დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განუცხადა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლინა კურტამ გაავრცელა წარწერით, რომ საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან და სცემენ ქალებს რუსული საუბრის გამო.
„ჩვენი დასვენება კოშმარად იქცა, როდესაც ერთმა მამაკაცმა — მას შემდეგ, რაც სასტუმროში რუსული საუბარი გაიგონა — ჩვენს ნომერში შემოგვივარდა (ჩვენი ნომერი მას მისაღებში უთხრეს) და ჩემი მეგობარი სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულად საუბრობს“, — დაწერა მან.
დაკავებული გიორგი ჭიღლაძეა. ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძალადობას არ ვამართლებ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა. ჩემი მეორე ძმის ქორწილში ეს გოგოები ხმაურის გამო ორჯერ გვასხამდნენ წყალს (აპარატურის დაზიანების მიზნით და დაზიანდა კიდეც). გვაფურთხებდნენ და გვაგინებდნენ და ამასთან, ვიდეოს გვიღებდნენ… ჩემი ძმა არ ასულა იქ საჩხუბრად. ავიდა რომ ეთქვა, ქორწილში ამგვარი საქციელი მიუღებელია. ამის შემდეგ ამ ქალმა მოსთხოვა რუსულად საუბარი, რადგან ჩემს ნომერში ხარო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, რომ თავის ქვეყანაში ან ქართულად ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა. ამის შემდეგ კრა ჩემს ძმას ხელი და ინსტინქტურად ეს ყველაფერი მოხდა“, — წერს დაკავებულის ძმა, კახა ჭიღლაძე.
განცხადება გაავრცელა სასტუმრომაც.
„ინციდენტი გამოწვეული იყო ცალკეული სტუმრების ქმედებებით და არ ასახავს ჩვენი სასტუმროს ან ჩვენი გუნდის ქცევას ან ღირებულებებს. ყველა სტუმრის უსაფრთხოება, დაცულობა და კომფორტი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ვაგრძელებთ გარემოებების განხილვას, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი პროცედურების დაცვა. ჩართული პირების კონფიდენციალურობისა და ნებისმიერი მიმდინარე პროცესის პატივისცემის გამო, დამატებით კომენტარს კონკრეტულ დეტალებზე არ გავაკეთებთ“, — წერია სასტუმროს განცხადებაში.
მასალა განახლდება

1 week ago
34







English (US) ·
Georgian (GE) ·