გერმანიის მმართველი კოალიციის ლიდერები შეთანხმდნენ სოციალური დახმარების სისტემის რეფორმასა და მომუშავე პენსიონერებისთვის ახალი შეღავათების შემოღებაზე. მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს სოციალური დაძაბულობის შემცირებას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას. ამის შესახებ „შპიგელი“ წერს.
გერმანიის მმართველმა „შავ-წითელმა“ კოალიციამ, რომელშიც შედის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU) და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ – რომელიც 9 ოქტომბრის ღამეს დასრულდა – მასშტაბურ რეფორმათა პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. საპენსიო რეფრმა 2026 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.
ძირითადი გადაწყვეტილებები
შეთანხმება მოიცავს მოქალაქეთა სოციალური დახმარების („ბიურგერგელდი“) გარდაქმნას ახალ, საბაზო სოციალური მხარდაჭერის ფორმად უფრო მკაცრი სანქციებით, მრავალმილიარდიან სუბსიდიებს ელექტრომობილებზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე, „აქტიური პენსიის“ დანერგვას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა (Friedrich Merz) და შრომის მინისტრმა ბერბელ ბასმა (Bärbel Bas) განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „ბიურგერგელდის“ საკითხზე მიღწეულ კომპრომისზე. „ბიურგერგელდის თემა ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა“, – განაცხადა მერცმა. ბასმა აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების ირგვლივ განხილვებისას „ბევრი ადამიანი დაიბნა განსხვავებული პოზიციების გამო“ და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს შეთანხმების მიღწევისთვის.
ახალი საბაზო სოციალური მხარდაჭერა
„ბიურგერგელდი“ სამუშაოს მაძიებელთა საბაზო სოციალური დაცვის სისტემად გარდაიქმნება. გამკაცრდება დახმარების მიმღებთა ვალდებულებები, ისევე როგორც სანქციები თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დასაქმების ცენტრის კონსულტაციების გამოტოვების შემთხვევაში. კვლავ აღდგება პრიორიტეტი – დასაქმება სამუშაოს მაძიებლის კვალიფიკაციაზე უპირატესი გახდება.
ბასის თქმით, სანქციები განისაზღვრება დარღვევის ტიპის მიხედვით (კონსულტაციების გამოტოვება და შეთავაზებულ სამუშაო პოზიციაზე უარის თქმა). ვინც პირველ შეხვედრას გამოტოვებს, ხელმეორედ გამოიძახებენ. მეორედ არგამოცხადების შემთხვევაში დახმარება 30%-ით შემცირდება, ხოლო მესამე დარღვევის შემდეგ მთლიანად შეწყდება. თუ სამუშაოს მაძიებელი პირი დასაქმების ცენტრში მომდევნო თვეშიც არ გამოცხადდება, გაუუქმდება ბინისა და გათბობის ხარჯების დაფინანსებაც.
სანქციები სამუშაოზე უარის თქმის გამო
დახმარება სრულად გაუუქმდებათ მათ, ვინც უარის იტყვის შესაფერის სამუშაოზე ყოველგვარი გამამართლებელი მიზეზის გარეშე, თუმცა გათვალისწინებული იქნება მძიმე მდგომარეობა, მაგალითად, ჯანმრთელობის მხრივ.
გაუქმდება „კარანტინის პერიოდი“ ქონების აღრიცხვისთვის. დაუბეგრავი მინიმუმის მოცულობა დამოკიდებული იქნება პირის ასაკსა და უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში გადახდილი შენატანების ხანგრძლივობაზე. გაუქმდება, აგრეთვე, შეღავათიანი პერიოდი მაღალი საცხოვრებელი ქირის გადასახდელად.
იგეგმება არალეგალური დასაქმების და პრობლემური იჯარის კონტროლი
სატრანსპორტო პროექტები
„ყველა პროექტი, რომელიც მშენებლობისთვის მზად არის, განხორციელდება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. ეს ეხება როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ინფრასტრუქტურას. დამატებით გამოიყოფა 3 მილიარდი ევრო.
კოალიციის გადაწყვეტილებით, თანხები გადანაწილდება ინფრასტრუქტურისა და კლიმატური ნეიტრალობის სპეციალური ფონდიდან (SVIK), კერძოდ, მიკროელექტრონიკის ბიუჯეტური მუხლიდან და გამოყენებული იქნება საგზაო მშენებლობისთვის 2026-2029 წლებში.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სუბსიდიები ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის. პრიორიტეტად განიხილება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერა. პროგრამა დაფინანსდება კლიმატის საერთოევროპული ფონდიდან, დამატებით 3 მილიარდი ევრო კი გერმანიის კლიმატის და ტრანსფორმაციის ფონდიდან (KTF) გამოიყოფა.
პენსიონერთა შეღავათები
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ე. წ. „აქტიური პენსია“, რომელიც საგადასახადო სტიმულს შესთავაზებს მათ, ვინც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას.
ახალი სისტემა არ გავრცელდება თვითდასაქმებულებზე, ფერმერებსა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებზე. პენსიონერები, რომლებიც მუშაობას გააგრძელებენ, გათავისუფლდებიან გადასახადისგან თვეში 2000 ევრომდე შემოსავლის ფარგლებში. ეს თანხა არ დაიბეგრება და პირდაპირ იქნება გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გამოთვლისას, რაც წმინდა შემოსავალს გაზრდის.
ამასთან, ეს შემოსავალი არ იმოქმედებს საერთო საგადასახადო განაკვეთზე – ანუ არ გაზრდის გადასახადს დანარჩენ შემოსავალზე. ფინანსთა სამინისტრო თავდაპირველად სხვა ვარიანტს განიხილავდა ბიუჯეტური დანაკარგების შესამცირებლად, თუმცა კოალიციამ სამინისტროს წინადადება არ მიიღო.
საპენსიო დანაზოგი ბავშვებისთვის
შეჩერებულია ინიციატივის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის კერძო საპენსიო დანაზოგის „ადრეულ დაწყებას“, თუმცა მისი ამოქმედება 1-ელი იანვრიდან იგეგმება უკანა რიცხვით.
მიმდინარე წლის ბოლომდე ბუნდესტაგში უნდა შევიდეს უკვე მომზადებული საპენსიო რეფორმის პაკეტი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პენსიების დონე არ ჩამოსცდება საშუალო შემოსავლის 48%-ს 2031 წლამდე და ზრდის ე. წ. „დედის პენსიას“ იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც 1992 წლამდე არიან დაბადებულები.
ეს პაკეტი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ხარჯებს მოიცავს, რის გამოც კოალიციის შიგნით დავას იწვევს.
ნანა ძნელაძე