვებისთვის დაფარულ ბერულ სკოლას და სწავლებას გადიოდა მორჩილი ნიკოლოზი თავის მასწავლებელთან.
მამა ნიკოლოზის თავმდაბლობის ნიჭსა და უნარზე ბევრს ლაპარაკობდა წმინდა ბერი გაბრიელი სხვებთანაც, ჩვენ ეს გადმოცემით ვიცით.
__ რატომ დადო მდუმარების აღთქმა, ამაზე რა იცით?
_ მდუმარება განღმრთობის გზაა, როგორც მართლმადიდებლური სწავლება გვასწავლის. როგორ დადო და რა მიზნით, ესეც ალბათ მისი პირადი საიდუმლოა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ბერი გაბრიელის მორჩილების გაგრძელებაა. აქამდე ბუნებრივად მივიდა ალბათ ჭეშმარიტების მაძიებელი და უკვე დიდი გამოცდილების მატარებელი ბერი ნიკოლოზი, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. როგორც პიროვნება, უთბილესი, მოწყალე, შემწყნარებელი გახლდათ. ეს უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცი.
__ მდუმარებაში მყოფი როგორ ახერხებდა მრევლთან კომუნიკაციას?
_ როგორ ახერხებდა მრევლთან ურთიერთობას? ადამიანი რომ გცვლის და გკურნავს ყოველგვარი შეხებისა და სიტყვის გარეშე, რა თქმა უნდა, გიზიდავს და გიწებებს მერე სრულიად, თუმცა ძნელიცაა იმიტომ, რომ შენს სულში ყველაფერი ნეგატიური ზედაპირზე ამოდის ყველას დასანახად და საგრძნობად. ამას, რა თქმა უნდა გაძლება უნდა და გადატანა.
__ თქვენი მოძღვარი იყო? აღსარებებს იბარებდა თუ როგორი იყო მრევლთან მისი ურთიერთობის წესი?
_ ბერ ნიკოლოზთან თუკი მთელი გულით და არსებით იყავი, მუდმივ აღმსარებლად იქცეოდი ბუნებრივად და თავისთავად იმიტომ, რომ გხედავს ბერი მუდმივად, შენს ფიქრებს კითხულობს, არა მხოლოდ მოქმედებებს და შენც გრძნობ ამას მუდმივად, განიცდი. ამაზე მეტი აღსარება რა გინდა, ბერთან ურთიერთობაში, გამჭვირვალობა ადამიანის, სიტყვები სრულებითაც არ არის საჭირო, ძნელი გზაა ჩვენთვის, მრევლისთვის.
ბერ ნიკოლოზთან თუნდაც ერთხელ შეხვედრა საკმარისი იყო, რომ აღარ მოისურვებდი მასთან დაშორებას, ისეთი სიყვარულით სავსე და მადლმოსილია ჩემი მამა, მრავალი ადამიანის გული გაათბო და გაალღო. ყოველთვის გვიხაროდა და გვავსებდა მასთან შეხვედრა, უსიტყვოდ ესმოდა ჩვენი ტკივილიც და სიხარულიც და ასე, უსიტყვოდ და მდუმარედ პასუხობდა იმ კითხვებსაც კი, ხმამაღლა რომ არ გაგვიჟღერებია.
ვამჩნევდი, რომ მისთვის განსაკუთრებულად ახლობლები მრევლის ის წევრები იყვნენ, ვინც ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ მისი აღმსარებლები და მაზიარებლები იყვნენ. ჩვენც, შემდეგ მისულები, თავად ვუწოდებდით ჩვენს თავს ბერი ნიკოლოზის მრევლს, რადგან მამაო იყო ჩვენზე და სრულიად საქართველოზე მლოცველი, ალბათ სრულიად კაცობრიობაზეც კი, რადგან ასეთი მრევლი ბერ ნიკოლოზს დედამიწის ყველა კონტინენტზე ჰყავდა. ბერ ნიკოლოზთან ყველანაირი ადამიანი მიდიოდა, მორწმუნენიც, ფანატიკოსებიც, თანამდებობის პირებიც, პოლიტიკოსებიც და დიასახლისებიც.
ძველად წერილებსაც წერდა, რომლებსაც უფრო მხილებითი ხასიათი ჰქონდა, შენი თავი შენ თვითონ უნდა ამოგეცნო და გამოგესწორებინა შენში არსებული ის ხარვეზი, რაზედაც ასე შეფარულად ან პირობითი სახელით „გელაპარაკებოდა“.
ყველასთან ინდივიდუალური ურთიერთობა ჰქონდა, სულიერი კავშირები. ასე ვეუბნებოდით ხოლმე ერთმანეთს, ყველას ჩვენ-ჩვენი მამა ნიკოლოზი გვყავსო. მსგავსი აზროვნების ადამიანები ვმეგობრობდით. არსებობდნენ ისეთებიც, ვინც არ იცნობდა მამა ნიკოლოზს და არ ჰქონდა მისი მიმღებლობა. ჩემი მეგობრისგან ვიცი, ერთ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს უთქვამს, ამდენს ველაპარაკები ჩემს მრევლს და ვერაფერი გავაგებინე და ამ მდუმარე ნიკოლოზისა რა გესმით, ასე რამ შეგაყვარათო.
__ პატრიარქ ილია ||-ისა და მის ურთიერთობაზე მოყვა ერთმა მეუფემ _ როდესაც ჭამა შეწყვიტა ბერული ცხოვრების განსამტკიცებლად, სტაფილო თავისი ხელით დაუხეხა, მაგრამ არ ჭამაო… კურთხევის შეუსრულებლობის შემდეგ შეუჩერა მღვდელთმსახურების უფლებაო. იცით, რატომ აირჩია, ბინაში გამოკეტილს ეცხოვრა?
_ ბერი ნიკოლოზის ერთ-ერთი მეგობარი და წარსულში მისი მრევლი მას შეეკითხა, რატომ არ დაემორჩილე პატრიარქსო. ეს კითხვა ჯერ კიდევ მაშინ დაუსვა, ძველ დროში, რუსთაველის პროსპექტზე რომ დასეირნობდა ბერი ნიკოლოზი. იმან კიდევ უპასუხა, ბერ გაბრიელის მორჩილება არ შემესრულებინაო. ასე რომ, ესეც სრულიად საიდუმლო გზის მონაკვეთია სხვებისთვის დაფარული, რომელიც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობამ განსაზღვრა.
ბინაში გამოკეტვას რაც შეეხება, ძველი მართლმადიდებლური სწავლებით, ამას კარდაკარ მოსიარულე ჰქვია, უმძიმესი და სრულიად გამორჩეული ბერული ჯვარი. ერთი მუდმივი ადგილი არ გააჩნია ადამიანს, სადაც თავს მიიდრეკს. ასე ირჩევს თავად და თუ რატომ, ეს არავინ იცის და მათ შორის, არც ჩვენ.
__ ვინ ზრუნავდა მასზე, კერძს ვინ უკეთებდა, სახლს ვინ ულაგებდა?
_ ბერი ნიკოლოზი, როგორც უკვე იცით, მარტო ცხოვრობდა ბინაში და მასთან მოსალოცად და მოსანახულებლად მისულ ადამიანებს ორ კვირაში ერთხელ ხვდებოდა.
მის საცხოვრებელ ბინაში შესვლის უფლება არავის ჰქონდა, გარდა ერთისა, რომელიც მისი ნათესავი იყო. ქალბატონი ლუიზა ზრუნავდა ბერის საჭიროებებზე, მასთან მიჰქონდა საკვები და ნივთები ორ კვირაში ერთხელ. სწორედ ამ დროს ხსნიდა კარს ბერი ნიკოლოზი და გამოდიოდა ლუიზასთან ერთად მასთან მისულ ადამიანებთან შესახვედრად. ასეთ დროს ბევრი ადამიანი იყრიდა თავს ბერი ნიკოლოზის კართან, ზოგს დახმარება ესაჭიროებოდა და სთხოვდნენ, მამაო, შვილი გადამირჩინეო, ზოგიც მადლობის სათქმელად მიდიოდა თავისი ან ნათესავის სასწაულებრივი კურნების და გამოჯანმრთელების გამო, ზოგიც, უბრალოდ, მის სანახავად იყო მისული. ყველას სურდა, თუნდაც ერთხელ მაინც მოეკრა თვალი ბერი ნიკოლოზისთვის.
__ ხშირად გვინახავს, მრევლს ფულს როგორ ურიგებდა…
_ მამაო მასთან მისულ ადამიანებს ურიგებდა სანთლებს, ტკბილეულს და იმ შემოწირულობას, რასაც მადლიერი ადამიანები გაიღებდნენ ხოლმე. თავისთვის თითქმის არაფერს იტოვებდა, რასაც შესწირავდნენ, გასცემდა. ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა ბერი, მწირი იყო მისი საკვები _ მხოლოდ ხილი, რძის პროდუქტი და მაღაზიაში შეძენილი დაკონსერვებული პროდუქტი. ცხელ საკვებს არ იღებდა, არ იყენებდა ელექტროენერგიას და გათბობას არასოდეს, სახლს თვითონ ალაგებდა. იდეალური სისუფთავე იყო მის ბინაში ყოველთვის. ქალბატონი ლუიზა გვეუბნებოდა, მამაოს ისე აქვს სახლი დალაგებული, მტვერსაც კი ვერ ნახავ ვერსად, ბზინავს ყველაფერი სახლშიო.
დღეს და ღამეს განმარტოებული ლოცვაში ატარებდა, მუდმივად ენთო მის ბინაში სანთლები და თითქმის არ ეძინა. არ ჰქონდა საწოლი და საბან-ლეიბი. დღე და ღამე ღმერთთან იყო ლოცვებით.
როგორც ვიცი, საბერძნეთიდან, რომელიღაც ტაძრიდან ითხოვეს, რომ ბერი ნიკოლოზი წასულიყო იქ სამოღვაწეოდ, მაგრამ არასოდეს დატოვებდა საქართველოს. ბერძენი სასულიერო პირის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის სთხოვს ბერს, წავიდეს საბერძნეთში… რუსეთიდანაც ჩამოსულან სასულიერო პირები და ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა ბერ ნიკოლოზს არავისთან ჰქონია პირადი შეხვედრა.
__ თქვენ გაავრცელეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერთან მისულ ექიმებს მის ბინაში არ უშვებენ და ეუბნებიან, ექიმი რად უნდა, თავად არის ღმერთიო.. გვიამბეთ ამ დღეზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ბერს ისე „დარაჯობდნენ”, რომ ექიმები არ შეუშვეს მასთან, როდესაც ეს ძალიან სჭირდებოდა.
_ ბერმა ნიკოლოზმა წარმოუდგენელი ტანჯვის, ტკივილისა და დევნილობის გზა გაიარა, რასაც ათეულობით წლების მანძილზე მდუმარებით ითმენდა. მეც და მრევლის სხვა წევრებსაც შინაგანი პროტესტიც კი გაგვჩენია მასზე, თუ რატომ არ უშვებდა მასთან მისულ მისივე მტანჯველ ადამიანებს, რომელთა ქმედების გამო ბერი ნიკოლოზი მრავალი წლის განმავლობაში არაერთგზის გამხდარა შეურაცხყოფისა და დაცინვის ობიექტი.
განსაკუთრებულად მინდა, გავამახვილო ყურადღება დაახლოებით ოთხი წლის წინ ბერის კართან „ჩანერგილი“ პირების მიერ შექმნილ ხატმებრძოლ და კაცთმოძულე დაჯგუფებაზე, რომელსაც დაარქვეს „ნესტანიანელები”. ეს პირები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას, ვინც ეწინააღმდეგებოდა და არ იზიარებდა მათ იდეოლოგიას. ამ დაჯგუფების წევრების აგრესიულ ქმედებათა გამო ხშირად მივმართავდით სამართალდამცავებს, სადაც დგებოდა მხოლოდ გასაუბრების და გამოკითხვის ოქმები და სხვა ტიპის საპროცესო დოკუმენტები. მოვითხოვდი დანაშაულის ჩამდენი, მოძალადე პირების პასუხისგებაში მიცემას და ვაფრთხილებდი სამართალდამცავებს, რომ ამ ფანატიკოსების ქმედებებს მოჰყვებოდა მსხვერპლი, რასაც გარდაუვალად მივიჩნევდი.
არ ვიცი, ეს როგორ მოხდა და საიდან დაიწყო, როგორ მოხდა ამ აგრესიული ფანატიკოსების თავმოყრა-შეკავშირება, არც ის ვიცი, ვის დავალებას და რატომ, რის ფასად ასრულებდნენ. ვიცი, მათი აგრესიული ქმედებები როდის გამოვლინდა მრევლთან მიმართებაში. მე დარწმუნებით ვამბობ, ამ ფანატიკოს აგრესორების ლიდერ ქალბატონს, რომელსაც ექვსი შვილი ჰყავს და მისი მეუღლე პოლიციის თანამშრომელია, პოლიციის თანამშრომლები არიან მისი შვილებიც, ჩემი თანდასწრებით უთქვამს, მე მრევლის წევრი არ ვარო. ამას ღმერთის წინაშე ვამბობ და შემიძლია ჩემი სიტყვები ბიბლიაზე დაფიცებითაც დავადასტურო. ამ ქალბატონმა მოიკრიბა მის წიაღში, არ ვიცი, საიდან მოსული ფანატიკოსები თუ დავალების კარგი შემსრულებლები. მას გვერდით ყოველთვის ედგა მამაკაცი, რომელსაც კარგი ფიზიკური მომზადებაც ჰქონდა გავლილი და ავღანეთში იყო ნამყოფი.
__ მამა ნიკოლოზს ოჯახის წევრები არ ჰყავდა ან არავინ აკითხავდა?
_ ბერი ნიკოლოზი დაოჯახებული არასოდეს ყოფილა. დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამა გაცილებით ადრე. ბიძა ჰყავდა წაღვერში, მერაბი და მასთან ცხოვრობდა თბილისში გადმოსვლამდე მამა ნიკოლოზი. მერაბიც გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. ძმა ჰყავს ბერ ნიკოლოზს, ზურაბი. ხშირად ვერ ახერხებდა ნიკოლოზთან მოსვლას, რადგან ბოლო პერიოდამდე ბათუმში ცხოვრობდა. ახლა, როგორც ვიცი, თბილისშია და სტუდენტ შვილებთან ერთად ცხოვრობს. ზურაბზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ღამის საათებში მინახავს მისული ნიკოლოზთან თავის ოჯახთან ერთად და დაუძახია კარის გარედან, მოვედი, აქ ვარ, რამე ხომ არ გიჭირს ან რამე ხომ არ გჭირდებაო და კარს მიღმა ბერ ნიკოლოზს ტაში დაუკრავს. ზოგჯერ საერთოდ დუმილითაც შეხვედრია ძმის მისვლას.
მერაბის ვაჟიშვილი აკითხავდა ხშირად ბიძას, საოცრად კეთილშობილი და მოკრძალებული ახალგაზრდა მამაკაცი. იმხელა მოკრძალება ჰქონდა ბიძასთან, რომ ვთხოვდით, კართან სიახლოვეს დადექიო, ვერ დგებოდა. ერთხელ მახსოვს, ბერ ნიკოლოზთან ნათესავი ქალბატონები მოვიდნენ, რომლებსაც ამ აგრესიულად განწყობილმა ფანატიკოსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და გააძევეს. ესენი ყველას შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციებს, ,,კომპრომატებს” და ამ კომპრომატებით ხდებოდა ,,ბრძოლა” ბერ ნიკოლოზთან მისულ ადამიანებთან, მათ მიმართ, ვინც ამ დაჯგუფების იდეოლოგიას არ იზიარებდა.
ამ დაჯგუფების ლიდერი ქალბატონი და ორგანიზაციის დამფუძნებელი იყო ნესტან-დედოფალი. მოითხოვდნენ, ასე რომ ვთქვათ, მისი სტატუსის ,,ლეგიტიმაციას” და ვინც არ აღიარებდა, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ეს ავღანეთგამოვლილი კაცი იყო ამ დაჯგუფების ამირსპასალარი. სულ თორმეტი ადამიანისგან შედგებოდა ეს დაჯგუფება. რამდენიმემ თავი დააღწია და ყური რომ ვერ მოისმენს, ისეთი შეურაცხყოფები გადალახა ამ დაჯგუფების წევრების მხრიდან, განსაკუთრებით ,,ნესტან დედოფლის” და მისი ,,ამირსპასალარის” მხრიდან. ეს ორნი სულ ერთად იყვნენ, მჭიდროდ, მხარდამხარ.
ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, ბერი ნიკოლოზის მრევლი ვერ ,,ჩაითრიეს” მათ დაჯგუფებაში. წლების მანძილზე ბევრი ვიშრომეთ, რომ გაგვეყარა ბერის კარიდან, მაგრამ ვერ შევძელით. არც სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა გვქონდა.
ბერ ნიკოლოზთან პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ ამ დრომდე არნახული აგრესიით, 24 საათის მანძილზე კართან ჩანერგილი აგრესორები არ უშვებდნენ მის ნათესავ ლუიზას, რომელსაც ბერთან საკვები პროდუქტი და საჭირო ნივთები მიჰქონდა. ამის არაერთი ვიდეომასალა და მოწმე არსებობს. არ შეუშვეს ექიმი, არც ბერთან მოსალოცად თუ მოსაკითხად მისული ადამიანები. ყველაზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, სცემდნენ და კიბეებიდან აგორებდნენ ხალხს. თორმეტი ადამიანიდან ხუთი, შვიდი მუდმივად კართან იდგა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
__ ბერის ფეხების ფოტოებიც თქვენ გაავრცელეთ, სადაც ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაში აქვს. როდის გადაიღეთ ეს ფოტოები?
_ პერიოდულად ბერ ნიკოლოზთან მისი დიდი ხნის მეგობარი მალხაზ ჯინორია მიდიოდა. მამაოს ასევე ძველი მეგობრები სხვებიც ჰყავდა, მაგრამ მალხაზი განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩეოდა. თანაც მას ჰქონდა უფლება მიღებული მამა ნიკოლოზისგან, რომ საჭიროებისამებრ მისულიყო მასთან.
ბოლოს, დაახლოებით სამ თვემდე პერიოდში, მალხაზი მივიდა მამა ნიკოლოზთან, რომელმაც, როგორც ვიცი, უთხრა, რომ ფეხები აწუხებდა და შეთანხმდნენ ექიმი შოთას მიყვანაზე. მამაოსთან ადრე სხვა ექიმებიც მიდიოდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მხოლოდ შოთა ექიმს ჰქონდა უფლება ბერთან მისვლისა. ამ დროს გადაუღეს ბერი ნიკოლოზის ფეხებს ფოტო და ვიდეო, რომლის ინტერნეტსივრცეში განთავსების უფლება არ მისცა მრევლს. შოთამ მალევე მიაწოდა საჭირო მედიკამენტები და ბერის მდგომარეობა დაექვემდებარა მკურნალობას. შედეგიც ჰქონდა, რამდენჯერმე იყო შესული შოთა ექიმი მალხაზ ჯინორიასთან ერთად და გავრცელდა ინფორმაცია მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ეს ნესტანიანელების დაჯგუფებამაც შეიტყო ,რასაკვირველია და დაიწყეს დადარაჯება ბერის კართან. ერთ საღამოს, როდესაც ლუიზამ პროდუქტი მიუტანა ბერ ნიკოლოზს, მოცვივდნენ, ლუიზას თანმხლებ პირებზე იძალადეს და კონსერვის ქილები დაამსხვრიეს, რაც ბერი ნიკოლოზის გასასუფთავებელი გახდა. ამ დროს მამაოს თითი გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. ეს ყოველივე მე ლუიზას თანმხლები პირების მონათხრობით ვიცი, რამაც ძალიან გამანერვიულა. ბერი ნიკოლოზის სისხლის დაღვრა არ იყო სასიკეთო.
ეს თორმეტკაციანი აგრესიული დაჯგუფება პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გაააქტიურეს. დღე-ღამის განმავლობაში ბერის სადარბაზოში და სახლის კართან იდგნენ. ძალადობდნენ ყველაზე, ვინც აკითხავდა, ბერი ნიკოლოზს ეძახდნენ ნარიმანს, ბერის საერო სახელს, რასაც პირადად მე და სხვებიც შეურაცხყოფად ვიღებდით.
მათვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბერმა ნიკოლოზმა სახლის კარი გააღო და მეტად დაუძლურებული გამოვიდა სახლიდან, ნაბიჯის გადადგმა უჭირდა და დიდხანს იყო გაჩერებული ერთ ადგილას… ზედ არავის გვიყურებდაო, მითხრა ამ დაჯგუფების ერთმა წევრმა ქალბატონმა. მოპირდაპირე ბინისკენ გაემართა და წაბორძიკებისას ხელი შეაშველა იმ „ამირსპასალარმა”. კართან მისულმა ორჯერ ჩამოწია სახელური და ასევე მდუმარედ გამობრუნდა თავისი ბინისაკენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რადგან ვეღარ გადაადგილდებოდაო.
იმავე დღეს, ღამის საათებში, ექიმთან ერთად მივიდა მალხაზ ჯინორია, რომლებიც შეურაცხყვეს და გაყარეს, რად უნდა ნარიმანს ექიმი და წამალი, ღმერთია და თავს თვითონვე აღიდგენსო. მას შემდეგ ბერი ნიკოლოზი აღარ გამოსულა სახლიდან, არც არავინ მიაკარეს ამ ჩანერგილებმა.
14 აპრილს ისანი-სამგორის შსს-ს მთავარ სამმართველოს დაუყოვნებლივ რეაგირების მოთხოვნით მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში ხუთი წლის მანძილზე. პოლიცია ,,მემატიანეს” შექმნით იყო დაკავებული.
მავანს და მავანს, ბერ ნიკოლოზისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებს კი სურდათ, რომ ბერი ნიკოლოზის წიაღში მყოფი ადამიანები სექტად შეერაცხა, მაგრამ ეს არ მოხერხდებოდა, რადგან ბერი ნიკოლოზი ცხოვრობდა ასკეტურად და თავმდაბლად, მისი ურთიერთობა ადამიანებთან საზოგადოებისთვის ყოველთვის თვალსაჩინო და გამჭირვალე იყო. ეს აგრესორები, მართალია, შემოაგდეს ბერი ნიკოლოზის წიაღში, რომ მოეხდინათ ანტიმართლმადიდებლური დაჯგუფების ფორმირება, მაგრამ ვერ შეძლეს. შეძლეს ის, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა. რომ არა ეს კრიმინალები, ბერი ნიკოლოზი დღეს გვერდით გვეყოლებოდა და კვლავ ასე მდუმარედ განაგრძობდა საქართველოსთვის ლოცვას.
sarkenews ახალი ამბები