გერმანიაში ქართველმა მამაკაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა (ვიდეო)

2 hours ago 1

გერმანიაში, ქალაქ გერაში (ტიურინგია) ქართველმა მამაკაცმა თენგიზ კ.-მ საკუთარ ცოლს ტრამვაის ვაგონში სწრაფად აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული ქალიც ქართველია, მან სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობები მიიღო.

როგორც გამოცემა ბილდი“ წერს, შემთხვევა კვირას, 16 მარტს, დილით მოხდა ტრამვაიში. მამაკაცს, რომელმაც მიმალვა მოახერხა, 23 საათის განმავლობაში ეძებდა პოლიცია, ოპერაციაში ჩართული იყო მაძებარი ძაღლი „თეოდორაც“.

ორშაბათ დილით კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციელებმა ეჭვმიტანილის ბინის კარი შეამტვრიეს და მის დასაკავებლად შევიდნენ, მაგრამ მამაკაცი ბინაში არ დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, იგი ამ დროს პოლიციის განყოფილებაში მიდიოდა ჩასაბარებლად. დილის 9 საათამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც პოლიციის პრესსპიკერმა კატია რიდერმა განაცხადა, სამართალდამცველთა რეიდიდან მალევე თენგიზ კაკიაშვილი თავად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა.

ტიურინგიის გენერალური პროკურორი გამოძიებას აწარმოებს წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

46 წლის თენგიზ კ.-ს (Tengizi K.) ბრალად ედება საკუთარი ცოლისთვის, დარეჯან მ.-სთვის ბენზინის გადასხმა და ცეცხლის წაკიდება მე-3 ხაზის ტრამვაის ვაგონში კვირას, დაახლოებით დილის 10 საათზე. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულმა ტრამვაის კარებთან 1,5-ლიტრიანი დაჭმუჭნული ბოთლი დატოვა, რომელშიც, ეტიკეტის თანახმად, ACE-ს მულტიწვენი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში ბოთლში იყო ამღვრეული ყვითელი სითხე, რომელიც ბენზინს ჰგავდა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რეალურად რა სითხე ესხა ბოთლში.

მგზავრებმა, რომლებიც ინციდენტის დროს იმავე ტრამვაის ვაგონში იმყოფებოდნენ, ხელი დააჭირეს ავარიული გაჩერების ღილაკს, რის შემდეგაც ტრამვაი გაჩერდა და კარი გაიღო. ამით ისარგებლა მამაკაცმა, გაჩერება «Grüner Weg»-ზე ჩამოვიდა და გერა-ლანგენბერგის (Gera-Langenberg) პანელურ საცხოვრებელი კომპლექსისკენ მიიმალა.

ტრამვაის მძღოლი, საბედნიეროდ, არ დაიბნა, სწრაფად აიღო ცეცხლმაქრობი და ქალის სხეულზე მოკიდებული ცეცხლი ჩააქრო.

მედიის ცნობით, დაზარალებულ  46 წლის ქართველ ქალს, რომელმაც სიცოცხლისთვის საშიში მძიმე დამწვრობები მიიღო ტანის ზედა ნაწილზე, კისერსა და ხელებზე, სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზე გაუწიეს, შემდეგ სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალი SPIEGEL-ი წერს, რომ გერის სახელმწიფო პოლიციის ინსპექციის პრესსამსახურში შეეცადნენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას დაზარალებული ქართველი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და  დანაშაულის სხვა დეტალებზე, თუმცა პრესსამსახურში უპასუხეს, რომ მოცემულ მომენტში არანაირი განცხადების გაკეთება არ შეუძლიათ. ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ჰყავს ბავშვები და ბრალდებული მამაკაცი პოლიციისთვის უცხო არ ყოფილა – სამართალდამცველები უკვე იმყოფებოდნენ დაზარალებულის ოჯახში რამდენიმე კვირით ადრე.

პოლიცია ჯერჯერობით არ საუბრობს დანაშაულის შესაძლო მოტივებზე და ამბობს, რომ საქმე ჯერ ძიებაშია.

რაც შეეხება ინციდენტის დროს ტრამვაიში მყოფ სხვა მგზავრებს, საბედნიეროდ, ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა მძღოლს და რამდენიმე მგზავრს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.

ფაქტს გერმანიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, მედია, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ ალაპარაკდნენ ფემიციდზე. შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა მომხდარს „საშინელი ფაქტი“ უწოდა და თქვა, რომ ეს „არ არის ერთეული შემთხვევა. სტატისტიკით,  გერმანიაში თითქმის ყოველდღე ხდება ქალის მკვლელობა“.

ჯერჯერობით უცნობია, როდის წარდგება ბრალდებული თენგიზ კ. სასამართლოს წინაშე.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა