იცოდით, რომ ტერფის უმცირესმა დეფორმაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ხერხემალსა და მხედველობაზე? ასევე დროთა განმავლობაში გამოიწვიოს მთელი რიგი დაავადებები? – ამ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხზე, რადგან სტუმრად გვყავს პროფესიონალი ექიმი, რომელმაც უამრავ ადამიანს ჯანმრთელობა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნა.
ადამიანების სიყვარული, დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი, სიძლიერე – ეს ის შეფასებებია, რომლებითაც ყველაზე ხშირად ახასიათებენ თამარ ჭიჭინაძეს, 25-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმს, ტერფის დიაგნოსტიკის ექსპერტსა და კლინიკა „ტერდის“ დამფუძნებელს.
ქალბატონი თამარის მიდგომა მარტივ პრინციპზეა დამყარებული: დროული დიაგნოსტიკა და პრვენცია, რაც ათასობით ადამიანს ათავისუფლებს ტკივილისგან და იცავს გართულებებისგან.

მან ჩვენთან არა მხოლოდ ტერფის დეფორმირებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა, არამედ განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და იმ გამოწვევებსა და მთავარ პრინციპებზე გაგვიმხილა საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც მკითხველსაც დაეხმარება წარმატების მოპოვებაში.
– როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა?
– პროფესიით ექიმი თერაპევტი ვარ, ექიმების ოჯახიდან. დედაჩემი მეცნიერებათა დოქტორი და საკმაოდ ცნობილი ექიმი გახლდათ – ანგიოლოგი ნანა ჭიჭინაძე. სწორედ ქალბატონი ნანასა და მისი კოლეგის იდეა იყო სადიაგნოსტიკო ცენტრის შექმნა.
2000 წელს, როდესაც კლინიკა დაარსდა, მეც აქ დავიწყე მუშაობა. შემდეგ გერმანიისა და ბელგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების კვალიფიკაცია მივიღე სამედიცინო ბიომექანიკაში და უკვე 25 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ.
2007 წელს დედა მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც კლინიკის სრულყოფა და განვითარება მთლიანად მე დამეკისრა. დედას უდიდესი შრომა ჰქონდა ჩადებული და ჩემს მიზნადაც იქცა მისი საქმის ღირსეულად გაგრძელება. ვფიქრობ, პირნათლად ვასრულებ დაპირებას.
დღეს უკვე ოთხი ფილიალი გვაქვს: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და კიდევ რამდენიმეს დამატებას ვაპირებ. ჩვენი ძირითადი კომპანიონები არიან გერმანია და ბელგია. ყველა სიახლე, რაც იქ ჩნდება, მყისიერად ინერგება „ტერდში“. ექიმები შესაბამის კვალიფიკაციას იღებენ. ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა კვალიფიციური კადრი და პაციენტთან ურთიერთობის ეთიკა. თუ ექიმს ემპათია არ აქვს, არაფერი ესაქმება მედიცინაში.
– ამ 25-წლიან გზაზე რა პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევა მოგიხდათ? რამდენად რთული იყო ეს გზა თქვენთვის?
– იოლი არაფერი არ არის, მით უმეტეს, მედიცინაში. გარკვეული სირთულეები ყველგანაა, მთავარია, გქონდეს შესაბამისი ცოდნა, განათლება და მოტივაცია. არ უნდა დანებდე. როცა იცი, რომ კარგ საქმეს აკეთებ, ხელები არ უნდა ჩამოყარო… თუ ერთხელ არ გამოგივა, არ არის ტრაგედია, გამოგივა მეორედ, გამოგივა სხვა გზით, სხვა ფორმატით, საერთო ენის პოვნით… ეს მასწავლა ამ 25-მა წელმა, ის გამოცდილება მომცა, რომ ყველა ტიპის ადამიანს, ყველა პროფესიის წარმომადგენელს მისთვის გასაგებ ენაზე ვესაუბრო.

იგივეა ზრდასრულებთანაც და ბავშვებთანაც. მაგალითად, ბავშვებს თეთრი ხალათის ეშინიათ, ამიტომ მათთან მუშაობისას ხალათი არ მაცვია. ასე ისინი არ იძაბებიან და პროცესი ბევრად მარტივია.
ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ვხედავ პაციენტს, რომელიც წლების წინათ მშობელს მოჰყავდა ჩემთან, გაიზარდა და ახლა მას მოჰყავს შვილი, ან შვილიშვილი. ეს არის საოცარი შეგრძნება, უყურებ და ფიქრობ: ტყუილად არ მიკეთებია ამდენი წელი რაღაც და ტყუილად არ მიწვალია.
– რა ასაკიდან უნდა მოიყვანონ მშობლებმა ბავშვი ტერფის შესამოწმებლად?
– პირადად ჩემთან 4 წლიდან ზევით. 4 წლამდე ბავშვთა ორთოპედს უნდა აჩვენონ, რათა მენჯ-ბარძაყის პრობლემა არ გამოეპაროთ. სიარულის მანერაზეც შეატყობს მშობელი, როცა აუცილებელია ექიმთან მიყვანა.
დროულად თუ მივაქცევთ ყურადღებას და თუ კარგად მოგვყვება მშობელი, შედეგი ძალიან კარგია. არ მაქვს საუბარი იმ 1-2%-ზე, რომელიც გენეტიკურია, ძალიან რთული მდგომარეობაა და ოპერაციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს.
– რას ნიშნავს „კარგად თუ მომყვება მშობელი“?
– მაგალითად, შეიძლება მშობელმა ბავშვი 3-4 წელი ატაროს და კარგი შედეგიც მიიღოს, მაგრამ, თუ გარდატეხის ასაკში შეწყვეტს მკურნალობას, პრობლემა შეიძლება დაბრუნდეს. ზოგჯერ მშობელს ამ დროს პრეტენზია უჩნდება. თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია, ორგანიზმმა უნდა „გადააგოროს“ ტანის აყრა, ჰორმონალური ცვლილებები, რომ შედეგი საბოლოოდ დაფიქსირდეს. 18 წლის შემდეგ კი მკურნალობა აღარ სჭირდება.
– რა გართულებებს იწვევს ტერფის დეფორმაცია?

– ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე – კოჭი, მუხლი, მენჯ-ბარძაყი, წელი, ხერხემალი. ასევე გავლენას ახდენს მხედველობასა და თანკბილვაზეც. ტერფი ადამიანის ფუნდამენტია – როცა ერთი რგოლი ირღვევა, დანარჩენიც მიჰყვება.
ჩვენი მიზანია პრევენცია. დროული ჩარევით ხშირ შემთხვევაში ბავშვი გადარჩენილა ტერფისა და ხერხემლის ოპერაციას.
ამ 25 წლის განმავლობაში უამრავი ასეთი შემთხვევა მქონია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ იმ სიხარულსა და ბედნიერებას, რასაც ამ დროს მშობლები განიცდიან.
– სპორტით დაკავება რამდენად უსაფრთხოა ტერფის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის?
– კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ბავშვს სპორტი ავუკრძალო, თუ ხერხემლის სერიოზული პათოლოგია არ აქვს. ბავშვი უნდა იყოს აქტიური, სწორი სუპინატორის გამოყენებით შეიძლება სრულფასოვანი კომპენსაცია – არ დაიღლება, არ შეაწუხებს ტკივილი და არც დატვირთვა იქნება ტრავმული.
– ასაკში თუ ვიღებთ შედეგს?
– ჩვენ გვყავს 60 და 80 წლის პაციენტებიც. ტერფის ფორმას ასაკში ვერ შევცვლით, მაგრამ სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი ქრება, ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება. ეს უდიდესი შეღავათია და ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად ზრდის.
ტერფის დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ მთავარი პრობლემა, ასევე დავინახოთ, თუ როგორ გადააქვს სხეულს დატვირთვა. სწორედ აქედან იწყება პრევენცია და ჯანმრთელი მოძრაობა.
– თუმცა ბევრისთვის ტერფის დიაგნოსტიკა ახალი ტერმინია.

– პოდიატრია, რომელიც ხშირად ეშლებათ პედიატრიაში, არის ტერფის პათოლოგიების, დეფორმაციებისა და თანმხვედრი დაავადებების ბიომექანიკის შემსწავლელი მეცნიერება. ეს არის ტერფის ინჟინერია. მასში შედის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, პედოგრაფია, სკანირება, კორექცია და 3D ღაბაშების დამზადება პროგრამულ რეჟიმში, რომელიც არ არის მხოლოდ სუპინატორი.
დღეს „ტერდი“ არა მარტო ქართველ პაციენტებს, არამედ უცხოელებსაც ემსახურება. კლინიკას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე მედიცინა და ადამიანური სითბოს ერთიანობა საოცარ შედეგებს დებს, ეს ძალიან მეამაყება.
– რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებენ თავიანთ პროფესიულ გზას?
– ბრძოლისუნარიანი უნდა იყო და ნებისყოფა უნდა გქონდეს. ასევე არ უნდა გააკეთო ის საქმე, რაც არ გიყვარს. მარტო ცოდნა არ არის საკმარისი. თუ სამსახური შენთვის ტანჯვაა, ეს ტანჯვა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ენერგია არ გეწურება, პირიქით. სიყვარულის გარეშე კი ძალიან იღლები, ფსიქოლოგიურად იწვები, ემოციურად ცარიელდები. ამიტომ აუცილებელია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ბედნიერიც იქნები და წარმატებულიც.
– თავად რამდენად მიიჩნევთ თავს წარმატებულად და წარმატებისთვის კიდევ რა გვჭირდება?
– რისი გაკეთებაც მინდოდა, ფაქტობრივად, თითქმის უკვე მივაღწიე. წარმატებისთვის მხოლოდ შრომა არ კმარა, ცოტაოდენი იღბალიც საჭიროა, სწორი გარემოცვა და ოპტიმიზმი. თუ ადამიანს ოპტიმიზმი არ გააჩნია და მასში დეპრესია მძლავრობს, ძალიან რთულია. ეს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, დეპრესიულებს იმუნიტეტი მალე უქვეითდებათ და იოლად ავადდებიან. ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია. ასე რომ, ოპტიმიზმი და საქმის სიყვარული – აი, ეს არის მთავარი. შენი თავის იმედი უნდა გქონდეს, უნდა შეგეძლოს, საკუთარ თავს აპატიო რაღაც გარკვეული წარუმატებლობა და შეცდომები… და უნდა გააგრძელო გზა, უფრო ძლიერად, უფრო შემართებით და ახალი გამოცდილებით.
დეა თავბერიძე

                        15 hours ago
                        4
                    
    
    
    





                        English (US)  ·       
                        Georgian (GE)  ·