"როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.
როგორც პოლიტიკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და ამბობს, რომ მისი განცხადებები ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლში გამართული შეხვედრების შესახებ, "საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას" ეფუძნება.
თამარ ჩერგოლეიშვილმა 11 ოქტომბერს "ფორმულის" ეთერში თქვა:
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი.
[...]
აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაციაა, რაც მესმოდა შიგნით, რისი გარჩევაც მესმოდა იმას ვავრცელებ. ანუ, „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა ბაჩო ახალაია, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში, მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო.
ბაჩო ახალაიას ხალხი დადიოდა და თინა ბოკუჩავაზე საუბრობდა, რომ ხელფასი აქვს, რა ენაღვლება, ასე აყირავებდნენ. მე ვსაუბრობ იმას, რასაც მისი თანაპარტიელები წუხდნენ. უფრო მეტიც, მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია“, - თქვა მან. ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა, მისი ეს განცხადება შეაფასა, როგორც მისი და მისი ქმრის წინააღმდეგ სუსისთვის მიცემული ჩვენება.
ჩერგოლეიშვილის მიერ "ფორმულის" ეთერში გაკეთებულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 10 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი, თავად ახალაია კი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდა. მათით გამოძიების დაინტერესების ფონია 4 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და რომელშიც თითქოს ახალაია და მურთაზ ზოდელავა განიხილავენ აქციის გეგმებს.
"არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან", - წერს გამოკითხვაზე დაბარებული თამარ ჩერგოლეიშვილი.
ახალაიას სახელი 4 ოქტომბრის აქციის კონტექსტში პირველად ე.წ. "ჰექსოგენის საქმეზე" გაისმა 12 სექტემბერს.
ამ დღეს პროსახელისუფლებო გამოცემა Prime time-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს". იგივე წყარო, ირწმუნებოდა, რომ ახალაია "რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული".