„გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება“, - წერს ელჩი პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება სტუდენტების მობილობას, კვლევას და „ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს“.
მიზეზად გერმანიის ელჩი ასახელებს „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას“.
„ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანულ უნივერსიტეტებში, - ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით, - ამ დანაკარგის მნიშვნელობას გააცნობიერებენ“, - წერს ის.
ელჩი ასევე აზუსტებს, რომ ჯერჯერობით შეზღუდვა არ შეხებია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსათვის, - რაც დაახლოებით ერთი მილიონი ევროს მოცულობისაა.
ამჟამად საქართველოდან არაერთი სტუდენტი სწავლობს გერმანიის მთავრობის დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტებში.
„ეს ჩვენს გულუხვ სასიპენდიო პროგრამებს, - მაგალითად, DAAD-ს, - ჯერ არ ეხება, მაგრამ გერმანია აგრძელებს ვითარების მონიტორინგის და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“, - წერს ის.
DAAD-ი - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) - მსოფლიოში უდიდესი ფონდია, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას საქართველოში გერმანიის საელჩოსა და საქართველოს განათლების სამინისტროში - კონკრეტულად რა პროგრამების შეჩერებაზეა ახლა საუბარი და რამდენ სტუდენტს/მეცნიერს შეეხება.