გერმანიის პოლიციამ დააკავა 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი, რომელმაც 16 მარტს გერმანიის ქალაქ გერაში ტრამვაითი მგზავრობისას საკუთარ ცოლს აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. კაცი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა და რომელსაც ათობით პოლიციელი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა მათ შორის ვერმფრენისა და მეძებარი ძაღლების დახმარებით. მსხვერპლისა და ეჭვმიტანილის ტანსაცმელი პოლიციამ მათი ბინის ჩხრეკისას ამოიღო - ეს ტანსაცმელი პოლიციამ ძაღლების დასაგეშად გამოიყენა.
საბოლოოდ კაცი თავად გამოცხადდა 17 მარტის დილას პოლიციის განყოფილებაში. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ რაც შუა ხნის კაცმა თანმხლებ ქალს ცეცხლი წაუკიდა, მგზავრებმა ტრამვაი ავარიული ღილაკის გამოყენებით გააჩერეს. მძღოლმა ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლმაქრის საშუალებით მალევე შეძლო, თუმცა ტრავმაის ავარიულად გაჩერებისას კაცმა დრო იხელთა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სავარაუდოდ ლანგენბერგის მიმართულებით გაიქცა.
დაშავებული ქალი პოლიციამ ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანა, მოსახლეობაში კი გაავრცელა ეჭვმიტანილი კაცის ფოტოები შემდეგი აღწერით: "ბატონი კ. არის დაახლოებით 180 სანტიმეტრი სიმაღლის. მას ეცვა შავი პიჯაკი და ეხურა შავი კეპი. ქართული წარმოშობის კაცს ბრალად საკუთარი ცოლის მკვლელობის მცდელობა ედება."