WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთში უცხოური კომპანიების ადგილობრივი ქვედანაყოფები, რომლებიც დროებით გადაყვანილია კრემლის მიერ დანიშნული მენეჯერების მართვაში, მილიარდობით რუბლს ურიცხავენ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის არმიას უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი. ჟურნალისტებმა გააანალიზეს კომპანიათა ფინანსების აღრიცხვის მონაცემები.

ყველაზე მეტ ფულს იღებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული მოძრაობა "სახალხო ფრონტი". მაგალითად, საიზოლაციო მასალების დანიური მაწარმოებელი კომპანიის, Rockwool -ის ადგილობრივმა ქვედანაყოფმა მოძრაობას გადაურიცხა 600 მილიონი რუბლი (დაახლოებით 7, 300 000 ამერიკული დოლარი). საღებავების ნიდერლანდური მაწარმოებელი კომპანიის, AkzoNobel NV-ისა და ელექტრო აღჭურვილობის იტალური კომპანიის, DKC-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობებმა საერთო ჯამში სამი მილიარდი რუბლი (დაახლოებით 36 მილიონი ამერიკული დოლარი) გადარიცხეს საბრძოლო აღჭურვილობის შესასყიდად. "სახალხო ფრონტს" 2026 წელს ერთი მილიარდი რუბლი (დაახლოებით 12 მილიონი ამერიკული დოლარი) გადაურიცხა ლუდის სახარშმა კომპანიამ AB InBev Efes – რომელიც ბელგიური Anheuser-Busch InBev-სა და თურქული Anadolu Efes-ის ერთობლივი საწარმოა. ერთი მილიარდი რუბლის გადარიცხვის პირობით ოქტომბერში გამოვიდა პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Metro. "სახალხო ფრონტმა" მილიარდნახევარი რუბლი მიიღო ალუმინის ქილების მაწარმოებელი კომპანიისგან Canpack.

"ნასტოიაშჩეე ვრემიას" მონაცემებით, საერთო ანგარიშით 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიის დამხმარე ფონდებისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ გამოაცხადა ექვსმა უცხოურმა კომპანიამ, რომლებიც დროებით მართვაშია გადატანილი. გადარიცხული თანხა ერთიანად შეადგენს 8,6 მილიარდ რუბლს - ანუ 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტს. აქედან სამი მილიარდი მიემართა მოხალისეთა რაზმის ფონდს "ბარს-9", დანარჩენი 5,6 მილიარდი - "სახალხო ფრონტს".

უცხოელი მფლობელები აცხადებენ, რომ რუსეთში მოქმედ საწარმოებს არ აკონტროლებენ და მათ გადაწყვეტილებებს არ ათანხმებენ.

რუსეთში 2023 წლიდან მოქმედებს ე.წ. "არამეგობრული ქვეყნების" საწარმოების დროებით მართვაში გადატანის შესაძლებლობა. აქტივების მფლობელებად ფორმალურად რჩებიან უცხოეთის კომპანიები, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველები.

ევროკავშირმა აპრილში დააწესა აკრძალვა გარიგებებზე იმ კომპანიებთან, რომლებიც მოგებას ნახულობენ ევროპული აქტივების რუსეთის მართვაში გადაცემის შედეგად. მაგრამ, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, 13 ნოემბრის მდგომარეობით არც ერთი ამგვარი კომპანია არაა შეტანილი სანქციების რეგლამენტის შესაბამის დანართში. საკუთრივ "სახალხო ფრონტს" ევროკავშირის სანქციები 2023 წლის თებერვლიდან აქვს დაწესებული.