„დღეს გორში გამოსახლებას შეწირული ჯუმბერ ახალკაცის დაკრძალვის დღეა. ვინ იქნება შემდეგი?“ — წერს ადვოკატი ლევან ჭიღლაძე.
ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ლევან ჭიღლაძე ჯუმბერ ახალკაცის ოჯახის ადვოკატია. ახალკაცი გასახლების შემდეგ, თბილისში დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ ის ისევ გორში, იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც ცოტა ხნით ადრე გაასახლეს.
ნეტგაზეთი ადვოკატ ჭიღლაძესთან დაკავშირებას ცდილობს და მასალა ამის შემდეგ განახლდება.
არსებული ინფორმაციით, ჯუმბერ ახალკაცის მეუღლეს ჰქონდა კერძო პირის ვალი, რომლის უზრუნველსაყოფადაც ჩადებული ჰქონდა ბინა.
„მევახშეობა“ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია. თუმცა ამისთვის გვერდის ასავლელად კერძო კრედიტორები იყენებენ სქემას: ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ალტერნატივა.
როგორც იურისტები განმარტავენ, ამ გზის გამოყენებით, პირი ასესხებს თანხას და ამ თანხით ყიდულობს მსესხებლის უძრავ ქონებას. მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მას პროცენტი და დათქმულ ვადაში უკან გამოისყიდოს თავისი უძრავი ქონება.
„უკანონო სამევახშეო საქმიანობა აკრძალეთ სასწრაფოდ. სხვისი ქონების ხელში ჩაგდება კანონის შეფუთვის გზით დანაშაულია.
გამოაცხადეთ მონიტორინგი და იქნეს ყველა ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულება შესწავლილი, რადგან მის უკან დგას ჩვეულებრივი სასესხო ხელშეკრულება, რომლის გამოც ადამიანები კარგავენ შემოსავალს. დააბრუნეთ იპოთეკური სესხის ინსტიტუტი კერძო პირებში!“ — წერს სოციალურ ქსელში ჯუმბერ ახალკაცის ოჯახის ადვოკატი ლევან ჭიღლაძე.
ვრცლად იმის შესახებ, კიდევ რა ხვრელებით სარგებლობენ პირები, რომლებიც სამევახშეო საქმიანობას აგრძელებენ საკანონმდებლო შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად, წაიკითხეთ ნეტგაზეთის 2024 წლის სტატია.
რით ჩაანაცვლეს კერძო გამსესხებლებმა იპოთეკის ხელშეკრულებები აკრძალვის შემდეგ
netgazeti