2024 წლის 19 ნოემბერს დედაქალაქში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელ აქციაზე დაკავებული მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს თხოვნით, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი მისი შვილის გასათავისუფლებლად.
თამუნა მჭედლიშვილი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, ღია წერილს „ფეისბუკში“ აქვეყნებს.
„ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა... მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!“ - აცხადებს მათე დევიძის დედა.
ორ წელზე მეტი გავიდა, რაც მათე დევიძე საპატიმროშია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათე დევიძეს და მის მსგავსად დაკავებულ ათობით ადამიანს სინდისის პატიმრებს უწოდებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
დევიძე დაკავების დროს 20 წლის იყო. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2025 წლის 12 ივნისს მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება - პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
radiotavisupleba ახალი ამბები