სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალის, „ურან-238“-ის უკანონო მოპყრობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული „ურან-238“-ის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გაყიდვას გეგმავდა.
უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავების მომენტი და ამოღებული მასალა. სუს-ს არ დაუკონკრეტებია, სად და რა პირობებში ინახებოდა „ურან-238“, რა რაოდენობის მასალა ამოიღეს და რომელი ქვეყნის მოქალაქეზე იგეგმებოდა მისი გაყიდვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი უკანონო მოპყრობას ეხება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავება კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად განახორციელეს.
radiotavisupleba ახალი ამბები