ბრიტანეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან მოგზაურობისგან „დაძაბულობის გამო“

5 hours ago 1

სამხრეთ კავკასიაში ორ ქვეყანას შორის კვლავ განგრძობადი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ იმოგზაურებენ სამხრეთ-დასავლეთ აზერბაიჯანში, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში.

7 აპრილისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე აზერბაიჯანში მოგზაურობასთან დაკავშირებით ორი ტიპის შეზღუდვა აქვს გამოცემული.

  • „გირჩევთ ყველანაირი ტიპის მოგზაურობისგან თავის შეკავებას“ - ეს გაფრთხილება ეხება სასაზღვრო ზოლს და იგი წითლად არის მონიშნული;
  • „გირჩევთ ყველანაირი ტიპის მოგზაურობისგან შეკავებას, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ დგას“, - ეს გაფრთხილება კი ეხება მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონებს, რომლებსაც სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალები ათწლეულობის განმავლობაში აკონტროლებდნენ, ყარაბაღის 2020 წლის მეორე ომისა და შემდგომში განვითარებული მოვლენების შედეგად კი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.

რუკაზე მონიშვნები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე

რუკაზე მონიშვნები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე

სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო უწყება წერს: „სომხეთთან [აზერბაიჯანის] საზღვარი კვლავ დაკეტილია. საგარეო საქმეთა სამინისტრო გირჩევთ, თავი შეიკავოთ ყველანაირი ტიპის მოგზაურობისგან აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მიდამოებში, სომხეთთან საზღვრიდან 5 კილომეტრის დისტანციაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო“.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.

თუმცა შეთანხმებისათვის ხელი კვლავ არ მოუწერიათ - პარალელურად კი სასაზღვრო რეგიონებში დაძაბულობაა.

სოფელი ხნაწახი, სიუნიქის პროვინციაში

სოფელი ხნაწახი, სიუნიქის პროვინციაში

სომხეთის მხარეს სასაზღვრო ზოლში, სიუნიქის პროვინციაში მცხოვრები მოსახლეობა აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ ცეცხლზე საუბრობს, ბაქო კი სომხურ მხარეს ადანაშაულებს ცეცხლის გახსნაში.

სიუნიქი სწორედ ის რეგიონია, სადაც აზერბაიჯანს „ზანგეზურის დერეფნის“ - ერევნის დახასიათებით, „ექსტრატერიტორიული ერთეულის“, - გაჭრა სურს ნახიჭევანთან დასაკავშირებლად.

შაბათს, 5 აპრილს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი გენერალიტეტს შეხვდა „სომხური მხრიდან რეგულარული სროლების“ განსახილველად და სახელმწიფო არმიის დანაყოფებს მოუწოდა, „მზად იყვნენ, რათა ნებისმიერ პროვოკაციას დროულად უპასუხონ“.

სრულად წაკითხვა