WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დანია ქვეყნიდან აძევებს რუსეთის სამხედრო ატაშეს. ეს ცნობა პრესკონფერენციაზე გაავრცელეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა და იუსტიციის მინისტრმა, ნიკოლაი ვამენმა. ატაშე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.

დანიის ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების საბოლოო მიზეზად იქცა უკრაინელ რეპერზე, კიევსტრონერზე თავდასხმის მცდელობა. თავდასხმას ამზადებდა დანიური კრიმინალური ჯგუფის, "ოჯახის ერთგულნის" ოთხი წევრი, რომლებიც დააკავეს დანიის ქალაქ შარლოტენლუნდში რეპერის 25 სექტემბერს დანიშნული კონცერტის წინ. დანიის დაზვერვის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. რუსეთი რეპერს უკრაინის უშიშროებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

თუმცა, რასმუსენის თქმით, ეს მხოლოდ ბოლო მოვლენებია რუსეთის მხრიდან გადადგმული მტრული ნაბიჯების სერიაში - მათ შორის დივერსიების თავდაცვის ობიექტებზე და ჰიბრიდული თავდასხმების დანიის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კიბერ უსაფრთხოებაზე.

"საქმე ეხება სიგნალის მიცემას. საკმარისია. ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ყველაზე გადამწყვეტი პასუხი, რომლის გაცემაც დანიას შეუძლია, ესაა ხელის არ ჩამორთმევა და უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაპირებთ გაგრძელებას" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანიაში რუსეთის ელჩს შეატყობინეს კოპენჰაგენის გადაწყვეტილება.

დანიამ წინა ჯერზე რუსეთის დიპლომატები 2023 წელს გააძევა - მოითხოვა კოპენჰაგენში მოქმედი საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება და მათი რიცხვის დაყვანა მოსკოვში დანიის დიპლომატიური მისიის მუშაკების რაოდენობამდე. მაშინ რუსეთში დააბრუნეს ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის 20 თანამშრომელი.

რეპერი კიევსტონერი - რომლის ნამდვილი სახელია ალბერტ ვასილიევი - უკრაინის და აშშ-ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და სლოვაკეთში ცხოვრობს. იგი ეფესბეს ინტერესის სამიზნეა - მას რუსეთი ბრალს სდებს კავშირში უკრაინაში დრონების კონტრაბანდასთან. თავად რეპერი ამას უარყოფს. რუსეთში ვასილიევი შეყვანილია იმ პირთა ნუსხაში, რომლებსაც ექსტრემისტულ და ტერორისტულ მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2026 წლის აგვისტოში პოლონეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, კიევსტონერზე თავდასხმას ამზადებდა.