დავითაშვილი, ხუციშვილი და თურნავა აშშ-ში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

4 hours ago 4

„ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ში არიან. ისინი ამ ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს ანა ბიერდეს შეხვდნენ.

ინფორმაციას, რომელსაც თან ერთვის ფოტოსურათები, ავრცელებენ სამინისტროს პრესსამსახურები.

„ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ზოგადად კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება“, - თქვა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე:

„საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პოსტ პანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს“.

ვიზიტის ფარგლებში ლაშა ხუციშვილს, ლევან დავითაშვილსა და ნათია თურნავს თან ახლავთ მოადგილეები.

საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე. ამ ვიზიტით ირკვევა, რომ სავიზო შეზღუდვები ამ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.

სრულად წაკითხვა