WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთრების ხელყოფის 70-მდე საქმეს ედავება, თუმცა განაჩენი დამდგარია მხოლოდ 11 საქმეზე.

ამის შესახებ 13 ნოემბრის პროცესზე თავად მოსამართლე ევა გოცირიძემ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ჰკითხა, აქვთ თუ არა მტკიცებულებები 70-ვე ფაქტის გასაქარწყლებლად.

„მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს არის“, — შეახსენეს მას, რასაც მოსამართლე დაეთანხმა, თუმცა თქვა, რომ მოპასუხის პოზიცია აინტერესებდა.

„სარჩელში გადმოცემულია 70-მდე ფაქტი საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ, რომელთა მიხედვით ეს იყო ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ინდივიდებისაგან ქონების გამოძალვა. ზოგჯერ ხდებოდა ეს მაღალჩინოსნების საკუთრებად გადაფორმება ან მათთან დაახლოებული პირების ხელში გადაფორმება. ასევე, სარჩელის მიხედვით, ამას თან ახლდა დაშინება, მუქარა, ზეწოლა, ცემა, დაპატიმრება, შვილების და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და ა.შ. ზეწოლის ავტორებად მითითებული არიან ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, როლანდ ახალაია, ბარამიძე, ერეკლე კოდუა, კუდ-ის მაღალჩინოსნები დათა ახალაია, კეზერაშვილი, მელია, საფინანსო პოლიციის, პროკურატურის გამომძიებლები, ბორჯომის, გორის, სიღნაღის გამგებლები, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ა.შ. აქვე გეტყვით, რომ 11 საქმეზე არის კონკრეტულად გამამტყუნებელი განაჩენი 70-დან. ზოგიერთ შემთხვევაში, 13 საქმეზე მითითებულია სახალხო დამცველის ანგარიში. ეს დაახლოებით 70-ივე ფაქტი ყველა არასწორია? გაქვთ თუ არა მტკიცებულებები? ახლა ჩვენ 70 საქმის განხილვას ვერ დავიწყებთ, შეგიძლიათ უფრო მეტი დააკონკრეტოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაგრამ თუ შეგიძლიათ 70-ვე ფაქტის გაქარწყლება და თუ გაქვთ ამის მტკიცებულებები, წარმოგვიდგინეთ  სასამართლოში“, — თქვა ევა გოცირიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ 70-ვე საქმეს ვერ გაივლიდნენ და მხარეს ზოგადი პასუხის გაცემისა და მტკიცებულებების სასამართლოსთვის შემდგომ წარდგენისკენ მოუწოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის მხრივ, მოითხოვა, 70-ვე საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა.

„მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს არის, მათ უნდა წარმოადგინონ. თქვენვე გაეცით თქვენს კითხვას პასუხი,  რომ 70 საქმიდან, რაც საგამოძიებო კომისიაში არის მოყვანილი, მხოლოდ 11 საქმეზეა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარი. შეგვიძლია, სათითაოდ გავიაროთ 70-ვე საქმე და ვნახოთ, რა არის მართალი, რაზეც შეიძლება პასუხისმგებლობა ავიღოთ და ვნახოთ, რა არის ის დანარჩენი საქმეები, სადაც 14 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი არ დამდგარა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. და თუ „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი 70 საქმიდან მხოლოდ 11-ზე დადგა პასუხისმგებლობა და დანარჩენზე ვერც პროკურატურამ, ვერც სასამართლომ ვერაფერი გააკეთა და თუ უკანონო წართმეულად თვლიდა კონკრეტული ადამიანი, რომ ჩვენ წავართვით, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ დაუბრუნა ამ 14 წლის განმავლობაში? და მეორე, თუ ვერ დაამტკიცა, რა საფუძვლით არის ეს საქმეები შემოტანილი საგამოძიებო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ? ჩვენ ეს კითხვა მოსარჩელესთან გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს“, — განაცხადა ანი წითლიძემ.

ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგივრად, სასამართლომ მოსარჩელეს რატომ არ ჰკითხა, ბრალს რომ დებთ 70 საქმეში და 11 საქმეზე არის მარტო სასამართლო გადაწყვეტილება, დანარჩენ საქმეებთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოდგენილი რატომ არ გაქვთო?

ევა გოცირიძის რეპლიკა იყო, რომ არც 11 საქმეა ცოტა.

„მაგრამ იმ 11-ში რა ეხება პარტიას და რა არ ეხება, ეგ კიდე ცალკე გასარკვევია. ჩვენ შეგვიძლია, მტკიცებულებები წარმოვადგინოთ და მოწმეებიც მოვიყვანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსარჩელის ვალდებულებაა“, — დასძინა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნა სარჩელში მითითებული ყველა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ პლენუმმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თქვა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირება ვერ მოხდება, სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას.

სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში მხოლოდ განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით.

საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა