WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ საექსტრადაციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, რუსუდან მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

მანამდე, 29 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დასრულებამდე აუკრძალა.

რუსეთის ხელისუფლება ტიმოფეევს 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებთან კავშირში ადანაშაულებს. თავად ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ტიმოფეევის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა.

გირაოს გარდა, ტიმოფეევს დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა:

  • მას აეკრძალა საქართველოს დატოვება;
  • საღამოს 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა;
  • დაევალა კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება;
  • მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცვლამდე 24 საათით ადრე შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინება;
  • პასპორტის ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის პროკურატურისთვის ჩაბარება.

რას ედავებიან ტიმოფეევს

რუსეთი მიხაილ ტიმოფეევის გადაცემას მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ითხოვს. საქმე 2004-2005 წლების მოვლენებს ეხება და ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორ სერგეი ფურგალს უკავშირდება.

რუსეთის გამოძიების ვერსიით, ტიმოფეევი იმ ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ფურგალის ბიზნესკონკურენტების წინააღმდეგ მოქმედებდა. ტიმოფეევი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მიხაილ ტიმოფეევი, ფოტო გამოცემა The Insider-ს მისმა ნათესავებმა მიაწოდეს

მიხაილ ტიმოფეევი, ფოტო გამოცემა The Insider-ს მისმა ნათესავებმა მიაწოდეს

ფურგალი 2020 წელს დააკავეს. მის დაკავებას ხაბაროვსკში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეები ფურგალის გათავისუფლებას ითხოვდნენ და მისი მხარდამჭერების ნაწილი მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ფურგალი თავადაც არ აღიარებდა დანაშაულს.

2023 წელს ფურგალს მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მოგვიანებით, მეორე საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, მისი საბოლოო სასჯელი 25 წლამდე გაიზარდა.