WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„მობრძანდით და გვმართეთო - აი, ამ ფაქტთან ასოციაციას იწვევს ეს... მეცხრე საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ თუ რა?“ - ჰკითხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

ლევან ბეჟაშვილმა ეს შედარება ინიციატივის არასწორ ინტერპრეტაციად შეაფასა. მისი განმარტებით, განხილული მოდელი უცხოელი ექსპერტებისთვის მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭებას არ გულისხმობდა. მათ საკონსულტაციო ფუნქცია ექნებოდათ, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი იუსტიციის საბჭო მიიღებდა.

ვეტინგზე - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციისა და ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების მექანიზმზე - საუბარი „ქართული ქარტიის“ განხილვისას დაიწყო. გოცირიძემ იკითხა, რატომ იყო ამ პროცესში უცხოელების მონაწილეობა აუცილებელი და რამდენად შეესაბამებოდა ეს სახელმწიფო სუვერენიტეტს.

ბეჟაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა პროცესისადმი ნდობას გაზრდიდა და შეამცირებდა ეჭვს, რომ პოლიტიკური პარტიები სასამართლოს საქმიანობაში ერეოდნენ. მან უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის გამოცდილებაც მოიყვანა.

კითხვები აქციების დაშლასა და ძალადობის ფაქტებზე

13 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეებმა ენმ-ის წარმომადგენლებს კითხვები საპროტესტო აქციებზე ძალადობის ფაქტებისა და მათგან პარტიის გამიჯვნის შესახებაც დაუსვეს.

ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი პასუხებში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებზე საუბრობდნენ.

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა ენმ-ის წარმომადგენლებს ბოლო წლების აქციების შეფასება სთხოვა. მისი კითხვები ადმინისტრაციული შენობების დაზიანებასა და სამართალდამცავებზე თავდასხმის ფაქტებს შეეხებოდა.

ანა წითლიძემ უპასუხა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციები მშვიდობიანი იყო და ძალადობა სპეცრაზმმა დაიწყო.

„მე შემიძლია განახოთ 500 დარბეული და ნაცემი საქართველოს მოქალაქე“, - თქვა მან.

წითლიძის თქმით, მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ.

ევა გოცირიძემ იკითხა, იყო თუ არა ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება. მან აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტება აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა.

ბეჟაშვილი: ცალკეული შეტაკება მთელი აქციის დარბევას ვერ გაამართლებს

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცალკეული ძალადობრივი ეპიზოდების გამო მთელი აქციის ძალადობრივად შეფასება დაუშვებელია. მან თქვა, რომ ათიათასობით მშვიდობიან მონაწილეს კონკრეტულ შეტაკებებთან კავშირი არ ჰქონდა, პოლიცია კი მათ წინააღმდეგაც იყენებდა ძალას.

ბეჟაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, როდის დაიწყო ძალადობა და არსებობდა თუ არა პოლიციის ჩარევის საფუძველი. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ, სპეცრაზმი კი მათ მაინც შლიდა და ქუჩებში მისდევდა.

მოსამართლეების კითხვაზე, გააკეთა თუ არა პარტიამ ძალადობრივი ეპიზოდებისგან გამიჯვნის განცხადებები, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ცალკეულ შემთხვევებზე სპეციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ. მისი თქმით, პარტიის განცხადებები პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ეხებოდა.

20 ივნისი და ცესკოსთან აქციის დაშლა

მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა ენმ-ის წარმომადგენლებს 2019 წლის 20 ივნისისა და 2020 წლის 8 ნოემბრის აქციებზეც ჰკითხა.

წითლიძემ 20 ივნისის პროტესტს ანტისაოკუპაციო აქცია უწოდა და თქვა, რომ მას არ გაემიჯნებოდა.

სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, დააზუსტა, რომ კითხვა ცალკეული ძალადობრივი ქმედებებისგან გამიჯვნას ეხებოდა.

ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ენმ მხარს უჭერს მშვიდობიან, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად გამართულ აქციებს, ძალადობრივი გამოვლინებები კი მიუღებელია.

ცესკოსთან 2020 წლის 8 ნოემბრის აქციაზე საუბრისას ბეჟაშვილმა თქვა, რომ თავადაც იქ იმყოფებოდა და პოლიციამ შეკრებილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. მისი თქმით, შენობაში შეჭრის მცდელობა არ ყოფილა და გარემოებების შესაფასებლად სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.

4 ოქტომბერი და პრეზიდენტის სასახლის „გასაღების ჩაბარება“

განხილვა შეეხო 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციასაც. ევა გოცირიძემ იკითხა, როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტის სასახლის „გასაღების ჩაბარების“ მოწოდება მშვიდობიან მოქმედებად გაგებულიყო. მან ასევე იკითხა, გაემიჯნენ თუ არა ენმ-ის წარმომადგენლები სასახლის ეზოში შეჭრას.

ბეჟაშვილმა თქვა, რომ გასაღების ჩაბარებას სიმბოლურ გამოთქმად აღიქვამდა და ენმ, როგორც პარტია, ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ორგანიზებაში არ მონაწილეობდა.

წითლიძის თქმით, პარტიაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობდა. თავად აქციას მხარს უჭერდა და ეს მისი პირადი პოზიცია იყო. მან ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებების დასაცავად პროტესტის უფლება აქვთ.

4 ოქტომბრის აქციის განხილვისას ენმ-ის წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის სასამართლო სხდომაზე მოყვანა მოითხოვეს, რათა მოსამართლეების კითხვებისთვის თავად ეპასუხათ.

„ძალიან ნუ დამატერორებთ, თუ შეიძლება“

სხდომაზე საკუთრების ჩამორთმევის საკითხიც განიხილეს. ევა გოცირიძე ენმ-ის წარმომადგენლებს ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა სარჩელში მოყვანილი ბრალდებების გაქარწყლება და ყურადღებას სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების გადაცემაზე ამახვილებდა.

ანა წითლიძის თქმით, კომისიაში განხილული 70 საქმიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ 11-ზე დადგა. მან თითოეული საქმის ცალ-ცალკე შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამ საკითხზე კამათისას გოცირიძემ თქვა: „არ მაქვს უფლება დავსვა შეკითხვა? ძალიან ნუ დამატერორებთ, თუ შეიძლება“.

მანამდე, სხდომის დასაწყისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ევა გოცირიძის აცილება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მაია კოპალეიშვილს სხდომაზე დაბრუნებაზე კვლავ უარი უთხრეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს, სხდომაზე დაბრუნებაზე კვლავ უარი უთხრა. მისი განმარტებით, საკითხი ერთხელ უკვე გადაწყდა, კოპალეიშვილმა კი სასამართლოს „ძალიან მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა, როდესაც მოსამართლეები მეორე მხარის მითითებით გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

გიგა ლემონჯავამ შუამდგომლობის მხარდასაჭერად დამატებითი არგუმენტების წარდგენა სცადა, თუმცა ნადარაიამ საუბრის გაგრძელების უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ საკითხი დახურული იყო.

ყველა სიახლე პარტიების აკრძალვის საქმეზე ნახეთ აქ

ყველა სიახლე პარტიების აკრძალვის საქმეზე ნახეთ აქ