ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დატოვა. ის ამის შესახებ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამჟამად პროკურატურა ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. ორივეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მლნ ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი.
მას ქვეყნის დატოვებაც ეკრძალებოდა. ჯერ უცნობია, რა გზით მოახერხა მან საქართველოდან გასვლა. პროკურატურა მასზე სავარაუდოდ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ეცდება.
ბაჩიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია.
ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა.
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.
ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული”, – წერს ბაჩიაშვილი.
რას ედავებიან ბაჩიაშვილს – მოკლედ
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.