აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში სპორტულმა ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ განაცხადა.
დვალიშვილის გათავისუფლება დაადასტურა ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩად ბრონშტაინმაც, რომლის განცხადებაც ჰელვანიმ გამოაქვეყნა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო. რვა მათგანს პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა, ორი კი დააჯარიმეს. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა.
ჰელვანი: გათავისუფლებას თითქმის 48 საათი დასჭირდა
ჰელვანის ცნობით, დვალიშვილი და ლაზიშვილი დაკავების დაწესებულებაში 11 ნოემბრიდან, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტი წერს, რომ მათ გასათავისუფლებლად ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩად ბრონშტაინი მუშაობდა. ჰელვანის ინფორმაციით, ბრონშტაინი დაწესებულებაში მათი გათავისუფლების დროსაც იმყოფებოდა.
„როგორც მითხრეს, RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტაინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაუღალავად მუშაობდა მათ გასათავისუფლებლად და თითქმის 48 საათის შემდეგ ეს მოხდა“, - წერს ჰელვანი.
ჟურნალისტმა ბრონშტაინის ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში კვლავ ჩვენთანაა. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის“.
რა გადაწყვიტა სასამართლომ
The National-ის ინფორმაციით, სასამართლომ ექვს პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის - დაახლოებით 212 ათასი ლარის - ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა.
კიდევ ორ პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის თითოეულს 50 ათასი დირჰამის - დაახლოებით 35 300 ლარის - ჯარიმა დაეკისრა.
დანარჩენ ორ პირს ინციდენტის გადაღებითა და კადრების გავრცელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა. სასამართლომ მათი ტელეფონების კონფისკაცია და ჩანაწერების წაშლაც დაავალა.
გამოცემის ამ ცნობაში მსჯავრდებულთა სახელები მითითებული არ არის.
რას წერდნენ ქართული მედიასაშუალებები
მანამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 ათასი დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ. Croco.ge-ზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დვალიშვილსა და ლაზიშვილს თითოეულს 50 ათასი დირჰამის გადახდა დაეკისრა და თანხას RAF დაფარავდა.
რა მოხდა სასტუმროში
დაპირისპირება 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მოხდა. დვალიშვილი RAF-ის ღონისძიების წინ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნურმაგომედოვი დვალიშვილს სახეში ხელს ურტყამს, რასაც ჯგუფური ჩხუბი მოჰყვება. დვალიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ ამუშავებდნენ მის სახეზე ჭრილობას.
აბუ-დაბის პოლიციამ 12 ნოემბერს ათი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა - რვა ჩხუბში მონაწილეობის, ორი კი ინციდენტის გადაღების გამო.
RAF-ის ღონისძიება და ნურმაგომედოვისთვის დაწესებული აკრძალვა
დვალიშვილს 14 ნოემბერს RAF-ის ღონისძიებაზე მარლონ მორაესთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. 12 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ბრონშტაინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მის გათავისუფლებაზე მუშაობდა და იმედოვნებდა, რომ ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებაში მონაწილეობას შეძლებდა.
ამავე პრესკონფერენციაზე RAF-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალა. უსმანს ტურნირზე გამოსვლა არ ჰქონდა დაგეგმილი - აბუ-დაბიში მისი ძმის, უმარ ნურმაგომედოვის, შეხვედრა იყო დანიშნული ურაია ფეიბერთან.
რას აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საბა ლაზიშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ საბასა და მერაბის გათავისუფლების პროცესში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან.
პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა ისაუბრეს „აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზეც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება“. ამ საკითხზე საუბრის სხვა დეტალები უწყებას არ გაუვრცელებია.
radiotavisupleba ახალი ამბები