გამოცემა The National წერს, რომ აბუ-დაბიში, სასტუმროში MMA-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო.
მედია წერს, რომ ექვს ბრალდებულს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა; მათ ასევე დაეკისრათ 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ – ქვეყნიდან დეპორტაცია.
კიდევ ორ პირს, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის“, 50 000-50 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ჩხუბში მონაწილე კიდევ ორ პირს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს დაეკისრა 300 000 დირჰამის ჯარიმა და დაევალათ დეპორტაცია „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით კონფიდენციალურობის დარღვევისთვის – ჩხუბის ამსახველი კადრების გადაღებისა და გამოქვეყნებისთვის“.
محكمة أبوظبي تدين 10 متهمين في مشاجرة داخل فندق وتفرض عقوبات بالحبس 6 أشهر وغرامة 300 ألف درهم لكل متهم مع إبعادهم خارج الدولة
Abu Dhabi court convicts 10 defendants in hotel brawl, sentencing them to 6 months in prison, a Dh300,000 fine and deportation https://t.co/ytwAuVlVD3
— دائرة القضاء-أبوظبي (@ADJD_Official) November 13, 2026
მერაბ დვალიშვილის გათავისუფლება დაადასტურა ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
მან დაწერა – „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი ისევ ჩვენთანაა აბუ-დაბიში“.
სპორტულმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია მოჭიდავე საბა ლაზიშვილიც.
დაპირისპირება აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების წინ ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ. კადრების მიხედვით, ნურმაგომედოვმა დვალიშვილს დაარტყა, რასაც ჯგუფური დაპირისპირება მოჰყვა.
netgazeti