WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძემ და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პრეზიდენტის ერთ-ერთმა საგანგებო წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ილაპარაკა ბოლო პერიოდში მიმდინარე დისკუსიებზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემის შესახებ, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5-ე მუხლის კვალდაკვალ.

სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებულ პოსტში კუშნერი წერს - "პრეზიდენტ ტრამპის მზაობა უკრაინისთვის განხილული იყოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები საკვანძო ელემენტია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. რუსეთის სურვილი განიხილოს ასეთი გარანტიები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და პოტენციური ნიშანი, რომ ის მშვიდობას სერიოზულად ეკიდება".

კუშნერმა გაიზიარა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრება - რომ ასეთი გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, სანდო და მკაფიოდ გაწერილი. თუმცა, კუშნერის პოსტიდან ჩანს, რომ ამგვარი გარანტიების შემუშავება არ იქნება ადვილი, რადგან საქმე ეხება "ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ვალდებულებას, რომელიც აშშ-ის შეუძლია იკისროს".

კუშნერის თქმით, ტრამპი ამგვარი გარანტიების გაცემას დათანხმდება "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ ისინი მკაფიოდ ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს". ამასთან, ეს გარანტიები უნდა იყოს ნაწილი უფრო ფართო შეთანხმებებისა, რის შედეგადაც სავარაუდოდ არ დადგება მათი ამოქმედების საჭიროება.

ამიტომ, კუშნერის აზრით, "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდება ომისშემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან მოწყვეტით. ეს ორი ერთად უნდა იყოს განხილული". კუშნერის თქმით, საჭიროა "უფრო ეფექტიანი შეთანხმებები, რომლებიც შეამცირებს სამომავლო კონფლიქტების საფრთხეს". საბოლოოდ, შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ "უკრაინა იყოს უსაფრთხოდ, ევროპა იყოს უფრო ძლიერი, რუსეთს სჯეროდეს იმისა, რომ ნატო კონფრონტაციას არ ელტვის, ხოლო ნატოს და მის პარტნიორებს სჯეროდეთ, რომ რუსეთი დაიცავს თავისი მეზობლების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას".

კუშნერის თქმით, "ჯერჯერობით არაფერია შეთანხმებული", თუმცა ამ საკითხების განხილვისთვის მზაობა უკვე ქმნის ომის გაჩერების შესაძლებლობას. კუშნერი წერს, რომ მომავალ კვირებში, დახურული შეხვედრებისა და უკრაინის, ევროპელი პარტნიორების და რუსეთის მონაწილეობით გამართული, მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში იქნება მცდელობა უსაფრთხოების არქიტექტურა განისაზღვროს და "შემუშავდეს ჩარჩოები მკაფიო ვალდებულებებით".

აშშ-ის მხარემ გასულ კვირაში გამოაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთი, პრინციპში, თანახმაა აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მისცენ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები, ალიანსში უკრაინის უშუალო გაწევრიანების გარეშე. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა ბერლინში მიმდინარეობდა "მოსურნეთა კოალიციის" - უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების - შეხვედრა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გარანტია იქნებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ხოლო რაც ეხება "მეხუთე მუხლის ტიპის გარანტიებს", აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს რა იგულისხმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის მხრიდან ნატოს "კვაზიწევრობა".

ევროპის "უსაფრთხოების არქიტექტურის" განხილვას რუსეთის მხარე უკავშირებს მოთხოვნებს ნატომ უარი თქვას გაფართოებაზე და შეამციროს ინფრასტრუქტურა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში.