გადაიდო აშშ-ირანის მოლაპარაკება, რომელიც 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა დაწყებულიყო

1 hour ago 1

19 ივნისს შვეიცარიაში აღარ გაიმართება მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების რეალიზაციის მიზნით.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის, ირანის და შუამავალი კატარის და პაკისტანის წარმომადგენელთა მოლაპარაკება გადაიდო.

შვეიცარიას მიზეზი არ დაუსახელებია. საგარეო საქმთა სამინისტროს თანახმად, შვეიცარია კვლავაც მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს და მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.

მოლაპარაკება 19 ივნისს უნდა დაწყებულიყო ბიურგენშტოკის საკონფერენციო ცენტრში.

ერთი დღით ადრე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გაუქმდა შვეიცარიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტი. მას მონაწილეობა უნდა მიეღო ირანთან მოლაპარაკებაში. ვიზიტის გადადება ლოგისტიკურ პრობლემებს დაუკავშირეს.

17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად.

რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს 14-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას, ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.

სრულად წაკითხვა