ბრიტანელს რუსეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ტერაქტისა და დაქირავებული მებრძოლობის ბრალდებით

11 hours ago 2

დასავლეთის ოლქის მეორე სამხედრო სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრიტანეთის 22 წლის მოქალაქე ჯეიმს სკოტ რის ანდერსონს, რომელიც ტერაქტსა და დაქირავებულ მეომრობაში ცნეს დამნაშავედ. ამის შესახებ კურსკის ოლქის სასამართლოების პრესსამსახური იტყობინება.

პირველ ხუთ წელს ის ციხეში გაატარებს, დანარჩენ ვადას კი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

ის კურსკის ოლქში დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქე და „დაქირავებული ფორმირებების სხვა წარმომადგენლები“ 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს „მოსახლეობის დაშინების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებისა და სამთავრობო ორგანოების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით“.

დაკავებულის მამამ, სკოტ ანდერსონმა The Independent-ს უთხრა, რომ შიშობს, რომ მის შვილს „რუსეთში აწამებენ მას მერე, რაც ის უკრაინისთვის იბრძოდა“: „მას სურდა იქ წასვლა, რადგან ფიქრობდა, რომ სწორად იქცეოდა. ის იმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაც ხდებოდა უკრაინელი ხალხის თავს“.

სკოტ ანდერსონმა აღიარა, რომ ატირდა, როდესაც მიიღო ვიდეო, რომელშიც მისი ვაჟი „შეშინებული და შეშფოთებული“ გამოიყურება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ „მხარდაჭერას უწევდნენ ბრიტანელის ოჯახს მისი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ“.

საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ანდერსონის ქვედანაყოფში იმყოფებოდა, სავარაუდოდ მოწმის სახით დაიკითხა.

სასამართლოს ცნობით, ბრიტანელმა დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ ომში მონაწილეობა ფულადი ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. დაცვის მხარემ მოითხოვა, გამორიცხულიყო მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები და ბრალის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებად ყოფილიყო ცნობილი.

სრულად წაკითხვა