WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„სარკე“, რუსუდან ადვაძე

12 წლის წინ მლეთაში დაკარგული ბიჭის ამბის გახმაურებამ მთელი ქვეყანა შეძრა. დედა, რომელიც 12 წელია შვილს ეძებს, დახმარებას ითხოვდა და ამის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა. 17 წლის გურამ დადიანიძე, როგორც იტყვიან, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის, ან ვიღაცამ იცის და საგულდაგულოდ მალავს.

2014 წლის 10 ივნისს სოფელ მლეთაში, ლომისობაზე, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში, თბილისის თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. მიკროავტობუსი სოფელ მლეთაში გაჩერდა და სამეზობლომ ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელა. მათ შორის გახლდათ გურამიც, რომელიც იმ პერიოდში მამიდასთან, ნინო დადიანიძესთან ცხოვრობდა და სამეზობლოს გაჰყვა ექსკურსიაზე.

სალოცავში მცირე ხნით გაჩერდნენ და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნდნენ. მიკროავტობუსამდე 15 მგზავრი მივიდა, მაგრამ გურამ დადიანიძე _ არა…

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე, შესვენების მიზნით, ქვაზე ჩამოჯდა. ამ ამბავს ადასტურებს როგორც დადიანიძის ერთი ნათესავი, ასევე ორი მეზობელი.

როგორც შსს იტყობინება, 12 წლის წინ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი. შესვენებისას ბიჭმა თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

როგორც სამართალდამცავი სტრუქტურა იუწყება, ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მასთან დაკავშირება ფიზიკურად ვერავინ შეძლო. ასევე ვერ მოხერხდა მისი შემდგომი გადაადგილების დადგენა.

მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, იმ ადგილას, სადაც ის ჩამოჯდა, ბევრი მომლოცველი დადიოდა.

საქმის მასალებში წერია, რომ გამოკითხულია ყველა, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა. ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძის მიმართ წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

„2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება“, _ აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება თავიდან ცოტა ხნის წინ დაიწყო. შსს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის, საქმის გამოძიებისას ბოლო ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ბიჭის ხმა ისმის _ „ძაგან/კახა არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამ დადიანიძის დედა დარწმუნებულია, რომ 12 წლის წინ იუთუბ-ზე ატვირთულ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.

საქმის გახმაურების შემდეგ სამართალდამცავებმა იმ ტერიტორიის თავიდან შემოწმება დაიწყეს, საიდანაც, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა ჯგუფმა მიწას სკანერი გადაატარა… ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ იმ საბედისწერო დღეს მლეთაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც, შესაძლოა, დაკარგული ბიჭი ცოცხლად დამარხა.

ის ადგილები კი, სადაც სკანერი ვერ გადაატარეს, მძიმე ტექნიკის დახმარებით გადათხარეს, მაგრამ ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს…

…

12 წლის წინანდელ ამბავზე გამოძიების თავიდან დაწყება ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის დამსახურებით მოხდა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ 2014 წელს, როდესაც ბიჭი დაიკარგა არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, მას კი ხელში ბევრი მტკიცებულება უჭირავს, რომ დაკარგული ბიჭის კვალზე გავიდეს.

 ტარიელ კაკაბაძე:

_ ცოტა ხნის წინ, როდესაც აღნიშნული ამბავი გახმაურდა, მივიღე უამრავი შეტყობინება, ადამიანები მწერდნენ, მნიშნავდნენ კომენტარებში და მთხოვდნენ, დავხმარებოდი გამწარებულ დედას, რომელიც, 12 წელია, შვილს ეძებს. რომ მოვისმინე დედის მონაყოლი, გამიჩნდა სურვილი, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს სურვილი, დაეხმაროს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს თავისი პროფესიის გამოყენებით, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დავხმარებოდი. რომ შევხვდი ამ ქალბატონს, ბევრი პრობლემა დავინახე.

სავარაუდოდ, შესაძლოა, 12 წლის წინ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტული პირების მიერ. მეორე, სახელმწიფოს არ აქვს გამოძიებული ეს საქმე. გამომძიებლებს ფაქტობრივად არაფერი აქვთ გაკეთებული სიმართლის დასადგენად. საქმე მიჩქმალულია და არასწორი მიმართულებით არის წასული.

წლების განმავლობაში დედას ბევრი ადამიანი ატყუებდა. აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას თავის შვილთან დაკავშირებით და ეს ქალბატონი, 12 წელია, საკუთარი რესურსებით ცდილობს გაარკვიოს შვილის ამბავი _ ცოცხალია თუ არა, თუ გარდაცვლილია, რა ვითარებაში გარდაიცვალა და სად არის გვამი. როგორც ჩანს,  აქ ისეთი ბურუსით მოცული, სერიოზული რამ არის მომხდარი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი თავისი რესურსით პასუხს ვერ მიიღებდა. ეს ქალბატონი 12 წლის განმავლობაში აკეთებდა იმას, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა თავისი უზარმაზარი რესურსების გამოყენებით. როდესაც მე დავინახე, რომ ეს ადამიანი დაჩაგრული იყო ყველას მხრიდან, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩავრთულიყავი ამ საქმეში და დამეწყო კომპლექსური მუშაობა ყველა მიმართულებით.

ახლა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იგეგმება, რაზეც 12 წლის განმავლობაში არც კი უფიქრიათ. ფაქტობრივად თავიდან არის საქმე გამოსაძიებელი. რაც მანამდე გაკეთდა, იმას გამოძიებას არ ვეძახი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წელს არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 2017 წელს დაიწყო გამოძიება და ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვით შემოიფარგლა. ეს არ არის გამოძიება, ეს ფორმალობაა. შემდეგ კი, როდესაც ნათელი გახდა, რომ არ ან ვერ პასუხობდნენ კითხვებს, ვიღაცამ მოიგონა, რომ იმ ადგილას მეწყერი ჩამოწვა და იქ მოყვა ეს ბავშვი. რაც უფრო წინ მივდივარ ამ საქმეზე, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მეწყრის ამბავი გამოგონილია. მიჩნდება ვარაუდი, რომ მეწყრის თემა გამოიგონეს იმ მიზნით, რათა საზოგადოება დაეშოშმინებინათ, გაეჩუმებინათ დედა და ეთქვათ, რომ აქ არანაირი დანაშაული ჩადენილი არ იყო.

_ მეწყერი რომ ჩამოწვა, ამის დასკვნა არსებობს?

_ არ არსებობს დასკვნა და ამ დროს ეს ვერსია გაჟღერდა ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ ხალხმა იფიქრა, აქ მეწყერი იყო და ვინ რა უნდა გამოიძიოსო. ამ დროს არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეწყერი ჩამოწვა და იქ მოყვა ადამიანი. მართლაც რომ მეწყერი ყოფილიყო, მაინც რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინა გამოძიებას.

ამ საქმეზე მუშაობა რომ დავიწყე და ვნახე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოები ადამიანის დაკარგვასთან დაკავშირებით, იქაც ვერ ვნახე რაიმე, რაც დაადასტურებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. გამოდის, დააიგნორეს ის ყველაფერი, რაზეც ჟურნალისტები საუბრობდნენ. 2014 წლის ინტერვიუებს რომ ნახავ, აშკარაა, რომ ის ადამიანები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს ავრცელებენ.

რა მოტივი აქვთ ადამიანებს, რომლებიც ცვლიან და არასწორ ინფორმაციებს აწვდიან გამოძიებას, ამ კითხვებს პასუხი არ უნდა გასცემოდა?! ამიტომ თავიდან გვიწევს ყველაფრის გაკეთება. როდესაც ყველა მტკიცებულება გამქრალია, დამერწმუნეთ, არცერთ მათგანს, ვინც რამეს მალავს, მაშინდელი ტელეფონები აღარ ექნებათ და აღარც ინფორმაციაა შენახული. შესაბამისად, ყველაფერი ნულიდან არის გამოსაძიებელი.

ჩემს ყველა პოსტს და კომენტარს უდიდესი გამოხმაურება აქვს და საზოგადოების ყურადღებას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. არ ჩერდება ჩემი ტელეფონი და სოციალურ ქსელშიც უამრავ ინფორმაციას მაწვდიან ადამიანები. საზოგადოება იბრძვის ჩვენთან ერთად და სტკივა ბავშვის დედის, სოფიოს, გულისტკივილი. მჯერა, რომ ჩვენ ამ საქმეზე შედეგს დავდებთ. ეს შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა. ვინც არ უნდა შეგვეწინააღმდეგოს, ბრძოლას მაინც ბოლომდე მივიყვან.

ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გურამი იყო წასული, ბევრ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას აძლევენ გამოძიებას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა, ეს თემა გავშალო. ასევე არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო საქმის სრულყოფილად გამოძიების გარეშე. მე ჩემი ხედვა და ვარაუდები მაქვს, მაგრამ გამოძიების ინტერესები მოითხოვს, გარკვეული დეტალები ჩემთვის დავიტოვო.

_  რას იტყვით იმ ვიდეოს ავთენტურობაზე, რომელიც ახლახან გავრცელდა, სადაც ბიჭი შველას ითხოვს?

_ ეს ვიდეო დადებული იყო 12 წლის წინ. ჩვენ ყველა ვიდეოს შესწავლა დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ ხმა, რომლითაც დასტურდება, რომ განწირული ადამიანი შველას ითხოვს. მე დავუკავშირდი პიროვნებას, ვინც გადაიღო ეს ვიდეო და განათავსა იუთუბიზე, არაერთი კითხვა დავუსვი. მან მითხრა, რომ უბრალოდ იღებდა გარემოს და სრულიად შემთხვევით არის იქ მოხვედრილი ადამიანთა საუბარი და ის ხმა, თუმცა არ დაუნახავს, ვინ ითხოვდა შველას, რა სახის შველას ითხოვდა. ადასტურებს, რომ ეს არის ავთენტური ვიდეო. რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც ქალბატონ სოფიოს ვკითხეთ, კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს მისი შვილის ხმაა. მას ეს ვიდეო აქამდე ნანახი არ ჰქონდა.

ნაწილი ადამიანებისა, ვინც ამ ვიდეოს უსმენს, ამბობს, რომ ესმის „კახა, არ დამტოვო“, ნაწილს ესმის „ძაგან, არ დამტოვო“. მე თავიდან თითქოს კახა უფრო მესმოდა, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით რომ მოვისმინე, ვიხრები იქით, რომ ისმის „ძაგან“. ექსპერტიზისა და ვიდეოს მაღალ დონეზე გაწმენდის გარეშე 100%-ით იმის თქმა, რა და როგორ ისმის, შეუძლებელია. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

_ კახა დაკარგული ბიჭის მამიდის ოჯახის ახლობელია. ძაგანაშვილი თუ ძაგანია ფიგურირებს ამ საქმეში?

_ მოვლენებს არ გავუსწრებ, თუმცა ვისი კომენტარიც გავრცელდა, მას, გიორგი ძაგანაშვილს, დავუკავშირდი და არაფრით დასტურდება, რომ გურამი მას იცნობდა. „ძაგან“ შეიძლება იყოს როგორც ძაგანაშვილი, ისე ძაგანია, ძაგანიშვილი და ა.შ. გასარკვევია, ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც გურამ დადიანიძე შველას სთხოვდა. არ მინდა, „კარტები“ წინასწარ გავხსნა, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ შეგნებულად შეუშალოს ხელი გამოძიებას.

_ რამდენად უშვებთ ვერსიას, რომ გურამ დადიანიძე ცოცხალია?

_ სანამ პასუხი არ გვაქვს კითხვაზე, თუ რა ვითარებაში, როგორ დაიკარგა, სად გაქრა მისი კვალი, იმის თქმა, ცოცხალია თუ მკვდარი, შეუძლებელია. გამოძიებას კი ახლა ნულიდან ვიწყებთ. ამჯერად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

_ აცხადებდით, რომ მამიდა, რომლის მეზობლებსა და ნათესავებსაც 17 წლის ბიჭი ექსკურსიაზე გაჰყვა, თქვენთან კონტაქტზე უარს ამბობდა, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაძლოა, ეს მის ბრალეულობაზე მეტყველებდეს?

_ უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელს ვერავის დავადებ და ჩემი პროფესიული ეთიკაც მავალდებულებს, რომ თავი შევიკავო კატეგორიული დასკვნის გაკეთებისგან, თუმცა ის საქციელი, რასაც მე ვხედავ მამიდის მხრიდან, ნამდვილად ძალიან საეჭვო და, მსუბუქად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნების გამჩენია. როგორ შეიძლება მამიდა თავს არიდებდეს კომუნიკაციას იმ ადვოკატთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მისი გაუჩინარებული ძმისშვილის საქმეზე კითხვებს პასუხი გაეცეს?! საქმეზე, რომელზეც 12 წელია არაფერი გაკეთებულა. მამიდა 12 წელია, არაფერს აკეთებს, რომ დაკარგული 17 წლის ბავშვი იპოვონ და ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა…

ჩვენ ვცდილობთ, რეალობა გავარკვიოთ და მისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას ვიღებთ. ეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს. მამიდა უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც მშობლების შემდეგ ყველაზე დაინტერესებული პირი იქნებოდა ამ საქმეში. აგრესიას არ უნდა იჩენდეს ადვოკატის მიმართ და კომუნიკაციას არ უნდა არიდებდეს თავს.

– რა კითხვები გქონდათ მასთან?

_ მხოლოდ მე ვიცი, მასთან რა კითხვებიც მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან კომუნიკაციას აარიდა თავი, რაც მე პირადად დამატებით კითხვის ნიშნებს მიჩენს. თუ მასთან აქამდე რამდენიმე კითხვა მქონდა, ახლა უფრო ბევრი კითხვა მაქვს.

დედა კმაყოფილია, რომ საზოგადოება ეფექტურად მუშაობს და იმ ღირსეულ საქმეს აკეთებს, რასაც ჰქვია გაერთიანება ერთი ოჯახის ტრაგედიის გარშემო. ამ საქმით ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის შემდგარი, ღირსეული საზოგადოებაა და შეუძლია ქართველ ერს ტრაგედიის წინააღმდეგ გაერთიანება და ბრძოლა, რათა სამართლიანობამ იზეიმოს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გავარკვევთ ყველა დეტალს.

…

„დავრწმუნდი, რომ, რა ადგილიც მეეჭვებოდა, ის ადგილი სუფთაა. ასე რომ, ახლა გამოძიება მიმდინარეობს სხვა მიმართულებით“, _ ამბობს გურამ დადიანიძის   დედა, სოფიო ბიბილაშვილი „სარკესთან“ და ბიჭის მამიდასთან უთანხმოებას უარყოფს. მას იმედი აქვს, რომ რადგან მლეთაში ცხედარს ვერ მიაგნეს, შვილს უვნებელს იპოვნის.

სოფიო ბიბილაშვილი:

_ ჩემი შვილი გორის რაიონში, სოფელ შერთულში დაიბადა. მამამისის სოფელია. მე მეჯვრისხევში ვცხოვრობ. გურამი ძალიან კარგი, თბილი, მშვიდი და საყვარელი ბიჭი იყო.

_ 9 წლიდან მამიდა ზრდიდაო, წერდნენ სოციალურ ქსელში.

_ 9 წლის იყო, მე რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ  წავედი. მერე გორში, ჩემს ძმასთან ცხოვრობდა და ქალაქის სკოლაში სწავლობდა. მე-7-დან მე-9 კლასამდე მამიდასთან ცხოვრობდა თბილისში და იქ სწავლობდა. 9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა და ჩემთან იყო თურქეთში. მე წავიყვანე მინდობილობით. გადადიოდა და გადმოდიოდა.

_ მამამისთან ერთად არ ცხოვრობდით?

_ არა, გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ბავშვის გამო ვურთიერთობდით და არც კონფლიქტი გვქონია. დღემდე ასეა. ისინი თავისით ეძებდნენ, მე _ ჩემით. არც მამიდასთან მქონია კონფლიქტი. მისვლა-მოსვლა არ გვაქვს ახლა, მაგრამ მე რომ ვეძებდი ბავშვს და ამის გამო სადმე წავიდოდი, სულ მეკითხებოდა, რა ხდებოდა. ახლაც მეკითხება, როგორ მიდის გამოძიება, რა ეტაპზეა და ა.შ.

მაშინ მამიდასთან იყო და მას რომ არ გაეშვა ექსკურსიაზე, ჩემი ბიჭი ისეთია, ეწყინებოდა. მამიდა იმ ექსკურსიაზე არ ყოფილა, ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ. ბიჭი მეზობელ ბავშვებთან ერთად გაუშვა. იქ რა მოხდა, მეც გადმოცემით ვიცი და მამიდამაც. არც იმ კახას ვიცნობდი, ვისაც გაჰყვა ბავშვი. რამდენჯერმე გურიკამ დამირეკა თურქეთში და, რომ მიკითხავს, ვინ არის-მეთქი, კახააო, უთქვამს. მერე იქ რომ დავინახე, ბავშვს ეძებდა, ვიცანი, ის იყო, ვისაც ჩემი შვილი ელაპარაკებოდა. ეს კახა მამიდის ქმრის ძმის მეჯვარეა, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობს.

იმ საშინელ დღეს დამირეკეს და მითხრეს, სოფო, გურიკა დაიკარგა ლომისაზეო.

_ ამდენი წლის მერე რა ვერსიები გაქვთ?

_ არ ვიცი. მშვიდი და მხიარული ბიჭი იყო გურიკა. იმ გახმაურებული ვიდეოს გარდა, კიდევ სხვა დეტალებიც გამოჩნდა და თავის დროზე ამ ყველაფერზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს.

ეს ვიდეო ახლა ვნახე, თორემ მაშინვე გავახმაურებდი. მაშინ არ მყავდა ადვოკატი და არც არავინ მაქცევდა ყურადღებას. სადაც მივიდოდი, ვილაპარაკებდი, ვიტირებდი და მოვდიოდი. ბატონი ტარიელი გამოგვეხმაურა და, საბედნიეროდ, ახლა იმედი მაქვს, კვალზე გავალთ.

ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი მეგულებოდა, ჯერ სკანერი, მერე ტრაქტორები გადაატარეს, გადათხარეს… ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენს ის გვიჩვენებს.

_ თქვენი ინტუიცია რას გკარნახობთ?

_ აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა, ახლა იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, რომელიც რატომღაც ჩაბეტონებული იყო და ვერაფერი ნახეს. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში  მოყვა ბავშვი და იმედია, ცოცხალია და გამოჩნდება.

ეს 12 წელი არ მიცხოვრია, მხოლოდ ვარსებობდი. მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი არსებობდა… მხოლოდ ტანჯვა და მეტი არაფერი.

_ ეზოთერიკოსი ცირა კუპრაშვილმა ჩვენს ჟურნალთან აცხადებს, რომ ბიჭი სტიქიის ქვეშ არის მოყოლილი. იმ ადგილსაც ვხედავ, სადაც ეს უბედურება მოხდა, გურიკოს დედას ვესაუბრე და  ვუთხარი, რომ მძიმე ტექნიკა სჭირდებათ მის საპოვნელადო. ამის გამო ხომ არ მოითხოვეთ იქაურობის გადათხრა?

_ კი, მითხრა ასე, მაგრამ მანამდეც ვფიქრობდი იქაურობის დათვალიერებას. მინდოდა, ყველაფერი გამომერიცხა და დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. ამ 12 წლის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ ცოცხალი იყო და შემეხმიანებოდა. რადგან არ გამოჩნდა, უკვე იმ ვერსიისკენ ვიხრებოდი, რომ რაღაც მოუვიდა. ახლა კი ფაქტობრივად პასუხი მივიღე და მადლობელი ვარ.

ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი ცრუ ინფორმაციას მაწვდიდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი მონასტერში ნახეს. თუ ვინმე რამეს მეტყოდა, აუცილებლად მივდიოდი და ვამოწმებდი, მაგრამ კვალს ვერ მივაგენი. ახლა კი ისეთი გამოძიება მიდის, მჯერა, ბოლომდე გავალ. ბავშვი ფაქტობრივად გაქრა, არსად არის არც მკვდარი, არც ცოცხალი. საიდანაც ვინმემ ხმა მომაწვდინა, ყველგან ვეძებდი, არ გავჩერებულვარ ამ 12 წლის განმავლობაში.

_ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ერთ-ერთი მონასტერში მცხოვრები ბიჭის ვიდეო, რომელზეც წერდნენ, გურამია 12 წლის შემდეგო…

_ არ არის ეს ბიჭი ჩემი შვილი. წერდნენ, დედამისმა ვერ ამოიცნო ამდენი წლის შემდეგო. ამ ბიჭს ველაპარაკე და ვთხოვე, დაეწერა სოციალურ ქსელში, რომ არ იყო გურამი. „შრამი“ აქვსო, ეს აქვს, ის აქვსო. გურიკას „შრამი“ არ აქვს, სად უპოვეს ფოტოზე, არ ვიცი.

_ იმასაც ამბობენ, ფსიქოტროპიულ წამლებს სვამდაო.

_ მე ფსიქოტროპიული წამალი არასოდეს მიმიცია ჩემი შვილისთვის და სად დალია, ვისთან, არ ვიცი.

_ იმ საბედისწერო დღეს გურამთან ერთად მყოფ პირებზე რას ფიქრობთ, მალავენ რამეს?

_ ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს და არ მაქვს ზოგი რამის თქმის უფლება. ვინ რას და რატომ მალავს, ამ ყველაფერზე პასუხს გამოძიება გასცემს.

…

გურამ დადიანიძის მამიდასთან, ნინო დადიანიძესთან, დაკავშირება „სარკემ” სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ნინო დადიანიძის ხმოვანი ჩანაწერი, სადაც ის ამბობს:

„სანამ მლეთაში წავიდოდნენ, წინა დღეს დამირეკა, მამიდა, ტელეფონის „კარტა“ დამეწვაო… მორიგე ვიყავი. ვუთხარი, თუ შეგიძლია, მეტროსთან იყიდე, თუ არა, მე მოგიტან-მეთქი.  მორიგეობიდან ვბრუნდებოდი და დამხვდნენ ბავშვები, რომლებიც „მარშრუტკით“ მიდიოდნენ ექსკურსიაზე მლეთაში, სალოცავში. წავიდნენ… სულ შინაურები იყვნენ, არცერთი ბავშვი არ იყო უცხო.

მეორე დღეს, გათენებისას, კახას მეუღლემ, ნანამ, დაუძახა ჩემს მეუღლეს _ ასე და ასე მოხდა, გურამის ვერ პოულობენო. უცბათ ავდექი, რას ჰქვია, ვერ პოულობთ-მეთქი. დილის 6-7 საათი იქნებოდა, მლეთაში რომ წავედით და მას მერე სულ ვეძებდით განუწყვეტლად, რამდენიმე კვირის განმავლობაში. იქ მყოფი ბავშვები, ყველა აღნიშნავდა, რომ ჩამოვიდნენ სოფელთან ახლოს. იქ არის გზის განაყარი… გურიკამ გვითხრა, წადით და დაგეწევითო. მე იქ არ ვყოფილვარ. ამბობენ, ეს საზიზღარი მამიდა, ძმისშვილი იქ დატოვაო, როგორ წამოვიდა და როგორ ეძინაო… უნდა რცხვენოდეთ ამ კომენტარების გამკეთებლებს! არ იციან, როგორი ადამიანი ვარ ან როგორი მამიდა ვიყავი და როცა არ იცი, ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო.

როგორც მითხრეს, მოუკითხია კახას, გურიკა სად არისო, აბრუნებულა და დაუწყია ძახილი. ხმა რომ არ გასცა, ბავშვებს მოძებნა დაუწყიათ. ეს ვიცი ამ დღესთან დაკავშირებით…

ვეძებდით. იქ იყვნენ ადგილობრივებიც, მაშველებიც, პოლიციაც, მეზობლებიც, ახლობლებიც. ყველა ვეძებდით. ჩემი ძმაც იყო ნახსენები, რატომ არ ჩანსო. ჩემმა ძმამ მიმართა იმ დღეს ყველას, იქნებ დაგვეხმაროთ ბავშვის მოძებნაში ძაღლებით, თვითმფრინავით, რის საშუალებაც გაქვთო. თითქოს ჩემს გურიკაზე სხვები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე მე, კომენტარებში რომ წერენ ვიღაცები, ეს ისეთი და ასეთი მამიდაო. თუ ვინმეს გაუწევია ცხოვრებაში მამიდობა, ყველა დამეთანხმება, მამიდასთვის ძმისშვილი როგორი ძვირფასია… ადვოკატთან დაკავშირებით საუბრობდნენ. მე არასდროს მითქვამს ადვოკატთან თუ მოსამართლესთან შეხვედრაზე უარი.

მე 29 ივნისს მივეცი ჩვენება, მცხეთის პოლიციაში ვიყავი ჩასული. არასოდეს მითქვამს, რომ ადვოკატს არ შევხვდებოდი… კახა ჩემი შვილის ნათლიაა. გაუნათლებელი, ურწმუნო ადამიანი, რომელიც არ მიცნობს, ცილს მწამებს და მაბრალებს რაღაცას. უბრალოდ, უნდა რცხვენოდეთ!.. ეს მკვლელი, ეს ისეთი ქალიო… ღმერთს მაინც შეხედონ! დარწმუნებული ვარ, სანთელი ყველას უჭირავს და პირჯვარს იწერს… ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგანან და გული შესტკივათ ჩემს გურიკაზე, მაგრამ… ვერავინ იტყვის, რომ მე და ჩემს რძალს ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მე და სოფოს, დღემდე გვაქვს მიწერა და მოწერა ერთმანეთში”…