2 აპრილი, 2025: „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“.
4 აპრილი, 2025: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს ორი განცხადება ორი დღის შუალედით გააკეთა. ამ ორ დღეში გაირკვა, რომ:
- გრიგოლ ლილუაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა;
- მისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაყო და რეგიონული მინისტრის პოსტზე წარადგინა;
- ლილუაშვილი თანამდებობაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა;
- წარდგენიდან ორ დღეში ლილუაშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ შეთანხმდნენ, როგორც კობახიძე ამბობს „მოადგილეების საკითხზე”. გადაწყდა, რომ ის მინისტრი აღარ იქნება.
- რეგიონულ სამინისტროს თბილისის მერის მოადგილე, კახა გულედანი უხელმძღვანელებს. ის ხელისუფლებაში ბიზნესიდან მივიდა. 2016-2017 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ შემდეგ სამგორის რაიონის გამგებელი ხდება, მოგვიანებით თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, და ბოლოს დედაქალაქის მერის მოადგილე.
„კანონის თანახმად, [მინისტრის მოადგილეები] პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით… აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს რომელსაც აინტერესებდა მაინც რაზე ვერ შეთანხმდნენ ლილუაშვილთან - და დაამატა:
„ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“.
რა დგას ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების უკან რაზეც ირაკლი კობახიძემ არ ისაუბრა?
პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ცდილობენ გამოიცნონ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებების რეალური მიზეზი, მიზანი და ავტორიც.
გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთგულ და ზედმიწევნით ლოიალურ ფიგურად მიიჩნევა. ის 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ყველაზე გავლენიან სტრუქტურას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მიუხედავად მედიაში რამდენჯერმე გავრცელებული ცნობისა, რომ მას ქართული ოცნება პრემიერ-მინისტრად განიხილავდა, ის არავის ჩაუნაცვლებია. გარდა ამ ბოლო შემთხვევისა. ლილუაშვილს სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვადა 6 თვის შემდეგ ეწურებოდა.
„მე ამ ვადის ამოწურვას ვაპირებ ბოლომდე, 2025 წლის შემოდგომის, ნოემბრის თვემდე, დაბეჯითებით გეუბნებით მე პოლიტიკაში მობრუნებას არ ვაპირებ“, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა ორი წლის წინ პარლამენტში.
სუს-ის ხელმძღვანელობამდე, ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, 2017 წლის დეკემბრიდან. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში კი - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ვანსა და ხონში. ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს.
გრიგოლ ლილუაშვილი სუსის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მან ამ თანამდებობაზე მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა. ლილუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა 6 წლისთავზე, 2025 წლის ოქტომბერში. ამ პერიოდში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
რა მოხდა „პოლიტიკურ სამზარეულოში“ - ვერსიები
„ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო ამ ადამიანის [გრიგოლ ლილუაშვილი - რ.თ.] მუშაობით“, - მხოლოდ ამის თქმა შეუძლია დაზუსტებით პოლიტოლოგ გია ნოდიას, სხვა დანარჩენი კი ვარაუდებია, რადგან ნაბიჯები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, მისთვის „არათანმიმდევრულობაზე“ მიანიშნებს.
ამის მაგალითად, ექსპერტს ბოლო დღეების სამთავრობო ცვლილებები და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოჰყავს, რაც დღეს, 4 აპრილს ფეისბუკპოსტით გაირკვა. თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ. მის ადგილას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა, ის იყო "ქართული ოცნების" დეპუტატი მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა და დიდი წვლილ აქვს ე.წ. აგენტების კანონის განხილვასა და დამტკიცებაში.
იუსტიციის მინისტრად დაინიშნა იურისტი პაატა სალია. მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატი. პოლიტიკაში წასვლამდე ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იყო ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში და მოგების შემდეგ, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაანაცვლა.
„ლილუაშვილი უშუალოდ აგებს პასუხს უსაფრთხოებაზე და შესაძლოა მას ბრალდება ის, რომ პროტესტები რეალურად არ გაჩერდა, სხვა კონკრეტული ახსნა მე არ მაქვს, ანრი ოხანაშვილი კობახიძის კადრია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ირაკლი კობახიძის კადრია და ივანიშვილი კვლავ ენდობა კობახიძეს....
ივანიშვილი სულ იცვლის გარემოცვას, ღარიბაშვილი ორჯერ გაუშვა, მისი გარემოცვის ყველაზე ახლო წევრი. ადამიანები ვერ ხვდებიან კონკრეტულად ვინ რა დააშავა, ხანდახან მოხსნილები და გაშვებულებიც ვერ ხვდებიან, რა დააშავეს და რატომ გაუშვეს“, - ამბობს გია ნოდია.
კიდევ ერთი ვერსია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორის და თაღლითობაში ბრალდებულის გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვას უკავშირდება ისე, რომ სუს-მა ვერაფერი გაიგო და ბრალდებულის მიმალვა თავიდან ვერ აიცილა. თუმცა ეს გუშინაც ცნობილი იყო, როცა ლილუაშვილი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად წარადგინეს.
„როდესაც ადამიანებს ვერ სჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად სუს-ის თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმისათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ეს ხალხი შეიძლება დავალებებს ასრულებს, მაგრამ ქმედებების უკან რა დგას არ უკვირდებიან და ვერ აანალიზებენ, სისტემა გახრწნილია”, - თქვა ბაჩიაშვილმა საქართველოდან გაპარვის შემდეგ.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ბაჩიაშვილი გახდა თუ არა იმის მიზეზი, რის გამოც ლილუაშვილს დროზე ადრე მოუწია სუს-ის დატოვება, სადავო პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს:
„შეხება არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოვრიცხავ. თქვენ მცდელობა გაქვთ, რომ ერთი თემა მეორეს მიაბათ“.
„ირაკლი კობახიძის კულტის“ გაძლიერების ვერსიას ემხრობა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ასკვნის, რომ ყველაფერი „მაინც ბიძინა ივანიშვილის თამაშია“. ის ვარაუდობს, რომ ლილუაშვილმა არ მოინდომა „მისთვის გამოგონილ“ სამინისტროში დანიშნულიყო, ივანიშვილი კი თამაშობს, თითქოს აღარ უნდა პასუხისმგებლობების თავს თავზე აღება.
„გვაქვს ვითარება, როცა საბოლოოდ უნდა გაფორმდეს დიქტატურა და ამაში ჩართულია ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ დიქტატურას უნდა ჩაბეტონება. ან ჩააბეტონებენ ან არა... ივანიშვილი ახდენს დისტანცირებას და პასუხისმგებლობას კიდებს ირაკლი კობახიძეს, ამით ის იტოვებს მანევრს, რომ საჭირო მომენტში თუ ვითარება ცუდად წავიდა, ჩარეცხავს კობახიძეს თავის გუნდიანად....“ - ამბობს ხუხაშვილი.
არც გია ნოდია და არც გია ხუხაშვილი არ იზიარებენ, ვარაუდს, რომ „ქართული ოცნება“ საკადრო ცვლილებებით მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება და მათ ლილუაშვილს თითქოს „არჩევნების სამინისტრო“ შეუქმნეს.
ეს ვერსია სოციალურ ქსელში რამდენიმე პოლიტიკოსმა გაავრცელა ლილუაშვილის მინისტრად წარდგენიდან მალევე, მათ შორის პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
„სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუსის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუსიც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის“, - დაწერა მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში.
„რად უნდოდა ახალი სამინისტრო ლილუაშვილს, რომელიც ისედაც წარმატებით ართმევდა თავს წინასაარჩევნო დავალებებს სუს-ის ხელით?“, - ამ კითხვას სვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე ხშირად იმეორებს ხოლმე სიტყვებს: „სუს-ი არის მთავარი ორგანო არჩევნების გაყალბებაში, რომელიც არჩევნებს იგებს არჩევნების დღემდე“.
„რეგიონული სამინისტრო დააანონსეს იმიტომ, რომ სუსიდან რომ წამოიყვანეს, სადღაც უნდა წაეყვანათ. გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილის მთავარი დასაყრდენია. მან იცის, როგორ არიდებენ რუსები სანქციებს საქართველოს გავლით თავს, იცის რა ხდება კონტრდაზვერვაში, როგორ მუშაობენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ვისი გავლენები ძლიერდება, რა ინტერესები აქვთ რუსებს - ეს ყველაფერი იცის გრიგოლ ლილუაშვილმა. ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ის ყველაზე დიდი ინფორმაციის მატარებელია“, - ამბობს ანა წითლიძე.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პარტიაში „რაღაც უფრო სერიოზული ხდება, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოაშკარავდება“.
„ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის“ - ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილი?
გრიგოლ ლილუაშვილს პოლიტიკური ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის ერთგულ და სანდრო თანამებრძოლად იცნობენ. ამას ადასტურებს მისი ბიოგრაფიული დეტალები. სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებში და ასოციაცია „ატუ“-ში.
2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წელს დატოვა, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
პოლიტიკაში მოსვლამდე სამშენებლო სფეროში იყო. ი. 2014-2016 წლებში იყო შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტის“, გენერალური დირექტორი. იქამდე ერთი წელი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კომპანია „ოლდ სითი დეველოპენტი” ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის" პროექტზე მუშაობდა. ეს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც ლილუაშვილის გენერალური დირექტორობისას ირაკლი ქარსელაძე იყო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი. სწორედ, ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს გაყოფილი სამინისტროს ერთ სტრუქტურას - ინფრასტრუქტურას.
„…როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობ ასეთ რთულ პერიოდში უშეცდომოდ და სხვებთან ერთად უზრუნველყოფ იმას, რომ შენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს, განამტკიცოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს დღეს, მათ შორის ერთ-ერთი არის გრიგოლ ლილუაშვილი, ვისი უშუალო დამსახურებაც ეს არის“, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ გრიგოლ ლილუაშვილის ხუთი წელი და 6 თვე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
გრიგოლ ლილუაშვილის ხელმძღვანელობის დროს სუს-ი ბევრჯერ იქცა კრიტიკისა და შეტევის ობიექტად, უწყება მუდმივად ყურადღების ქვეშ იყო იმ ნაბიჯებისა თუ განცხადებების გამო, რომელსაც დგამდა.
2024 წლის არჩევნების შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და უკრაინამ. 2025 წლის 13 თებერვალს კი ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვა „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესება.
ამ „ელიტურ სიაში“ მოხვდა გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარიც. თუმცა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა ცნობები იმის შესახებ, შეეხო თუ არა აშშ-ს სანქციები სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს. ის ერთადერთია „ქართული ოცნებიდან“, ვინც ბოლო წლებში აშშ-ში იყო ჩასული.
2024 წლის 1 ივლისს - რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ში „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მაშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”.
გრიგოლ ლილუაშვილს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული გარემოცვის წევრად მიიჩნევს, სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, ლილუაშვილი რუსეთთან კავშირებშიც დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ქართული და რუსული სპეცსამსახურები კოორდინაციით და სანქციების გვერდის ავლით საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტს აკრძალული ტვირთების გასატარებლად იყენებენ.
"არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური - სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო.
ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში."- წერია გოგაშვილის 2022 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა.
ნაციონალურმა მოძრაობამ მას ბრალი ე.წ. ქოლცენტრების ფლობასა და მფარველობაში დასდო, ბიძინა ივანიშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ ბრალდების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან ხაბეიშვილს სასამართლოშიც უჩივლა.
და მაინც რას აკეთებდა გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე?
გრიგოლ ლილუაშვილის ხელმძღვანელობის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორჯერ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ორივე შემთხვევაში საარჩევნო წელს, თუმცა ამ დრომდე არცერთი ეს გამოძიება დასრულებული არ არის. გადატრიალების მცდელობა უწოდებს 7-8 მარტის ანტირუსულ აქციებსაც – როცა ათასობით მოქალაქემ ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტა.
სახელმწიფო გადატრიალების საქმეები
რევოლუციურ სცენარებს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იშველიებს „ოცნების“ ხელისუფლება, როცა ის, მაგალითად, „აგენტების კანონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს. სწორედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ამ ბრალდებებზეა დაშენებული - „ოცნების“ მიერ ბევრჯერ ნახსენები „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული თეორია.
ამ თეორიის თანახმად: „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევაა; ეს კი მოითხოვს - არეულობას, რევოლუციას, ხელისუფლების შეცვლას.
2020 წელს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" და ნაციონალური მოძრაობა "ხელკეტებითა და ელექტროშოკებით" ეკიპაჟების მობილიზებაში დაადანაშაულა. საქმეზე სუს-მა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო და ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
გრიგოლ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით სუს-მა საზოგადოებას გადატრიალებაზე 2021 წლის ოქტომბერშიც ამცნო, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მალულად შემოვიდა. "რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი“, - თქვა ლილუაშვილმა და გადატრიალების მორიგი საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.
სუს-ში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდებოდა, საქმის ფიგურანტები "გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს" გეგმავდნენ - მათ შორის, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი გადაყვანისთვის ხელის შეშლას, საავტომობილო გზების ბლოკირებას.
სუს-ის მტკიცებით, ამ გეგმის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ "უკონტროლო სიტუაცია და ქაოსის" გამოწვევა, რათა ხელი შეეშალათ სააკაშვილის ეტაპირების პროცესისთვის.
მორიგი „გადატრიალების საქმე“ სუსისგან 2023 წლის 18 სექტემბრით თარიღდება. ბრალდებები მიმართული იყო - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისკენ, უკრაინაში მებრძოლი ქართველებისკენ, არასამთავრობო სექტორისკენ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ისკენ, როგორც რევოლუციისთვის მზადების დამფინანსებლისკენ.
ამ განცხადებიდან ერთ წელში, 2024 წლის 12 ივნისს, პარლამენტში, სუსის ხელმძღვანელს ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში უსმენდნენ, მაგრამ დეპუტატებმა დახურულ კარს მიღმა ვერ მოისმინეს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებული დამაჯერებელი მტკიცებულებები და ვერც ქვეყნის არევის მოსურნეთა ვინაობა დაადგინეს.
„რასაც ვხედავთ, სულ იწყებენ გამოძიებას, არასოდეს გამოძიება არ სრულდება - ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით... ვფიქრობ, ეს არის „ოცნების“ მაშველი რგოლი, სუსის პოლიტიზების მეშვეობით... დღევანდელ მოსმენაზე შთაგონების სეანსი ჰქონდა სუსის უფროსს „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ ყველაფერი კარგადაა“, - თქვა თეონა აქუბარდიამ.
გრიგოლ ლილუაშვილი ისე წავიდა სუსიდან, რომ გადატრიალების საქმეებზე დაწყებული გამოძიება ბოლომდე არ მიუყვანია. იგივე უწყებამ დაიწყო გამოძიება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაზე. ამ გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები გამოჰკითხეს.
გავრილოვი, ფარცხალაძე, ბაჩიაშვილი - ქვეყანაში შემოსულები და გასულები ლილუაშვილის დროს
ლილუაშვილის პერიოდში ქვეყნის დატოვება მოახერხეს - ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და თაღლითობაში ბრალდებულმა ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მაგალითად ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა, სუს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა და ამის შესახებ თავად გრიგოლ ლილუაშვილმა აცნობა მედიას.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია. რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო ამ სიაში მოხვდა ფარცხალაძის გვარიც.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.
იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით მიიღო. სუს-მა საპასუხოდ გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში.
„მინდა გითხრათ, რომ მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გაიწერა, ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების ეტაპზეა. ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს“, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა გრიგოლ ლილუაშვილი იმ დროს, როცა საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი შემოვიდა. ლილუაშვილმა მაშინ თქვა, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა იმ შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეეძლო საქართველოში არ შემოეშვა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი“.
ოპოზიციამ პარლამენტში მყოფ ლილუაშვილს პასუხისმგებლობა დააკისრა იმ მოვლენებზე, რაც გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლას და პარლამენტში მისვლას მოჰყვა. ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი დემონსტრანტები 2019 წლის 20-21 ივნისს სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს. გრიგოლ ლილუაშვილის დროს დაინერგა ანტიპუტინისტების და რუსი დისიდენტების ქვეყანაში არშემოშვების პრაქტიკა, რაც ევროკავშირის მოქალაქეებზეც გავრცელდა. მათ საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ნაწილი ჟურნალისტია და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქება განიზრახეს.
მოსმენების სკანდალი
გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება კიდევ ერთი გახმაურებული და გამოუძიებელი საქმე - სუს-ის ფაილების ამბავი.
2021 წლის 12 სექტემბერს რამდენიმე რედაქციამ ანონიმური წყაროსგან ელექტრონულ ფოსტაზე სპეციფიკური ვებგვერდის ბმული მიიღო. აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე ატვირთული იყო ასობით დოკუმენტი, სავარაუდოდ ფარული ჩანაწერები, რომლებშიც ფიგურირებდნენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და ძირითადად, სასულიერო პირები. სავარაუდოდ, ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჯგუფის მიერ იყო გაკეთებული. ფოლდერებში ძირითადად სამი ტიპის დოკუმენტაცია ინახებოდა - სატელეფონო საუბრების ტრანსკრიპტები, თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და ცალკეულ სასულიერო პირებზე შეგროვებული მასალების კომპილაცია.
გამოქვეყნებული მასალების ნაწილმა ავთენტიკურობის ტესტი მალევე გაიარა, როცა არაერთმა ფიგურანტმა, მათ შორის ჟურნალისტებმა საკუთარი სატელეფონო საუბარი ამოიცნეს. მათ შორის იყვნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
„ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც სახელებს, გვარებს. ადგებით სახლში თანამშრომლებს... თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. რა ახალი საქმე გახეთქეთ ახლა, სუს-ის შენობაში ყოფილა მოსმენების სამსახური. აბა, რა არის სუს-ი? უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა - რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას“, - ასეთი იყო გაჟონილ ფაილებზე ლილუაშვილის პოზიცია. გამოძიება პროკურატურა ამ დრომდე აწარმოებს.
ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე
„მთავარი არის წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო 10 დღე“, - ამბობს პოლიტიკოსი ანა წითლიძე. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე საგანგებო ბრიფინგი გამართა ზუგდიდის ოლქში, სადაც სუს-ის ჩართულობაზე ჰყვებოდა.
„სუს-ი მონაწილეობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, არკვევს და ადგენენ სიას, ვინ ვინ არის, როგორ დააშანტაჟონ, ვინ სად მუშაობს.
სუს-ი ახდენდა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლების კოორდინაციას, სუს იბარებდა საგადასახადოს უფროსებს, პროკურორებს, გუბერნატორებს და აძლევდა დავალებებს, სუს აძლევდა სიას სად უნდა მისულიყვნენ ძალოვნები, როგორ დალაპარაკებოდნენ, ვის წამალი სჭირდებოდა,ვინ უნდა გაეჩერებინათ.
სუს-ი უწევს კოორდინაციას კანონიერ ქურდებს. ეს უწყება ამბობს, ვინ დაიჭირონ და ვინ არ დაიჭირონ. არჩევნებს არ ატარებს ქართული ოცნება, კოორდინატორები ან შტაბი”, - ამბობს ანა წითლიძე. მან მტკიცებულებები ეუთო/ოდირს გასულ წელს მიაწოდა.
არჩევნებისთვის სუს-ის, როგორც სადამსჯელო და ზეწოლის მექანიზმებზე საუბროდა ნათია მეზვრიშვილიც, პარტიიდან „საქართველოსთვის”.
„აშკარად ცხადია, როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუს-მა, პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად, და ახლა როგორ მუშაობენ ისინი გაყალბების კვალის დასაფარად“, - თქვა ნათია მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლების ვიდეოების სერიაში, სადაც არჩევნების მონაწილე მხარეები სავარაუდო დარღვევებზე ჰყვებოდნენ.
ვარჰეი-კობახიძის საუბარი
ბევრს გაუკვირდა, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილმა „მეგობრული საუბარი“ უწოდა და გამოძიება არ დაიწყო ინფორმაციაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ივნისში გაავრცელა მისი და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბრის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.
მოგვიანებით, კობახიძემ დაამატა, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზადაა, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია მუქარაზე.
სუს-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო.
"უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლისსამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისად არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის... გამოძიების დასაწყებად არაა სათანადო მტკიცებულებები". კითხვაზე, იტყუებოდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი? - ლილუაშვილი პასუხობს: "პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ოლივერ ვარჰეიმ] გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა?"
კობახიძის და ლილუაშვილის აღქმები ვერც ახლა დაემთხვა ერთმანეთს. სადავო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ როდესაც არის გარკვეული განსხვავებული აზრები კონკრეტულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პრემიერი იღებს გადაწყვეტილებასო.
და ვინ იყო გრიგოლ ლილუაშვილისთვის თანამდებობების ცვლილებების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები? - ამ საკითხს ნათელი მოეფინებოდა, რომ არა ლილუაშვილის დუმილი. ის მედიასთან არ გამოჩენილა.
გრიგოლ ლილუაშვილის გავლენის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რაც ლილუაშვილმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერთმანეთზე იციან, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ასკვნის „ლილუაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა ჩვეულებრივი ამბავი არ არის“.
ის არ გამორიცხავს, რომ თანამდებობა ვახტანგ გომელაურმაც დატოვოს, რადგან „გომელაურია ბოლო ლეგალური ბმა ივანიშვილის კადრებთან“.