გურამ ქართველიშვილი: “ესეც ჩვენი ისტორიაა, ქართველებო!”

1 month ago 9

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ჩვენს ისტორიას გვახსენებს, რომელიც  მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს აღწერისას უცხოელი მოგზაურების თუ მისიონერების ჩანაწერებიდან არის ამოკრეფილი და ძალიან ჰგავს დღევანდელობას:

“ვისაც დღევანდელი ეროვნული დაცემის შეუქცევადი პროცესი არ ადარდებს, წაიკითხოს, თუ რას ნიშნავს ჩვენში ,,ეროვნული დაცემა”. ესეც ჩვენი ისტორიაა ქართველებო, ასე რომ გავს დღევანდელობას.

,,ამ თვეში მიდიან სამეგრელოდან კონსტანტინეპოლში თათრების გემები, დატვირთული საქონლით და აურაცხელი ქრისტიანი ყმაწვილებით, რომლებიც ოსმალებს მიჰყიდეს ქართველებმა.”
ტექსტი რომში გაგზავნილი რელაციიდან, პატრი იოსებ ჯუდიჩის მიერ. 1640 წელი, სამეგრელო.

არქანჯელო ლამბერტი ამავე ეპოქაში რომს ატყობინებდა საქართველოდან: “აქ არიან ისეთი ქურდებიც, რომლებიც იპარავენ კაცებს და ყმაწვილებს და ჰყიდიან თურქეთში. გურიელის სამთავროში ზღვის პირას, სახელდობრ ქობულეთში, მუდამ ადამიანებით ვაჭრობენ. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ახლოა ოსმალეთის ქალაქი ტრაპიზონი, საიდანაც მოდის ბევრი თურქი ვაჭარი. მათ მოაქვთ ფული და ტანისამოსი, რაც ფრიად ეჭირვება აქაურ ხალხს. თურქები ქობულეთში მხოლოდ ტყვეებს ყიდულობენ, ამიტომ სწორედ აქ მოყავთ თურქებზე ტყვედ გასაყიდად ქართველები და აფხაზები. ყველანი ისე არიან დახელოვნებული ამ ხელობაში, რომ ადვილად იპარავენ როგორც მამაკაცებს, ისე დედაკაცებს, დიდებსაც და პატარებსაც. ზოგჯერ აქაურები ღამე თავს ესხმიან მეზობლის სახლს, შეტეხავენ კარს, შებოჭავენ ყველას, ვისაც სახლში იპოვნიან და პირდაპირ ქობულეთში გააქანებენ თურქებზე გასაყიდად. ხალხით ასეთ ვაჭრობას აქ დაბალი ფენის წარმომადგენლები აწარმოებენ.”

ჟან ბატისტ ტავერნიეს აზიაში პირველი მოგზაურობის დროს (1631-1633წ) კონსტანტინეპოლში გაუცვნია დადიანის ელჩი, რომელსაც სახარჯო ფულის მაგივრად ორასი ქართველი ყმაწვილი წაუყვანია თან ოსმალეთის დედაქალაქში დიპლომატიური მისიის შესრულებისას და მათ თანდათან ჰყიდდა მონათა ბაზარზე. უკან სამეგრელოში დაბრუნებულ ქართველ ელჩს კი თან მხოლოდ სამი მსახურიღა ჩამოჰყოლია. იგივე ტავერნიე წერს: ,,მეტი ფულის გამორჩენისთვის არჩევენ მეტად ლამაზ ბიჭებს და გოგოებს. ქვეყნის დიდებულნი არ ზოგავენ არც ქმრიანს და არც გაუთხოვარ ქალებს. თანამოძმეების გაყიდვა ისეთ საზოგადო ჩვეულებად არის გადაქცეული ამ ქვეყანაში, რომ ის შეადგენს მათი ვაჭრობის უდიდეს საგანს.”

,,უმანკო ბავშვებს, თუ ვაჟებს და ქალებს სავაჭრო მოედნებზე ყიდიან ოხერ ფასად, რათა მით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა. გვესმის და ვხედავთ მათ ჟღავილს და ტირილს. ამ დროს ზოგი მდინარეში იგდებს თავს, ზოგი თვალს ითხრის, ან ცხვირს იჭრის რათა ურწმუნო ოსმალომ არ იყიდოს. თვითხილველი – იოსებ რომაელი 1675 წელი.

1667 წელს ქალაქ ასტრახანიდან ლევან მეორე დადიანის ცრუ ძე ,,მ ა თ ე” რუსეთის სამეფო კარს წერდა: – ,,სამეგრელოში ეპისკოპოსი, თავადი, აზნაური და ყველა ტყვეს ყიდის. ასეთი წელიწადი არ იქნება ორი ათასი სული კაცი არ გაიყიდოს. ყველა თათრის ხელთაა და თათრდება. კაცები ასრე შეჭირვებული არიან, რომ შვილი რომ ეყოლებათ მოარჩობენ თავის ხელითა – თათარს მისცემენო, იმას გულისათვის ჯობს ჩვენ მოვკლათ ჩვენი ხელითაო.”

ასეთი და უფრო საშინელი ინფორმაციით სავსეა უცხოელი მოგზაურების თუ მისიონერების ჩანაწერები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს აღწერისას.”

სრულად წაკითხვა