„თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად, საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება X-ზე.
„მათ კვლავ ხვდებათ დაშინება, დაპატიმრება და ძალადობა. დღეს, გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე, 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, - რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, - ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
28 ნოემბრიდან დღემდე ჯამში ათობით თანამდებობის პირსა თუ სხვა ადამიანს დაუწესდათ სავიზო სანქციები აშშ-სგან, ბალტიის ქვეყნებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, ჩეხეთისგან და უკრაინისგან.
2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.