გზის გადაკეტვისთვის ნიკა გვარამია 5000 ლარით დააჯარიმეს

5 hours ago 2

„კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას პოლიცია თბილისში გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა. 

ადმინისტრაციული ოქმი 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამოა შედგენილი. იმ საღამოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში ხალხმრავალი აქცია იმართებოდა, „კოალიცია ცვლილებების“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი მსვლელობა მოაწყვეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეჩერდნენ, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. აქციები 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, პოლიციამ მათი დაშლა არაერთხელ სცადა.

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები 28 ნოემბერს განახლდა, როცა „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ იქნებოდა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი. პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით.

აქციების პარალელურად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე კანონში ცვლილება შეიტანა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტებს. ცვლილებების მიხედვით, გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეს 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით დააჯარიმებენ. ორგანიზატორისთვის ჯარიმა 5000 ლარიდან 15000 ლარამდე გაიზრდება. ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 15 დღემდე პატიმრობა.

სრულად წაკითხვა