მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა მსჯავრდადებული გიორგი დავითაძის მიერ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების ბრალდება და დეტალები, რუსთავის ციხეში ინციდენტები იყო.
ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ 2 ოქტომბერს გასაჯაროვდა მედიაში. 4 ოქტომბერს დავითაძემ გაურკვეველი საგანი გადაყლაპა. 5 ოქტომბერს დავითაძის დედამ თქვა, რომ მისი შვილის ამბის გახმაურებას ციხეში „შუმოკი“ მოჰყვა.
ომბუდსმენის აპარატმა განაცხადა, რომ მისი რწმუნებულები 3-4 ოქტომბერს ესაუბრნენ სამ პატიმარს, რომლებიც „გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ“.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, - დაწერა 5 ოქტომბერს, დილას, ომბუდსმენმა.
პენიტენციურმა სამსახურმა 5 ოქტომბერსვე გაავრცელა კადრები, რომლებიც პატიმართა მხრიდან ციხის თანამშრომლებთან დაპირისპირებას ასახავს, და განაცხადა, რომ პატიმრები დავითაძისადმი „სოლიდარობის“ გამო არ დაუსჯიათ.
რა მოხდა ციხეში - პენიტენციურის ვერსია
„მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადეს უწყებაში.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ინციდენტები 2 და 4 ოქტომბერს მოხდა:
- 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, პატიმარმა ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა
- იმავე დაწესებულებაში 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.
უწყება ასევე აცხადებს, რომ „პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს“: „თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.
„დესტაბილიზაციის შექმნა სურთ პენიტენციურ დაწესებულებაში“ - სალია
დავითაძების ოჯახი გიორგი დავითაძის „სხვა ციხეში გადაყვანასა“ და „დამნაშავეთა დასჯას“ მოითხოვს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, გამოძიება მიმდინარეობს.
მინისტრმა პაატა სალიამ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები, რომ „ცდილობენ დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენას“, რისი მიზანიც დესტაბილიზაციაა.
„ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს არის გამორიცხული. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებში“, - განაცხადა პაატა სალიამ.
„თუ ვინმე ეცდება, პენიტენციურ დაწესებულებაში, შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეზორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა მან.
ადვოკატი ძალადობაზე საუბრობს
პარალელურად, 5 ოქტომბერს, ადვოკატმა ანა აკოფოვამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის, ლაშა ჩაჩანიძის მონაყოლი უამბო რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ჩაჩანიძე რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს მას შემდეგ რაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მას ხელკეტებით სცემეს, - იმის გამო, რომ საკნიდან შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა პატიმარ გიორგი დავითაძეს.
აკოფოვას თქმით, ჩაჩანიძე ამბობს, რომ მასთან ერთად კიდევ ორი პატიმარი გადაიყვანეს ბათუმის ციხეში 3 ოქტომბერს.
„რაც შეეხება ლაშას, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. თავი, ხელები, ფეხები, მუხლები აქვს ძალიან დაზიანებული, ასევე ზურგის არეშიც აქვს დარტყმები მიყენებული... ის განიცდიდა ძალიერ ტკივილს, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი ერთად ესხმოდა თავს.მინიმუმ ათამდე ადამიანი“.
ავდოკატის თანამად, ლაშა ჩაჩანიძეს ყველა მათგანის ამოცნობა შეუძლია.
პენიტენციურ უწყებაში ძალადობაზე ადვოკატის მონათხრობი უარყვეს.
„მსგავსი ფაქტი არ მომხადარა, პანიტენციური სამსახური, კატეგორიულად უარყოფს ამას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.
„რაც შეეხება ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას, - „ეს არის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რომლის ღიად გაცემის უფლება არ გვაქვს“, - უპასუხეს რადიო თავისუუფლებას უწყებაში.
სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისულებას უთხრეს, ინფორმირებული არიან საკითხზე და პატიმარს მოინახულებენ.
პატიმარი ლევან ჩაჩანიძე მე-9 თვეა სასჯელს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. მას ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ეს არის 2025 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი.
ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
radiotavisupleba ახალი ამბები