გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მან საქართველო დატოვა - „ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა“

1 month ago 6

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილი, - რომელსაც ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში დაუპირისპირდა და პროკურატურაში უჩივლა, - აცხადებს, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“, - წერს ბაჩიაშვილი ფეისბუკზე.

ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი.

ჯერ უცნობია, სად გაემგზავრა ბაჩიაშვილი და რა გზით. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მას, თუმცა ბიზნესმენმა თქვა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარებისგან და ინფორმაციის გაზიარებისგან თავს იკავებს.

გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია“ მისი უსაფრთხოებისათვის შექმნილი „რეალური საფრთხეების“ შესახებ, რასაც, მისი თქმით, „დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს“.

დღეს, 4 მარტს 9:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, რომელიც 14:00 საათამდე გადაიდო.

„ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა“, - წერს ბაჩიაშვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია“, - წერს ის ფეისბუკზე.

ბრალდება და 2.5-მილიონიანი გირაო

გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული: „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, - ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული.

პროკურატურა - ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე - გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.

„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, - რაც ამ საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 000 ლარი.

გიორგი ბაჩიაშვილი (მარჯვნივ) და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში

გიორგი ბაჩიაშვილი (მარჯვნივ) და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში

ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.

„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ახლა 40 წლისაა, წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად.

„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.

სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ის, ვინც აღმოაჩინა შეუსაბამობები შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დოკუმენტაციაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, რამაც დაუდო სათავე მილიარდერი ექსპრემიერის მრავალწლიანი დავის საგას ბანკთან.

ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და გიორგი ბაჩიაშვილი (მარცხნიდან მეორე) თანაინვესტირების ფონდის ღონისძიებაზე თბილისში. 2013 წელი

ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და გიორგი ბაჩიაშვილი (მარცხნიდან მეორე) თანაინვესტირების ფონდის ღონისძიებაზე თბილისში. 2013 წელი

2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილმა სინგაპურში, ივანიშვილის დავის მორიგ ეპიზოდში ივანიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, როგორც მისმა მრჩეველმა.

ამასთან, ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ხშირად წერს ქართველი მილიარდერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ შეკრული დასავლეთის შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს.

სრულად წაკითხვა