„მთავარია, კომფორტის ზონიდან გამოხვიდე — გარისკე და ყველაფერი გამოგივა!“ – ამბობს 23 წლის ემიგრანტი იტალიიდან. გოგონა, რომელიც 15 წლიდან საოჯახო ტურისტულ ბიზნესშია ჩართული.
დღეს მინდა, მარიამ ლომუაშვილი გაგაცნოთ. ენერგიული, დაუღალავი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, რომელიც, ასაკის მიუხედავად, რამდენიმე საქმეს ერთდროულად უძღვება და შედეგად უამრავი ტურისტის ცხოვრებას აფერადებს.
მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა: მარიამთან ერთად მოგზაურობა სიმშვიდისა და კომფორტის გარანტია.

მარიამ ლომუაშვილი: ჩემი საქმე ჩემი მეორე ოჯახია, შეყვარებული ვარ ამ საქმეზე. უკვე ყოველდღიურობად მექცა ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ ემიგრაციაში ამას განსხვავებული სითბო და სიღრმე ახლავს – სხვა კავშირი იქმნება, როცა საქართველოდან ტურისტი გვესტუმრება, ან ის ემიგრანტი მოდის ტურზე, რომელიც აქ ცხოვრობს. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, როგორი ემოცია მოაქვს იტალიას არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც.
– რამდენი წლიდან ხარ ამ საქმეში ჩართული?
– დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა ეს საქმე დაიწყეს. თავიდან ძირითადად ტრანსფერი იყო აეროპორტებში, რომლის განრიგსაც მე და ჩემი ძმა ვწერდით. მერე ამას მოჰყვა პატარ-პატარა ტურები, რომლებიც ემიგრანტებზე იყო მორგებული – ისინი სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდნენ ჩვენთან ერთად. პანდემიის შემდეგ კი მშობლებს გვერდში დავუდექი. როგორც ჩემს საქმეს, ისე მივუდექი და დაახლოებით 18 წლიდან უკვე პროფესიონალის რანგში ვარ ჩართული.
– მარიამ, როგორც ვნახე, რამდენიმე საქმეს ითავსებ – დედასთან ერთად ტურს გეგმავ, ბილეთების ჯავშანზე ზრუნავ, გიდიც ხარ და ხშირად მძღოლის პროფესიასაც ირგებ. არ იღლები? რთული არ არის?
– სხვათა შორის, არ მერთულება. ჩემთვის დღეში 200-300 კმ-ს გავლა უკვე ნორმაა, მანქანა ჩემს მეგობრად იქცა, ძალიან მივეჩვიე. ახალი ლოკაციებიც ყოველთვის საინტერესოა და ხშირად დიდი თავგადასავალიც… შეიძლება ისეთი განსხვავებული ბუნება და სილამაზე დაგხვდეს, სადაც ახალ-ახალ ემოციებს იპოვი და ეს უკვე ერთგვარი განტვირთვაცაა.

– შენი ოცნების ქვეყანა რომელია?
– იაპონია. ბავშვობიდან ვეცნობი მათ კულტურას, პატარაობისას იყო ანიმეები, მანგა, რასაც ძალიან დიდი ემოცია მოჰქონდა… ჩემი ოცნებაა, იაპონიაში ჩავიდე და პირადად ვნახო ესა თუ ის ლოკაცია, გავეცნო მათ ტრადიციებს… მალე ავისრულებ ოცნებას – 2026 წლის დასაწყისში ჩავალ და დავათვალიერებ ტოკიოს, კიოტოს, ოსაკას და სხვა ქალაქებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ვაპირებ, მარტო წავიდე. მინდა, უფრო კარგად შევიმეცნო იაპონური კულტურა და ასევე შევარჩიო ტურისტებისთვის საინტერესო ადგილები, რათა სამომავლოდ ტურიც დავგეგმო.
– შენს პროფესიაზე რას იტყვი?
– ვარ მრავალი პროფესიის ადამიანი (იცინის). იტალიაში ცოტა განსხვავებულად ეუფლები სპეციალობას. მერვე კლასის შემდეგ პროფესიას ირჩევ და სხვა საგნების პარალელურად სწავლობ პროფესიულ საგანს, ასევე გადიხარ სტაჟირებას.

სკოლის დიპლომში მიწერია, რომ დავამთავრე მოდის ინსტიტუტი. მე არ ვარ დიზაინერი, მაგრამ ვმუშაობ ქსოვილებზე, შესწავლილი მაქვს ქსოვილების ქიმიურად დამუშავება. ქიმია-ბიოლოგია ყოველთვის მიზიდავდა, ამიტომაც ძალიან მიყვარს ჩემი პირველი პროფესია.
კოვიდის პერიოდში კი დავინტერესდი და ჩავაბარე ბიოტექნოლოგიურზე. განსაკუთრებით მომწონდა ლაბორატორიები, მინდოდა პრაქტიკაში გამომეცადა ის თეორია, რასაც გავდიოდი. მცოდნოდა, რაში დამეხმარებოდა რეალობაში. ამის შემდეგ შევითავსე ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტობაც. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მრავალპროფილური სტუდენტი ვარ. ამჟამად ვსწავლობ მილანში ბიკოკას უნივერსიტეტში, ვაგრძელებ ცოდნის გაღრმავებას და პარალელურად ჩემს საქმიანობასაც.
– მარიამ, რამდენი წლის ხარ?
– 23-ის, მაგრამ უკვე ბევრი ჭაღარა მაქვს (იცინის).

– არ ფიქრობ, რომ 23 წლის გოგოსთვის საკმაოდ შრომატევად სამუშაოს ასრულებ?
– როცა ერთხელ გამოხვალ კომფორტის ზონიდან, მერე და მერე გინდა, რომ უფრო მეტი გააკეთო. ამიტომ სულ ვცდილობ, უფრო მეტი გამოცდილება შევიძინო არა მარტო ჩემს სფეროებში, არამედ ჰობიშიც.
– ანუ ამდენ საქმეს ჰობისაც უთავსებ?
-კი, რაღაცნაირად ვუთავსებ და მაქვს რამდენიმე ჰობი. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი არის ექსტრემი, ძალიან მიყვარს პარაშუტით გადმოფრენა. ყველანაირი სახის სპორტი, რომელიც ექსტრემსა და ადრენალინს უკავშირდება, ჩემთვის ძალიან დიდი განტვირთვაა. რამდენიმე კვირაში ვერონაში პატარა ჯგუფი იკრიბება ჩემნაირი გიჟებისთვის. თვითმფრინავიდან გადმოვხტებით პარაშუტებით. ოჯახთან და საქმიანობასთან ერთად, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.
– როდის და რა ასაკში დაინტერესდი ექსტრემალური აქტივობებით, რა იყო ის ძირითადი ბიძგი ან მომენტი, რამაც ეს გამოწვევა შეგაყვარა?
– შიში… რამდენიმე წელია, რაც ამ ჰობით ვარ გატაცებული. ბავშვობიდან სულ დავფრინავ, კოვიდის მერე რაღაც პერიოდი საქართველოში ვერ ჩავედით და როცა ამის შემდეგ თვითმფრინავში ავედი, მივხვდი, რომ სიმაღლის შიში დამეწყო. ძალიან გამიკვირდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ? პასუხი ვერ ვიპოვე, მაგრამ ვთქვი, თუ შიშია, შიში იყოს – გადმოვფრინდები პარაპლანით. გადავწყვიტე და გავაკეთე. გადმოვფრინდი თუ არა, შიში იმ წამსვე გაქრა. ისეთი ემოცია მივიღე და ისეთი დიდი ბედნიერება იყო, რომ, პირიქით, ჩამითრია. ამის შემდეგ მეგობრებიც შემომიერთდნენ და ახლა უკვე თავად დავიწყეთ პატარ-პატარა ტურების მოწყობა.

– ანუ ჰობის უკვე პროფესიული კუთხითაც მიუდექი?
– შეიძლება ასეც ითქვას… ტურთან ერთად ტრანსპორტსაც ვაორგანიზებ ხოლმე.
– მარიამ, რა რჩევას მისცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გეგმავენ უცხოეთში მოგზაურობას?
– სადაც არ უნდა წახვიდეთ, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ და შემდეგ უკვე ეს გამოცდილება დაგეხმარებათ არა მარტო სამომავლო მოგზაურობაში, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის გადალახვაში. არის რამდენიმე რამ, რაც მოგზაურმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:
ინტერნეტი ყოველთვის გქონდეთ ჩართული და დატკბით მოგზაურობით. და კიდევ, გირჩევთ, მოგზაურობის მთელი პერიოდი აუცილებლად საკუთარ თავს მიუძღვნათ.
– ყველაზე მეტად რომელ ტურს გამოარჩევდი? შენი საყვარელი ტური რომელია?
– იტალიაშიჩემი გამორჩეული ტურია პორტოფინო, ძალიან მიყვარს ზღვისპირა სანაპიროები, პორტოფინო მართლაც დაუვიწყარია. პორტოფინოს ყურე და სანტა-მარგარიტას მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება საზღვარგარეთ ტურებს, ეს არის შვეიცარია – ულამაზესი და შთამბეჭდავი ლაუტერბრუნენითა და ციურიხით.
– რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
– ერთხელ გარისკეთ. როცა ნახავთ, რომ არცთუ ისე რთული ყოფილა კომფორტიდან გამოსვლა, შემდეგ „უკან დაბრუნება“ აღარ მოგინდებათ, პირიქით, ახალ-ახალ გამოწვევებს მიიღებთ ცხოვრებისგან.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– ჯერჯერობით ვფიქრობ, დიდი ენერგია დავუთმო იმ საქმიანობას, რომელშიც მთელი ოჯახი ვართ ჩართულნი, ანუ ტურისტული კომპანიის განვითარებას. მინდა, რაც შეიძლება ბევრ ტურისტს ვუმასპინძლოთ და გავაცნოთ არა მარტო იტალია, არამედ სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, ულამაზესი შვეიცარია და საფრანგეთი.
– მარიამ, შენი აზრით, რა არის საჭირო წარმატებისთვის?
– წარმატებისთვის აუცილებელია, სამომავლოდ არ გადადო იმის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული გაქვს. მთავარია, დაიწყო, დაიწყო დღესვე, როგორც არის და როგორც შეგიძლია.
დაიწყე მცირედით. არ აქვს მნიშვნელობა, გამოვა, არ გამოვა… ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიხვეწება. მთავარია, მიზანი ხელიდან არ გაგისხლტეს და მის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო.
